ინტერვიუ ნინო დოლიძესთან: საქართველოში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საარჩევნო აქტივობაა

ნინო დოლიძე სამოქალაქო აქტივისტი და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED), საქართველოში არჩევნებზე მთავარი დამკვირვებელი ორგანიზაციის, აღმასრულებელი დირექტორია. ნინო ესაუბრა EUvsDisinfo-ს „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონის სამოქალაქო საზოგადოებაზე ზემოქმედებისა და საქართველოში დეზინფორმაციისა და ინფორმაციით მანიპულაციის მზარდი გამოწვევების შესახებ.

როგორ შეაფასებდით ქართული სამოქალაქო საზოგადოების განწყობას მიმდინარე ცვლილებების, მათ შორის, „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღების ფონზე?

ქართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის ბოლო ორი თვე იოლი არ ყოფილა, რადგან მთავრობამ ხელახლა დააინიციირა ეგრეთწოდებული „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონი. აღნიშნული კანონი ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებს და უცხოური დაფინანსების მიმღებებს „უცხოური გავლენის აგენტებად“ შერაცხავს. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება“ კანონი 2023 წელს დააინიციირა, მაგრამ სახალხო პროტესტის შემდეგ უკან გაიწვია. ამჯერად, სამწუხაროდ, კანონი მიიღეს. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა (სსო) მცდელობა არ დააკლო ამ კანონის უკან გასაწვევად.

ამას რამდენიმე მიზეზი უდევს საფუძვლად. აღნიშნული კანონი პირდაპირ გავლენას იქონიებს სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ მედიაზე. ის გავლენას ახდენს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. გარდა ამისა, ის ჩვენი დემოკრატიული უკუსვლის მაჩვენებელია. ჩვენ ვიბრძოდით არამხოლოდ საკუთარი თავისა და სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენისთვის, არამედ საქართველოს საგარეო კურსის ხსნისთვისაც. ჩვენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მხარს ვუჭერთ დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების დღიდან.

საქართველოში მიაჩნიათ, რომ ქვეყანა სავალალო მდგომარეობაშია და ყველა აცნობიერებს, რომ მთავრობამ არც ქართველი ხალხის და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. ამიტომაც ახლა ყველა საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება; მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ის ორგანიზაციებიც, რომლებიც არჩევნებზე არ ფოკუსირდებოდნენ. ყველა ცდილობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის პროცესში ჩართვას, რათა გაღრმავდეს ამომრჩეველთა განათლება და გაიზარდოს არჩევნებზე დაკვირვება. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციისთვის ბრძოლის განწყობაზე ვართ. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული მომავლისთვის — ჩვენ უკან დაბრუნებას არ ვაპირებთ.

როგორ აღწერთ საქართველოში უცხოური გავლენის აგენტების კანონის ზეგავლენის შესახებ ცოდნას? აცნობიერებს ხალხის უმრავლესობა, რომ ის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას შეაფერხებს?

ჩემი აზრით, ყველა აცნობიერებს, რომ ეს კანონმდებლობა არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, არამედ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ არის მიმართული. მიუხედავად ამისა, მედია საკმაოდ პოლარიზებულია საქართველოში და ჩვენი სახელისუფლებო მედია აქტიურად იყენებს თავის პროპაგანდის მანქანას, რათა დამალოს კანონის ჩვენს ევროპულ მომავალზე უარყოფითი გავლენა. მეორეს მხრივ, ციფრული მედია აქტიურად აშუქებს რეალურ ამბებს. თვალშისაცემია, როგორ იბრძვის ქართული ახალგაზრდობა ამ კანონის წინააღმდეგ. ეს ხალხი თავისუფალ საქართველოში დაიბადა. მათ წვდომა აქვთ როგორც ქვეყნის შიდა საინფორმაციო წყაროებზე, ისე უცხოურ მედიაზე.

ცხადია, კვლავ არის ისეთი ხალხი, განსაკუთრებით, მთავრობის მომხრე მოქალაქეები, რომლებსაც მაინც სჯერათ მთავრობის გზავნილი — მოძრაობა ევროკავშირისკენ, თუმცა ღირსებით, სუვერენიტეტის დათმობის გარეშე. საბედნიეროდ, საზოგადოების უმრავლესობა აცნობიერებს რეალობას. ვფიქრობ, ამის დასტური ორთვიანი უწყვეტი პროტესტია. ამან აჩვენა, თუ რამდენად კარგად აცნობიერებს პრობლემას ქართველი ხალხი და რამდენად სურთ მათ ქვეყნის მომავლის დაცვა.

