„ბიოლოგიური იარაღი აკრძალულია, ბიოლოგიური კვლევა — არა“

ტყუილების წვიმაში, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს ახლავს თან, განსაკუთრებით მზაკვრულია ნარატივი იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინა ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად კვლევებს ატარებს. მისი გამოყენებით არა მხოლოდ ამართლებენ რუსეთის არაადამიანურ შეჭრას, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით კანონიერი ბიოლოგიური და ეპიდემიოლოგიური კვლევის დისკრედიტაციასაც ცდილობენ, რაც მთელი პლანეტის მოსახლეობის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

დოქტორი ჟან-პასკალ ზანდერსი, The Trench-ის დამფუძნებელი და დამოუკიდებელი ექსპერტი ქიმიური და ბიოლოგიური განიარაღების დარგში EUvsDisinfo-სთან ინტერვიუში საუბრობს კანონიერ ბიოლოგიურ კვლევებსა და ბიოლოგიური იარაღის შექმნას შორის არსებულ განსხვავებებზე. ის ასევე გვიხსნის, რატომ იყენებს რუსეთი მსგავს დეზინფორმაციულ ნარატივებს.

 

უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინა ბიოლოგიურ ლაბორატორიებში კვლევებს ატარებს ბიოლოგიური იარაღის შექმნის მიზნით. თქვენი აზრით, რატომ აკეთებს კრემლი ასეთ განცხადებებს?

რუსეთი დიდი ხანია ავრცელებს ასეთ ბრალდებებს უკრაინისა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების წინააღმდეგ. უკრაინის მიმართ ბრალდებები 2014 წლის შემდეგ გახდა ინტენსიური, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და ომი დაიწყო დონბასში (დონეცკსა და ლუგანსკში).

ანალოგიურ ბრალდებებს აწყდება საქართველოც თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრთან დაკავშირებით (იგივე ლუგარის ლაბორატორია – EUvsDisinfo).

ნაწილობრივ, რუსეთის მოტივაცია ყოველთვის აშშ-ს დისკრედიტაციაა, რაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ვაშინგტონის გავლენის შემცირებას ისახავს მიზნად. ბოლო დროს, როგორც ჩანს, ეს რიტორიკა რუსეთის მოსახლეობაზე გადაიტანეს, რომ შეექმნათ მტრებით გარშემორტყმული რუსეთის სახე, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას და ამიტომ, სამხედრო მოქმედებას საჭიროებს.

24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი ავრცელებს ეგრეთ წოდებულ საიდუმლო დოკუმენტებს, რომლებიც უკრაინაში ბიოლოგიური კვლევის პროექტებს ეხება (სინამდვილეში ეს ინფორმაცია ყოველთვის საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი).

დოკუმენტები წარუდგინეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოსა და ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის წევრ ქვეყნებს, რომ გაემართლებინათ შეჭრა და ყურადღება გადაეტანათ მათ მიერ ჩადენილი აგრესიის აქტებისგან. აღსანიშნავია, რომ უმაღლესმა წარმომადგენელმა განიარაღების საკითხებში, ქალბატონმა ისუმი ნაკამიცუმ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 11 მარტს განუცხადა, რომ მისთვის ცნობილია მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია ბიოლოგიური იარაღის პროგრამებთან დაკავშირებული ბრალდებების შესახებ, მაგრამ ასევე, დაამატა, რომ გაერომ არაფერი იცის უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელი პროგრამების შესახებ.

ხალხის უმეტესობისთვის ბიოლოგიური იარაღი მძაფრსიუჟეტიანი ფილმების შემადგენელი ნაწილია. სინამდვილეში რამდენად ხშირია თავდასხმები ასეთი იარაღის გამოყენებით?

ბიოლოგიური იარაღს გამოყენების ძალიან მწირი ისტორია აქვს, თუმცა ცივი ომის პერიოდში რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის, აშშ-სა და საბჭოთა კავშირს ჰქონდა კვლევისა და შემუშავების მასშტაბური პროგრამები, რომლებიც 1990-იან წლებშიც გაგრძელდა. მას შემდეგ მაინც არსებობს შიში, რომ რუსეთს ბოლომდე არ დაუხურავს ეს პროგრამები, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის მიუხედავად.

