„ყოველი ჩემი გადაცემა ბოლო შეიძლება აღმოჩნდეს“
სერგეი პარხომენკო ვეტერანი რუსი ჟურნალისტია და რადიო „ეხო მოსკვიზე“ ყოველკვირეულ ტოქშოუს უძღვება. ის ავტორიტეტული პოლიტიკური კომენტატორია და ცნობილია არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლით. EUvsDisinfo-სთან ინტერვიუში ის აანალიზებს სამოქალაქო აქტივიზმის წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლების მიერ გაჩაღებულ ხანგრძლივ კამპანიას და წარმოუდგენელ სიძნელეებს, რომლებსაც ჟურნალისტები აწყდებიან თანამედროვე რუსეთში.
ჟურნალისტისა და რედაქტორის როლში თქვენ ყურადღებით აკვირდებოდით ბოლო 30 წლის განმავლობაში მედიის განვითარებას რუსეთში. რა ძირითადი ტენდენციები აღმოაჩინეთ ამ პერიოდში?
ვიტყოდი, რომ ყველაზე მთავარი ტენდენციაა რუსეთის მთავრობის მცდელობა, სრულად გააკონტროლოს მედიაგარემო ქვეყანაში. მათი აზრით, მედიაბაზარი მთლიანად უნდა განადგურდეს და მედიას უნდა წაერთვას დამოუკიდებლად არსებობისთვის საჭირო ყოველგვარი ეკონომიკური საფუძველი. ზუსტად ამიტომ, მთავრობა ცდილობს სადისტრიბუციო და სარეკლამო ბაზრების გაკონტროლებას, რადგან ესენია ნებისმიერი საინფორმაციო საშუალების შემოსავლის ძირითადი წყარო.
მედია დღითიდღე უფრო ინტენსიურად გადადის მხოლოდ ონლაინ პლატფორმებზე და სახელმწიფოც ინტერნეტის გაკონტროლებას ცდილობს. მათ სურთ, შექმნან სიტუაცია, რომელშიც საინფორმაციო საშუალებების არსებობის ერთადერთი საშუალება სახელმწიფოსთან კონტრაქტის დადება იქნება — სახელმწიფო შეუკვეთს ამა თუ იმ სამუშაოს ამა თუ იმ თემაზე.
ეს დიდი ხანია ხდებოდა რუსეთის რეგიონებში, სადაც გამონაკლისის გარეშე ყველა მედიასაშუალება მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქვს ხელშეკრულება დადებული. ისინი დაფინანსებას რეგიონის ბიუჯეტიდან იღებენ და მთლიანად ხელისუფლებას ემორჩილებიან. მათ სრულად აკონტროლებენ. ეს საინფორმაციო საშუალებები შეიძლება არ იყვნენ სახელმწიფოს საკუთრებაში, მაგრამ ადგილობრივი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე არსებობენ.
პუტინისა და რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის აზრით, ეს იდეალური სქემაა. მათ ამ სქემის გაფართოება სურთ, რათა მედიის არსებობა შესაძლებელი იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სახელმწიფოსთან რამე ურთიერთობა აქვს. ჟურნალისტები ცდილობენ, წინააღმდეგობა გაუწიონ ამას, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და ისეთი მედიასაშუალებების შექმნის შესაძლებლობა, რომლებიც იქნება თავისუფალი, ავტონომიური, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი, დაფინანსების საკუთარი წყაროების მქონე და ეკონომიკურად თვითკმარი.
ჩემი აზრით, სწორედ ეს ბრძოლა არის რუსეთის მედიასივრცეში ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის მთავარი არსი. უკეთ რომ ვთქვათ, ბოლო 20 წლის განმავლობაში, რადგან ეს ყველაფერი დაიწყო 2000 წელს, როცა დაინგრა „მედია-მოსტი“ — იმ დროისთვის ყველაზე დიდი რუსული მედიაკომპანია.
„უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონმა კიდევ უფრო გაამძაფრა ეს ბრძოლა და ძლიერი დარტყმა მიაყენა როგორც დამოუკიდებელ საინფორმაციო საშუალებებს, ისე დამოუკიდებელ ჟურნალისტებს. რა გავლენა მოახდინა ამ კანონმა მედიაგარემოზე და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?
კანონის მიზანია, რუსულ საინფორმაციო საშუალებებს ჩამოართვას კომერციული უფლებები, ხოლო რუს ჟურნალისტებს — სამოქალაქო უფლებები, რომლებიც სხვა კანონებითა და კონსტიტუციით არის გარანტირებული. კანონი ისეა შედგენილი, რომ თითქოს სხვა კანონებს აუქმებს და მათზე აღმატებულია. მოქალაქეებს აქვთ ისეთი უფლებები, როგორიცაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, კომუნიკაციის კონფიდენციალურობა, საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობა, საბანკო ოპერაციების კონფიდენციალურობა და ა.შ.
კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ ყველა ამ უფლებას აუქმებს. ის ქმნის სიტუაციას, რომელშიც „უცხოეთის აგენტებად“ მონათლული პირების უფლებები ილახება. მათ მუდმივად უნდა წარადგინონ ანგარიში ყველა ნაბიჯის შესახებ, ეზღუდებათ გარკვეულ საქმიანობებში ჩართვა და ზოგიერთი პროფესიით საქმიანობა. ბევრ შემთხვევაში ასევე იზღუდება მათი გადაადგილების თავისუფლება.
ეს კანონი ანგრევს მედიასაშუალებების, როგორც კომერციული საწარმოების უფლებებს და რუსეთში მცხოვრები ადამიანების სამოქალაქო უფლებებს. ის შექმნილია როგორც ჩაგვრის ინსტრუმენტი. სწორედ ესაა მისი ერთადერთი მიზანი.
წინა წელს ბევრმა რუსმა ჟურნალისტმა დატოვა ქვეყანა. დღეს უკვე საზღვარგარეთიდან მუშაობენ მთელი რედაქციები. როგორ ფიქრობთ, დევნილობაში მყოფი მედიასაშუალებები შეძლებენ რუსეთის აუდიტორიისთვის ხარისხიანი და აქტუალური ინფორმაციის შეთავაზებას გრძელვადიან პერსპექტივაში?
ჩვენ ვიცით, რომ რუსული მედიასაშუალებები დევნილობაში მუშაობდნენ მე-19 საუკუნის მიწურულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ახლა სიტუაცია სრულიად განსხვავებულია და არ ვიცი, გადარჩებიან თუ არა მედიასაშუალებები ასეთ პირობებში გრძელვადიან პერსპექტივაში. შესაძლოა, რამდენიმე თვეში ან წელში აღმოჩნდეს, რომ ეს მედიასაშუალებები ვერ ფუნქციონირებენ, რადგან მოწყვეტილნი არიან მკითხველებს და მათ ენობრივ გარემოს და ამის გამო, იძულებულნი არიან დაიხურონ. ასევე, შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ დისტანციურად გადარჩენა შესაძლებელია ინტერნეტის წყალობით. დრო გვიჩვენებს.
უკვე რამდენიმე წელია, „ეხო მოსკვიზე“ ყოველკვირეული ტოქშოუ მიგყავთ და საკუთარ შეხედულებებს თავისუფლად გამოთქვამთ. როგორ ფიქრობთ, სიტყვის თავისუფლების ასეთი „კუნძულები“ გააგრძელებენ არსებობას რუსეთში? როგორ ხედავთ თქვენი, როგორც ჟურნალისტის მომავალს რუსეთში?
არც ეს ვიცი. უკვე რამდენიმე წელია ისე ვმუშაობთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ საფრთხეს — ბოლო შეიძლება იყოს ჩემი ნებისმიერი გადაცემა, რომელიც პარასკევს საღამოს 9 საათზე გადის. ვაცნობიერებ, რომ მომდევნო გადაცემა შეიძლება არც შედგეს.
დამშვიდობებისას მსმენელებს ყოველთვის ამას ვეუბნები: „ისევ შევხვდებით, იმედი მაქვს, მომავალ პარასკევს, საღამოს 9 საათზე“. მართლა ამის იმედი მაქვს. ერთ დღეს შეიძლება მითხრან, რომ ჩემი პროგრამა გაუქმებულია, რადიოსადგურს ახალი „პროფილი“ და ინტერესები აქვს და ჩემი მომსახურება უკვე არ სჭირდებათ.
არ ვიცი, რამდენი ხანი იარსებებს „ეხო მოსკვი“ და როგორც თქვენ უწოდებთ, სიტყვის თავისუფლების სხვა მსგავსი კუნძულები — ესენი რუსეთში მოქმედი მედიასაშუალებების გამონაკლისი მაგალითებია, როგორიცაა, მაგალითად „დოჟდი“ ან „ნოვაია გაზეტა“ და კიდევ რამდენიმე საშუალება.
თუმცა, ინტერნეტი ყველაფრის ფორმას ცვლის. დღესდღეობით ინტერნეტში ვხედავთ შესამჩნევი რაოდენობის ახალ, მობილურ და ენერგიულ ონლაინ მედიასაშუალებებს, რომლებიც საგამოძიებო ჟურნალისტიკით არიან დაკავებულნი. ჯერჯერობით მათ შეუძლიათ არსებობა. თუმცა, აქამდე მსგავსი საშუალებები რუსეთში მყოფი ჟურნალისტების დახმარებით მუშაობდნენ. რუსეთის დატოვება ჟურნალისტების სულ უფრო მზარდ რაოდენობას უწევს, რასაც ისევ წინა შეკითხვამდე მივყავართ: არ ვიცი, ეს ჟურნალისტები და მედიასაშუალებები შეძლებენ თუ არა მუშაობის ასე გაგრძელებას გრძელვადიან პერსპექტივაში. ვნახავთ.