ფიქრობთ, რომ მიმდინარე მოვლენები და „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონის შედეგად შექმნილი ფონი მეტ ამომრჩეველს მიიყვანს არჩევნებზე?

ვფიქრობ, რომ მომავალ არჩევნებზე ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდება, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს საარჩევნო პროცესისა და მასში მონაწილეობის შესახებ. ეს აქამდე არ ყოფილა. მაგალითად, ბევრი ადამიანი კითხულობს, როგორ შეიცვალოს მისამართი, რადგან ისინი სხვა ქალაქიდან ან რეგიონიდან არიან და ახლა თბილისში ცხოვრობენ. ამასთან, ბევრი ემიგრანტი უკავშირდება ISFED-ს არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებული შეკითხვებით. ვცდილობთ ამომრჩეველთა საარჩევნო განათლების გაძლიერებას და არჩევნებში მონაწილეობის წამახალისებელი კამპანიების მხარდაჭერას. ვნახოთ, როგორი ოქტომბრის ბოლო გვექნება.

თქვენი ხედვით, რამდენად დიდ როლს ასრულებს დეზინფორმაცია მიმდინარე მოვლენებში?

სამწუხაროდ, საქართველოში დეზინფორმაციისა და ინფორმაციით მანიპულაციის ინტენსივობა საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით, სახელისუფლებო მედიასა და სოციალურ ქსელებში. უამრავი თანხა იხარჯება პროპაგანდასა და ინფორმაციით მანიპულაციაზე.

საქართველოში, უმეტესწილად, სოციალურ ქსელებს, განსაკუთრებით, Facebook-ს იყენებენ ინფორმაციის მისაღებად. Meta-ს 2023 წლის პირველი კვარტლის საფრთხეების შესახებ ანგარიშიდან ვიგებთ, რომ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული, არაავთენტურ კოორდინირებულ ქცევაში ჩართული, 80 ანგარიში წაიშალა. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სამთავრობო აქტორები ავრცელებენ დეზინფორმაციას და პროპაგანდას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით. ამით კარგად ჩანს პრობლემის მასშტაბი და ის, თუ რა ოდენობის თანხა იხარჯება მასზე.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც მინდა გამოვეხმაურო, არის დეზინფორმაცია, რომელიც გასული წლიდან ვრცელდება მანიპულატორი ქსელების მიერ არამხოლოდ საქართველოდან, არამედ რუსეთიდან. აღნიშნული ქსელები შექმნილია ქვეყნის გარეთ, გამოყენებული ენა და გზავნილები მთლად ქართული არ არის. ეს ანგარიშები ავრცელებს დეზინფორმაციას, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ და ამავდროულად, მხარს უჭერს სამთავრობო აქტორებს. ვშიშობთ, რომ უცხოური ინფორმაციით მანიპულაცია და ჩარევა გაძლიერდება არჩევნების დროს არამხოლოდ ადგილობრივი აქტორების მხრიდან, არამედ რუსეთისგანაც.

ფიქრობთ, რომ კანონის მიღებაში წვლილი შეიტანა დეზინფორმაციამ და ინფორმაციით მანიპულაციამ?

დიახ, ასე ვფიქრობ. ძალიან რთულია დეზინფორმაციის რეალური გავლენის გაზომვა, მაგრამ, როგორც ჩანს, პროპაგანდამ იმუშავა. მაგალითად, კანონის გარშემო აქტიურად გამოიყენებოდა სიტყვა „გამჭვირვალობა“ დეზინფორმაციული ნარატივის ფარგლებში. აღნიშნული ნარატივის მტკიცებით, მთავრობა გამჭვირვალედ მუშაობს, ხოლო კანონი იმისთვისაა საჭირო, რომ დავინახოთ რა ოდენობის თანხას იღებს და ხარჯავს ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. თუმცა ძალიან მარტივია აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა ნებისმიერი ორგანიზაციის ვებსაიტიდან, რომელზეც დეტალურად არის მოცემული რა თანხას იღებს ორგანიზაციები დონორებისგან. ჩვენ ვაქვეყნებთ ყოველწლიურ ანგარიშებს, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას წლიური ბიუჯეტისა და დანახარჯების შესახებ. ჩვენი შემოსავლის შესახებ დეკლარაციას ყოველთვიურად წარვუდგენთ შემოსავლების სამსახურს. აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არ დგას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში.

