შავი დღე მედიისთვის და თავისუფალი სიტყვისთვის რუსეთში (განახლების თარიღი: 7 მარტი)

4 მარტს რუსეთის პარლამენტმა ერთხმად და რეკორდული სიჩქარით მიიღო კანონი „რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელების შესახებ“. კანონი დრაკონულ სასჯელს ითვალისწინებს ყველასთვის, ვინც კრიტიკულ აზრს გამოთქვამს ან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს პუტინის ომს უკრაინაში. 5 მარტიდან კანონი ვრცელდება „როსგვარდიის“ კრიტიკაზეც. „როსგვარდია“ პუტინის სამსახურში მყოფი 300 ათასი მილიციელისგან შემდგარი ძალაა, რომლის ნაწილი ახლა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებს.

ამ კანონის დარღვევაში ბრალდებულ მოქალაქეებს ემუქრებათ ჯარიმა 1,5 მილიონამდე რუბლის ოდენობით (10000-იდან 13000-მდე ევრო, ვალუტის გაცვლითი კურსის შესაბამისად) და 15 წლამდე პატიმრობა ციხეში ან შრომით ბანაკში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ომი გააკრიტიკეს ან გაავრცელეს ხელისუფლების მიერ „ყალბად“ მიჩნეული ინფორმაცია, ანუ, ნებისმიერი რამ, რაც მთავრობის ოფიციალური პოზიციისგან განსხვავდება.

კანონი ეხება რუსეთის ყველა რეზიდენტს: როგორც რუსეთის, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეებს.

რუსეთის კონტექსტში ასეთი კანონმდებლობა გზას უხსნის თითქმის შეუზღუდავ ცენზურასა და თვითცენზურას. ეჭვგარეშეა, რომ ეს მიგვიყვანს განსხვავებული აზრის კიდევ უფრო მეტად ჩახშობამდე რუსეთში და წარმოადგენს მედიისა და სოციალური მედიის ყველაზე სასტიკ შეზღუდვას პოსტსაბჭოთა რუსეთში.

კომპანიის ლიკვიდაცია გაზპრომის აქციონერის მიერ, ეთერისა და ქსელის გარეშე დარჩენილები

კანონის ტენდენცია უკვე ნათელია. უკანასკნელი დამოუკიდებელი რადიოსადგურის, კარგად ცნობილი და დაბალანსებული „ეხო მოსკვის“ ვებკონტენტის წაშლა მკაცრი სასჯელის მუქარის ქვეშ განხორციელდა. ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე რადიოსადგური ეთერიდან მოხსნა რუსეთის სახელმწიფო მედიასააგენტომ, „როსკომნადზორმა“. „გაზპრომ-მედიის“ აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელმა (დიახ, ნამდვილად სახელმწიფო გაზის კომპანია „გაზპრომზე“ ვსაუბრობთ) კომპანიის დახურვა გადაწყვიტა, რაც ცხადია, რომ პოლიტიკურ ლიკვიდაციას წარმოადგენს.

„ეხო მოსკვის“ მთავარი რედაქტორის, ალექსეი ვენედიქტოვის საპროტესტო განცხადების ბმული უკვე ხელმიუწვდომელია.

თვითცენზურა

„ნოვაია გაზეტამ“, რომელმაც 2021 წელს თავის მთავარ რედაქტორთან, დმიტრი მურატოვთან, ერთად ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში, გამოაქვეყნა შეტყობინება და მკითხველს აცნობა, რომ საკუთარი თანამშრომლების დასაცავად ვებსაიტიდან და სოციალურ მედიაში არსებული ანგარიშებიდან წაშლის უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომთან დაკავშირებულ ყველა მასალას. უფრო ადრეულ პუბლიკაციებში „ნოვაია გაზეტა“ არ ერიდებოდა ომის გაშუქებას და ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა შეჭრა, ომი, დაბომბვა, მსხვერპლი და ა.შ. 4 მარტის მდგომარეობით, „ნოვაია გაზეტა“ ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი იყო რუსეთიდან.