ბიოლოგიური იარაღის გამოყენება საკმაოდ ძნელია იმ სირთულეების გამო, რომლებიც უკავშირდება მის ეფექტურ გავრცელებას, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენახვას და გაშვების შემდეგ კონტროლს.

მიუხედავად ამისა, ბუნებრივი ინფექციური დაავადებები (რომლებსაც, საშუალოდ, ყოველწლიურად 20 მილიონამდე ადამიანის მოკვლა შეუძლია მთელ მსოფლიოში, რომ არაფერი ვთქვათ 1918-1920 წლებში გავრცელებულ ესპანურ გრიპზე, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 50-იდან 100 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა) და გენეტიკურ კვლევაში მიღწეული წარმატებები შეშფოთების საფუძველია სამხედრო ოპერაციებსა და ტერორისტულ აქტებში ბიოლოგიური იარაღის გამოყენების კუთხით.

 

რას ამბობს საერთაშორისო სამართალი ბიოლოგიურ იარაღზე?

დღესდღეობით ბიოლოგიურ იარაღს მთლიანად კრძალავს საერთაშორისო სამართალი. ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენცია სრულად კრძალავს ბიოლოგიური იარაღის შექმნას, წარმოებას, შენახვასა და გამოყენებას ყველა შესაძლო შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ კონვენციის არცერთ მხარეს აქვს როდესმე ბიოლოგიური იარაღის ქონის უფლება. ხელშეკრულება მოქმედებს 1975 წლიდან. გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან ერთად, რუსეთი, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე ხელშეკრულების ერთ-ერთი დეპოზიტარია (ფორმალურად, დამცველი და ადმინისტრაციული აღმასრულებელი — EUvsDisinfo).

1975 წლიდან ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის ნაწილია უკრაინაც, როგორც ერთ-ერთი საბჭოთა რესპუბლიკა. 1991 წლის 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ უკრაინას კონვენციით აკრძალული არცერთი ქმედება არ ჩაუდენიარუსეთისგან განსხვავებით.

„1991 წლის 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ უკრაინას, რუსეთისგან განსხვავებით, არ ჩაუდენია არცერთი ქმედება, რომელსაც კრძალავს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის შესახებ კონვენცია“

 

თუ ბიოლოგიურ იარაღს საერთაშორისო სამართალი კრძალავს, რატომ გვაქვს ლაბორატორიები, რომლებიც საშიშ ვირუსებთან და ბაქტერიებთან მუშაობს?

1980-იანი წლებიდან მეცნიერები ისეთი დაავადებების ეპიდემიების სიხშირისა და ინტენსივობის მნიშვნელოვან ზრდას აფიქსირებენ, რომლებიც გამქრალად ითვლებოდა ან ბაქტერიებისა და ვირუსების ახალი სახეობებითაა გამოწვეული, მაგალითად, ფრინველის გრიპი, ებოლა და დღეს უკვე COVID-19. ასე რომ, გაზრდილი რისკების გამო, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის წევრმა ქვეყნებმა გაავრცელეს მოწოდება ეპიდემიოლოგიური კონტროლის გაძლიერებისკენ და მსხვილი აფეთქებებისადმი როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე მზადყოფნისკენ. ეროვნულ დონეზე ასეთი რესურსის არსებობა ბიოლოგიური იარაღის გამოყენებით თავდასხმის აღმოჩენის შესაძლებლობასაც იძლევა. მათ მიერ გავრცელებული მოწოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციებს იმეორებს.

კონვენცია არ კრძალავს ბიოლოგიურ კვლევას პროფილაქტიკური, დამცავი და სხვა მშვიდობიანი მიზნებით. უკრაინას აქვს ბიოლოგიური კვლევის ჩატარების უფლება საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული და სხვა მშვიდობიანი მიზნებით. შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და ცალკეულ ქვეყნებს ასევე აქვთ უფლება და კონვენციის X მუხლის თანახმად, ვალდებულებაც, რომ წვლილი შეიტანონ სხვა ქვეყნებში ჩატარებულ სამუშაოში დაავადებათა აფეთქების პრევენციის მიზნით. ამას აკეთებენ ისინი უკრაინაში ზუსტად ისე, როგორც აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შემთხვევაში.