სამწუხაროდ, მთავრობა, მთავრობის მომხრე აქტორები, მედია და ეგრეთწოდებული ექსპერტები ხშირად გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ დეზინფორმაციის კამპანიების წარმოებისთვის. ცხადია, არსებობს ხალხი, რომელსაც ამის სჯერა. ვის არ სურს გამჭვირვალობა? მიუხედავად ამისა, აღნიშნული ნარატივი მაინც დაიჯერა გარკვეულმა ხალხმა. რომ შევაჯამოთ, „გამჭვირვალობის“ შესახებ ნარატივმა იმუშავა მოსახლეობის მცირე რაოდენობაზე; მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კი მალევე გააცნობიერა, რომ ეს პროპაგანდისტული ნარატივი იყო.

ვფიქრობ, საქართველო გზაგასაყარზეა ახლა და მის მომავალს ოქტომბრის არჩევნების შედეგები გადაწყვეტს. თუ მოქმედი მთავრობა გაიმარჯვებს, კანონი ძალაში დარჩება და ჩვენ მართლა გაგვაჩუმებენ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მათ შორის, ჩვენს ორგანიზაციას, მოუწევს ქვეყნის დატოვება. თუ ასე მოხდება, საქართველოს რეგრესს დაიწყებს, რადგან ყველა პროგრესული ახალგაზრდა დატოვებს ქვეყანას.

ჩვენ უკვე ვეძებთ ამ ეგზისტენციალური საფრთხის თავიდან აცილების გზებს. შესაძლოა, მთავრობამ არჩევნებამდეც დაიწყოს კანონის აღსრულება. ამ შემთხვევაში, ჩვენს ანგარიშებს გაყინავენ, დაგვაჯარიმებენ ან სხვა სახის სანქციებს დაგვაკისრებენ. ჯერ არ ვიცი, როგორ აპირებენ ჩვენი საქმიანობის მონიტორინგს. „გვესტუმრებიან“ და დოკუმენტაციისა და ტექნიკის შემოწმებას მოითხოვენ? არ ვიცით, რამდენად სურთ ჩვენი საქმიანობის შეჩერება არჩევნებისთვის. არჩევნების დაკვირვება უკვე ძალიან გართულებულია, საარჩევნო კამპანიაზე რომ არაფერი ვთქვათ.

ჩვენ ყველაზე ცუდი სცენარისთვის ვემზადებით, მაგრამ მაინც მჯერა, რომ საქართველო სწორ არჩევანს გააკეთებს. ქართველი ხალხი ყოველთვის აქტიური არ არის, მაგრამ ის ძალიან გონიერია და როცა ხვდება, რომ მის მომავალს საფრთხე ექმნება, სწორად იქცევა.

მოდი, დავუბრუნდეთ თქვენს ერთ-ერთი ანგარიშს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეთ ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის შესახებ. სხვადასხვა აქტორების, მათ შორის, საქართველოს მთავრობის, მხრიდან გაჟღერებული გზავნილები შეიცავდა ნარატივს იმის შესახებ, როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი ოჯახური და ტრადიციული ღირებულებების გადაგვარებას. სექსუალური ან გენდერული მრავალფეროვნებაც წარმოჩენილი იყო ქართული ტრადიციული ღირებულებებისთვის საფრთხედ — ეს ნარატივი, სხვათა შორის, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებშიც ფართოდ გავრცელებულია. მუშაობთ თქვენ ამგვარ დეზინფორმაციაზე?

თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ, სამწუხაროდ, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც მსგავსი ნაციონალისტური, კონსერვატიული და რელიგიური ნარატივები უპირისპირდება დასავლურ ღირებულებებს. ეს დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო ხანს ის მკვეთრად გაიზარდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა და რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. ზოგადად, ჩვენს ევროკავშირთან დაახლოებასთან ერთად იზრდება მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის ინტენსივობაც. ეს საკითხი ჩვენს პირველ ანგარიშში წამოვჭერით, რომელიც 2022 წლის ბოლო გამოქვეყნდა, როცა საქართველოში ანტი-დასავლური ნარატივის მკვეთრი ზრდა შევნიშნეთ. მთავრობამ გაგვაკრიტიკა აღნიშნული ანგარიშის თაობაზე, რადგან მასში ვამხილეთ მთავრობის ანტი-დასავლური, ადამიანთა უფლებების დაცვის საწინააღმდეგო, ანტი-LGBTQ და უმცირესობების საწინააღმდეგო კამპანიები.

