კრემლს არ ასვენებს სიკვდილისა და განადგურების დაუოკებელი წყურვილი
როგორც ჩანს, სიკვდილის ავადმყოფური კულტი მეფობს კრემლში, სადაც ზარ-ზეიმით აღნიშნავენ სიკვდილს, ნგრევასა და ენით აუწერელ ადამიანურ ტანჯვას.
პროკრემლისტური სადეზინფორმაციო საშუალებები ენით აუწერელ ადამიანურ ტანჯვას ისევ განთავისუფლებას უწოდებენ, ხოლო რუსების ხელში დროებით მოხვედრილ ნანგრევებს — დიადი გამარჯვების სიმბოლოს. ანალოგიურად, კრემლის პროპაგანდისტებს ბევრი არ უყოყმანიათ და სამხედრო სამიზნის წინააღმდეგ ქირურგიული სიზუსტით შესრულებული დარტყმა უწოდეს სავაჭრო ცენტრზე ტერორისტულ შეტევას, რომელიც საბჭოთა კავშირის დროინდელი, ერთტონიანი ქობინების მქონე ფრთოსანი რაკეტებით განხორციელდა. პროპაგანდისტების გუნდს შეუერთდნენ ეგვიპტეში მყოფი რუსი რუპორები, რომლებმაც დეზინფორმაციის გავრცელება სცადეს: თითქოს დარტყმის შედეგად შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების საწყობები განადგურდა.
ამ დროს საერთაშორისო საზოგადოება ყველაფერს თავის სახელს არქმევს — რუსეთის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს სამოქალაქო სამიზნეზე კრემენჩუკში, რამაც მასშტაბური ნგრევა გამოიწვია და მინიმუმ 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს, შესაძლოა, ომის დანაშაული იყოს.
კრემენჩუკზე განხორციელებული დარტყმიდან რამდენიმე დღის თავზე და სტრატეგიულად მნიშვნელოვან კუნძულ ზმიინის სამარცხვინო დატოვებიდან ერთი დღის შემდეგ, რაც კრემლის პროპაგანდამ „კეთილი ნების“ ჟესტად მონათლა, რუსეთის საჰაერო ძალები ისევ დაბომბვის ტერორისტულ ტაქტიკას დაუბრუნდნენ.
ოდესის რეგიონში სერჰიივკის ზღვისპირა დასახლება შუაღამით დაბომბეს ფრთოსანი რაკეტებით, რის შედეგადაც საკუთარ საწოლში მინიმუმ 19 ადამიანი დაიღუპა და გაცილებით მეტი დაიჭრა. როგორც მოსალოდნელი იყო, კრემლის დიდაქტიკურმა აპარატმა სერჰიივკაზე დარტყმის საზარელი შედეგები სტანდარტულად უარყო და გრაფიკული მტკიცებულებების მიუხედავად, დაიწყო მტკიცება, რომ თითქოს რუსეთის შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს უტევენ.
უახლოეს მომავალში ტერორის შეწყვეტის ლოგიკური საფუძველი არ არსებობს, რადგან, როგორც ჩანს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დეზინფორმაციას ავრცელებს უკრაინული „ფაბრიკაციების“ შესახებ იმ მიზნით, რომ მოსახლეობა მოამზადოს სამოქალაქო პირებზე რუსეთის მხრიდან უფრო მეტი დარტყმისთვის და ამავდროულად, ბრალი უკრაინელებზე გადაიტანოს წინასწარ. დეზინფორმაცია მარჯვედ გამოაქვეყნეს საღამოთი მას შემდეგ, რაც სერჰიივკაში რუსეთმა შეტევა მიიტანა სამოქალაქო პირებზე.
დაბომბილი ნანგრევების სახით რუსეთს ხელში ჩაუვარდა დონბასის ტყუპი ქალაქები, სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი, მაგრამ ამან კრემლს სისხლის წყურვილი ვერ დაუკმაყოფილა. დიდი მსხვერპლის ფასად მიღებული უმნიშვნელო მიღწევები უდიდეს გამარჯვებად გამოაცხადეს როგორც კრემლის დერეფნებში, ისე კოსმოსში, რაც კოსმოსური სადგურის სულისკვეთების აშკარა დარღვევაა.
სადღესასწაულო განწყობა მალევე გაფუჭდა, როცა პუტინმა გეგმის მიხედვით შეტევის გაგრძელების ბრძანება გასცა და პატრუშევმა თუთიყუშივით გაიმეორა ომის მაქსიმალისტური მიზნები. ეს უეჭველად გულისხმობს კიდევ უფრო მეტი ქალაქის მიწასთან გასწორებას, სამოქალაქო სამიზნეების უწესრიგო დაბომბვას და კრემლის უწყვეტ პროპაგანდას, რომელიც ჩადენილი სისასტიკეების ახსნასა და გამართლებას შეეცდება. თუ რუსეთი, ნარიშკინის სიტყვებით რომ ვთქვათ, თავისი „ისტორიული მომავლისთვის“ იბრძვის, როგორც ჩანს, მომავალი მათთვის სიკვდილისა და განადგურების მეტს არაფერს ნიშნავს.

სხვა დეზინფორმაციული ახალი ამბები:
- პოლონეთი წარმოსახვით რუსულ საფრთხეს იყენებს მილიტარიზაციის გასამართლებლად. არა, პოლონეთის არმიის მიმდინარე მოდერნიზაცია და კომპლექსური სამხედრო აღჭურვილობის შეძენა წარმოადგენს პოლონეთის რეაქციას უსაფრთხოების სფეროში გაჩენილი სავსებით რეალური კრიზისისადმი, რომელიც რუსეთმა ევროპაში შექმნა.
- უკრაინაში მიმდინარე ომი რუსი ხალხის გაერთიანებას უკავშირდება. რა თქმა უნდა, არა. „სრულიად რუსი დიდი ერის“ ნარატივი არსებითად რასისტულია და ეფუძნება რუსულ იმპერიულ და რევანშისტულ იდეოლოგიას, რომლის მიზანია უკრაინელების ეროვნული იდენტობის დასუსტება და ასევე, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრა.
- ნატო რუსეთს უკრაინელების ხელით ებრძვის. არა, ასე მხოლოდ რუსული პროპაგანდა მიიჩნევს. ნატო, როგორც ორგანიზაცია უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში არაა ჩართული და არც დასავლეთი ეომება რუსეთს თუ რუსებს. ნატოს შესახებ უფრო მეტ რუსულ მითს შეგიძლიათ, გაეცნოთ აქ.