პროკრემლისტური მედია დასავლეთს აშავებს უკრაინაში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში ბიოლოგიური კვლევების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერის გამო. რატომ არის საერთაშორისო თანამშრომლობა ამ სფეროში მნიშვნელოვანი და ვინ ახორციელებს კონტროლს?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, დაავადებათა კვლევაში საერთაშორისო თანამშრომლობის აქტიურ სტიმულს იძლევა რამდენიმე შეთანხმება, რომლებსაც პოპულარიზაციას უწევენ და მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა ჯანმო.

ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის თანახმად, ქვეყნებს აქვთ უფლება, მშვიდობიანი მიზნებით გაცვალონ აღჭურვილობა, მასალები და ინფორმაცია ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) აგენტებისა და ტოქსინების შესახებ. ისინი თანამშრომლობენ დაავადების პრევენციასთან დაკავშირებული და სხვა მშვიდობიანი მიზნებით მეცნიერული აღმოჩენების გაკეთებასა და გამოყენებაში. კონვენციის წევრი ქვეყნები ხუთ წელში ერთხელ იკრიბებიან მიმოხილვით კონფერენციაზე (მეცხრე კონფერენცია დაგეგმილია 2022 წელს), რომ შეაფასონ კონვენციის სტატუსი მსოფლიოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებით.

საერთაშორისო თანამშრომლობა მთავარ როლს თამაშობს ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რადგანაც საგანგებო მდგომარეობებზე საერთაშორისო რეაგირება მეტწილად დამოკიდებულია სერიოზულ დაავადებასთან ბრძოლის მხრივ ცალკეული ქვეყნების მომზადების დონეზე. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალური სისტემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეცნიერულ-ტექნიკური თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავს ცალკეული ქვეყნების პოტენციალის განვითარებას დიაგნოსტიკის, აღმოჩენისა და ჯანდაცვის ეროვნული სისტემის ორგანიზების სფეროებში.

ამ მიზნით მსოფლიოს მასშტაბით ლაბორატორიები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, დაფინანსების მოსაპოვებლად გზავნიან კვლევით პროექტებს, აქვეყნებენ თავიანთ შედეგებს და უზიარებენ მათ პარტნიორებს.

უკრაინისთვის გაწეული მეცნიერული, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა გამონაკლისი არ არის. პირიქით, უკრაინას საშუალება აქვს, მონაწილეობა მიიღოს და სარგებელი ნახოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების გაზრდისკენ გადადგმული ნაბიჯებისგან.

„უკრაინას აქვს ბიოლოგიური კვლევის ჩატარების უფლება საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული და სხვა მშვიდობიანი მიზნებით.“

ამგვარად, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენცია, რომელიც ბიოლოგიურ იარაღს ეხება, ნამდვილად ბიოლოგიურ კვლევასა და საერთაშორისო თანამშრომლობას უწყობს ხელს?

დიახ, მშვიდობიანი მიზნების შემთხვევაში, რადგან პირველ რიგში, ჯანდაცვის კარგი ინფრასტრუქტურისა და რეაგირების პოტენციალის ქონა ბიოლოგიური იარაღის ღირებულებას ამცირებს, რაც თავის მხრივ, ამცირებს ქვეყნების სტიმულს, რომ შექმნან და შეიძინონ ისინი.

მეორეც, ის კარგად ერგება თანამშრომლობის პროგრამებს, რომლებსაც ხელს უწყობს და მხარს უჭერს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია. მთავარი ფუნდამენტური იდეა მდგომარეობს იმაში, რომ „იარაღში“ იგულისხმება დაავადების განგებ გავრცელების საშუალება. თუმცა, დაავადება იგივეა და ბუნებრივი აფეთქების შემთხვევაში მის წინააღმდეგ მიმართული სამზადისი და რეაგირებაც იგივეა.

ასევე წაიკითხეთ:

ვის ეშინია აზიური ფაროსანის?

მასობრივი მოტყუების იარაღი

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    %s

      გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

      ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      [recaptcha]

        Subscribe to the Disinfo Review

        Your weekly update on pro-Kremlin disinformation

        Data Protection Information *

        The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.

        🎵 Playlist