ჩვენ ყველა სახის დეზინფორმაციაზე ვმუშაობთ, რომელიც ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში ვრცელდება. მათ შორისაა ანტი-LGBTQ, ანტი-გენდერული და რელიგიური ნარატივებიც. რელიგიას ხშირად იყენებენ ანტი-დასავლურ ნარატივებში — თითქოს ევროკავშირი რელიგიას გვართმევს. მაგალითს მოგიყვანთ, როცა მე პერსონალურად დამესხნენ თავს. სოციალურ მედიაში ჩემს მეგობრებს მივულოცე კათოლიკური შობის დღესასწაული. მაშინ, როცა მართლმადიდებლური შობის დღესასწაულზე არაფერი მქონდა გამოქვეყნებული, სახელისუფლებო მედია თავს დამესხა იმის გამო, რომ კათოლიკური შობა აღვნიშნე და მართლმადიდებლური — არა. ეს ძალიან სასაცილოა, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან რთულად წარმოსადგენია, რომ ეს სატელევიზიო შოუს თემად აქციეს. ჩვენ ვაკვირდებით ამგვარი ნარატივების დინამიკას და ამაზე ანგარიშებს ვაქვეყნებთ. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ამგვარი ნარატივები, მაგალითად, LGBTQ თემის წინააღმდეგ, მაინც მუშაობს. ქართველი ხალხი სინამდვილეში საკმაოდ ტოლერანტული და ადამიანთა უფლებების დაცვის მომხრეა, მაგრამ ამავდროულად ის საკმაოდ კონსერვატორი, ტრადიციული და მართლმადიდებელია. ამის გამო გარკვეული ხალხი ნარატივებზე წამოეგება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ვითარდება და დეზინფორმაციის ეფექტურობა იკლებს ათი ან ოცი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით. იგივე ხდება გენდერულ სტერეოტიპებთან დაკავშირებით. ხალხი ახლა უფრო მგრძნობიარეა გენდერული თემების მიმართ, ვიდრე ათი წლის წინ.

როგორ უნდა გამოვავლინოთ ამგვარი ნარატივები?

მეტი კვლევა და ექსპერიმენტები გვჭირდება იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ისინი, ასევე, მათ გამოსავლენად. ამჟამად, ამგვარი ნარატივების გამოვლენის ეფექტური ინსტრუმენტები არ გვაქვს. ჩვენ უბრალოდ ვაკვირდებით მათ, მაგრამ პრევენციულ მექანიზმებს არ ვფლობთ. მეტი ანალიზი გვჭირდება, რომ მათზე რეაგირება გვქონდეს. კვლევაში მეტად ინვესტირების გარდა საჭიროა ქვეყნისთვის დამახასიათებელი გამოცდილებების უკეთ გაანალიზება. საერთაშორისო პრაქტიკა ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ყველა საზოგადოებაში გასათვალისწინებელია მისთვის დამახასიათებელი ქცევა. დეზინფორმაციის გავრცელების შემდეგ რთულია მის მიერ მიყენებული რეპუტაციული ზიანის აღმოფხვრა. მოვუწოდებ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, სამეცნიერო საზოგადოებას და ექსპერტებს, რომ ერთად შევიმუშაოთ პრევენციული ზომები.

დეზინფორმაციასთან გამკლავების ძალისხმევის ფარგლებში ყოფილა ისეთი რამ, რაც გიცდიათ, მაგრამ არ გამომდგარა საქართველოში? შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ კარგი და ცუდი გამოცდილებები?

ვფიქრობ, რომ ჩვენი წინა მიდგომების შემუშავებაში შეცდომა დავუშვით. ვგულისხმობ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და დემოკრატიის მცველებს, ასევე, ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირში. სადაც კი დეზინფორმაციის მცირე ნიშნებს დავინახავდით, მყისიერად უნდა გვემოქმედა. მაგალითად, ვფიქრობ, რომ ჩვენ არასათანადოდ ვუპასუხეთ გავრცელებულ ნარატივს, თითქოს ევროკავშირი საქართველოს ომში ითრევს. ამავდროულად, მმართველი პარტია არაფრის თქმას ერიდებოდა. ჩვენ საწყის ეტაპზე უნდა გვემოქმედა და დაგვენახვებინა, რომ მსგავსი ნარატივების გავრცელება მიუღებელია. ზოგადად, ვფიქრობ, რომ დემოკრატიის უკუსვლის, დეზინფორმაციის თუ ინფორმაციით მანიპულაციის გავრცელების ნიშნების გაჩენისთანავე უნდა მოხდეს მათზე რეაგირება, რათა ნარატივები არ განივრცოს და გავრცელდეს.

როგორ შეაფასებდით საზოგადოების მოწყვლადობას, დეზინფორმაციის და ინფორმაციით მანიპულაციის გათვალისწინებით? რისკენ უნდა მიემართოს მეტი ძალისხმევა?