რაც შეეხება ჩემი პირადი მომავლის პროგნოზს, ვფიქრობ, მეც მომიწევს, გავხდე ჟურნალისტი, რომელიც მხოლოდ ონლაინ მუშაობს. ფსონს YouTube-ზე ვდებ. ვფიქრობ, პერსპექტივა აქვს და YouTube-ზე შესაძლებელია მსმენელებისა და მნახველების შემოკრება პირადი YouTube-არხის გარშემო. არ ვიცი, გამომივა თუ არა ეს საქმე.

რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ლოგო.
როგორია მუშაობა ასეთ პირობებში, განსაკუთრებით, ფსიქოლოგიური კუთხით, როცა არ იცით, რა იქნება ხვალ? როგორც ჟურნალისტების, ისე მედიასაშუალებების შემთხვევაში ბიზნესის, განვითარების რამე გეგმა ხომ საჭიროა?
ფსიქოლოგიურად ეს მარტივი არ არის. დამატებით ძალისხმევას მოითხოვს და მხოლოდ მოკლევადიანი გეგმის შედგენის საშუალებას იძლევა. გრძელვადიან პერსპექტივაზე ვერაფერს გავთვლით. სამწუხაროდ, რუსი ჟურნალისტების სამუშაო პირობები ამჟამად ასეთია. ჟურნალისტებს მათი შეცვლა არ შეუძლიათ. ეს პირობები მათ პოლიტიკურმა გარემომ შეუქმნა და საჭიროა, მაქსიმალურად ეფექტურად ვიმუშაოთ ამ გარემოში.
ჟურნალისტიკის გარდა, თქვენ ასევე ცნობილი ხართ სამოქალაქო აქტივიზმით, მათ შორის, 2011 და 2012 წლებში არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ქუჩაში პროტესტის ორგანიზებაში შეტანილი წვლილით. წელსაც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ქუჩაში არავინ გამოსულა. რა მოხდა?
ის ფაქტი, რომ წელს ვერაფერი ვიხილეთ მოულოდნელი სულაც არ არის. ეს 2011 და 2012 წლების შემდეგ დაწყებული ევოლუციის შედეგია. რუსეთის ხელისუფლება მაშინ ძალიან შეაშინა პროტესტმა და ყველა საპროტესტო აქტივობის აღმოსაფხვრელად დიდი ძალისხმევა მიმართეს. ეს საკანონმდებლო დონეზე გაკეთდა.
მას შემდეგ უამრავი კანონი გაჩნდა. კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ უბრალოდ ერთ-ერთი მათგანია. ახლა უკვე არსებობს კანონები, რომლებიც მკაცრად ზღუდავს სხვადასხვა ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და ართულებს სამოქალაქო პროექტებისთვის აუცილებელი შემოწირულებებისა და სახალხო დაფინანსების მიღებას. ზოგიერთმა კანონმა სხვადასხვა სადამსჯელო ორგანოს ხელ-ფეხი გაუხსნა და ადამიანების თვალთვალი, იძულება და დაშინება უფრო ადვილი გახდა. ზოგიერთი კანონი მნიშვნელოვნად ართულებს კომუნიკაციას, რადგან სასამართლოს ნებართვის გარეშე, თვითნებური გადაწყვეტილების საფუძველზე საიტების დაბლოკვის საშუალებას აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს.
ამასთან ერთად, ამ პერიოდში მასობრივი გახდა იძულება და დაშინება. უამრავი ადამიანი დააკავეს. ზოგი ადმინისტრაციული წესით დააპატიმრეს, ზოგი — 10, 20 ან 50 დღით, ხოლო სხვები — რამდენიმე თვით ან წლით. ფართოდ გამოიყენება შინაპატიმრობა, ისევე როგორც გარკვეული სახის საქმიანობის შეზღუდვა — მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ადამიანს ეკრძალება მობილური ტელეფონით სარგებლობა, ინტერნეტის გამოყენება, ადამიანებთან საუბარი ან სახლის დატოვება.
დაბოლოს, საპროტესტო გამოსვლების დროს ადამიანებს სცემენ. ასე არ ხდებოდა 2011 და 2012 წლებში, მაგრამ დღეს უკვე ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა რუსეთის ეროვნული გვარდია, რომელსაც ძალიან ფართო უფლებამოსილება მიენიჭა და მისი წევრები სიკვდილამდე სცემენ ადამიანებს ქუჩებში. ასე რომ, ადამიანები არიან დაშინებულები, დემორალიზებულები და ბევრი სასოწარკვეთამდეა მისული. ეს არის მიზეზი, რატომ შეწყდა ფაქტობრივად საპროტესტო გამოსვლები რუსეთში — მთავრობამ მათ ჩასახშობად ძალიან მკაცრ მეთოდებს მიმართა. მათ მიზანს მიაღწიეს.