თუ გამოკითხვებს დააკვირდებით, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ზუსტი საზომი არ არის, ერთ მხარეს დაინახავთ საზოგადოების პროგრესულ ნაწილს, რომელსაც არ სჯერა დეზინფორმაციის და რომელიც ამოწმებს მიღებულ ინფორმაციას. მეორე მხარეს მთავრობის მომხრე საზოგადოებაა კონსერვატიული იდეებით. მესამე ნაწილია შუაში მდგომი ხალხი, რომელიც მეტ-ნაკლებად იცვლის თავის შეხედულებებსა და პოზიციას. ვფიქრობ, რომ ამ მესამე ნაწილთან მუშაობაზე უნდა ვკონცენტრირდეთ, რადგან მათზე შეიძლება დეზინფორმაციამ გავლენა იქონიოს. ადგილობრივ სკოლებში, მაგალითად, არ არის საგანი კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის შესახებ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კრიტიკული აზროვნება, ანალიზი, ფაქტების გადამოწმება საზოგადოების ამ ნაწილში და ახალი გზები ვეძებოთ მათი გაძლიერებისთვის.

ჩვენი ძალისხმევა უნდა მივმართოთ უფრო დიდ აუდიტორიის დაფარვაზეც. ჩვენი საქმიანობის დიდი ნაწილი მაინც მცირე წრეებში ვრცელდება. ის ნამდვილად ვერ აღწევს რიგით მოქალაქემდე. მესმის, რომ რიგითი მოქალაქე, რომელიც დაკავებულია ყოველდღიური რუტინით ან რომელსაც ეკონომიკური და სხვა სახის პრობლემები აქვს, არ ინტერესდება ჩვენი საქმიანობით. თუმცა უნდა ვიპოვოთ გზები, რომ ასეთი ხალხიც მოვიცვათ, რათა ავამაღლოთ მათი ცოდნა დეზინფორმაციის შესახებ.

რა სჭირდებათ ორგანიზაციებს, როგორიცაა ISFED, ახლა?

ახლა, რასაც ჩვენს საზოგადოებას ვთხოვთ, მოქნილობაა. ჩვენ დამოკიდებული ვართ დაფინანსებაზე და ჩვენი დონორები გვთხოვენ გარკვეული პროექტების დანერგვას, მაგრამ ცვალებადი ვითარების გამო, ჩვენი გეგმებიც იცვლება. გვსურს, რომ გრანტების სისტემა ხალხისგან დაფინანსების სისტემად ვაქციოთ, რათა უფრო მოქნილი ვიყოთ ბიუჯეტის კუთხით.

ვითხოვთ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და წარმომადგენლების მიმართ არსებული ფიზიკური საფრთხეების წინააღმდეგ. დემონსტრაციების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ლიდერებიც სცემეს. მე, საბედნიეროდ, გადავრჩი, მაგრამ მოძალადე ხალხი ISFED-ის ოფისთან და ჩემს სახლთანაც კი მოვიდა პოსტერებზე წარწერით „ქვეყნის მოღალატე“. ისინი უშუალოდ ჩემს კართან მოვიდნენ და სიტყვიერად იძალადეს ჩემზე და ჩემს ორ შვილზე. აქ ხომ მხოლოდ მე არ ვარ, აქ არიან მამაჩემი, ჩემი დები, ჩემი შვილები.

სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების და ლიდერების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მაღალი დონის განცხადებები, ვიზიტები და ამგვარი ვიზიტების შესახებ კომუნიკაცია ნამდვილად მუშაობს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ უჭერს მხარს საზოგადოება დემოკრატიის მცველებს. განსაკუთრებით არჩევნების წინა პერიოდში. თავდასხმები გაგრძელდება არამხოლოდ ჩემი და ჩემი ორგანიზაციის წინააღმდეგ, არამედ რეგიონებისა და სოფლების მოსახლეობის წინააღმდეგაც. ძალიან მკაფიო გზავნილები გვჭირდება არჩევნების შესახებ, არადიპლომატიურ ენაზე. ჩვენ გვესმის დიპლომატიური ენა, მაგრამ ყველას არ ესმის ის. ისევ და ისევ, საფუძველშივე უნდა დავუპირისპირდეთ არადემოკრატიულ ნარატივს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    %s

      გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

      ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      [recaptcha]

        Subscribe to the Disinfo Review

        Your weekly update on pro-Kremlin disinformation

        Data Protection Information *

        The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.

        🎵 Playlist