სოციალური ქსელები, სოციოლოგიური გამოკითხვები, უცხოური მედია ჩვეულებრივი ხალხი; ყველა მისახედია!

წლების განმავლობაში რამდენიმე ათასი რეგულარული მომხმარებლის მქონე სოციალური მედიის პლატფორმები და ახალი ამბების აგრეგატორები, კანონის მიხედვით, მედიად მიიჩნეოდა რუსეთში. აქედან გამომდინარე, კანონის ლოგიკის თანახმად, პლატფორმებმა უნდა გააკონტროლონ პუბლიკაციები და წაშალონ მასალა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სხვადასხვა სასჯელი ემუქრებათ.

ეს კანონი ასევე ვრცელდება ორგანიზაციებზე, რომლებიც ატარებენ კვლევებს და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს. მათ მიერ დასმული შეკითხვები უკრაინაში გაჩაღებული ომის კრიტიკად შეიძლება მიიჩნიონ.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა გავლენას მოახდენს ეს რუსეთში მომუშავე უცხოურ მედიასა და ჟურნალისტებზე. პრინციპში, კანონს არ აქვს შეზღუდვები და აქედან გამომდინარე, გავრცელდება ყველაზე, ვინც რუსეთის ტერიტორიაზე ან მის იურისდიქციაში იმყოფება. უკვე გვაქვს იმის მაგალითები, თუ როგორ ზღუდავენ რუსეთში ყოფნისას თავიანთ პუბლიკაციებს უცხოელი, მაგალითად, Le Monde-ის კორესპონდენტები Twitter-ზე, ხოლო სხვები რუსეთში ჟურნალისტების მუშაობას საერთოდ აჩერებენ BBC-ს მსგავსად.

განახლება (7 მარტი): რუსეთში მომუშავე წამყვანი დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, როგორც რუსული, ისე უცხოური, საინფორმაციო საშუალებები ნაწილობრივ ან მთლიანად დაბლოკეს. ახალი კანონის მიღების გამო, მათ გაათავისუფლეს თანამშრომლები და შეამცირეს ან შეწყვიტეს მუშაობა.

ამავდროულად, 4 და 5 მარტს „როსკომნადზორმა“ რუსეთში დაბლოკა Facebook და მოგვიანებით Twitter-იც. ეს შეეხება მილიონობით მომხმარებელს, რადგან Facebook რუსეთში დომინანტური პლატფორმაა. ბიზნესწრეებში პოპულარობით სარგებლობს Twitter-იც.

ამის პარალელურად, 4 მარტს პუტინმა ხელი მოაწერა კიდევ ერთ კანონს „უცხოელების შესახებ, რომლებიც რუსების ფუნდამენტურ უფლებებს არღვევენ“. კრემლიდან ყველა მიმართულებით მოედინება კანონებისა და რეგულაციების ნიაღვარი.

ყველა ეს დრაკონული კანონი ერთ მკაფიო გზავნილს შეიცავს: პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის შესახებ არ შეიძლება არსებობდეს განსხვავებული აზრი.

მოკლე შეკითხვა

ახლა ცოტა თუ გაბედავს, შეკითხვა დაუსვას პუტინსა და კრემლს: — რატომ გამოიწვია თითქოს „დონბასის დაცვის მიზნით ჩატარებულმა შეზღუდულმა ოპერაციამ“ თანამედროვე რუსეთის ისტორიაში ყველაზე სასტიკი ცენზურა და პირადი თავისუფლებების შეზღუდვა?

რატომ? საბჭოთა დროინდელი, ჯერ კიდევ კრემლთან აფილირებული სოციოლოგიური ცენტრის, „ვციომის“* მიერ 4 მარტს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რუსების 70% მხარს უჭერს პუტინს და 74% ეთანხმება მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. რატომ არ შეიძლება, რომ ამ სიხარულის გამოხატვა ხალხმა Facebook-ზე შეძლოს?

და რუსეთის კონსტიტუცია…?

მოდი ეს სტატია დავასრულოთ რუსეთის კონსტიტუციის 29-ე მუხლით

  1. ყველას აქვს გარანტირებული აზრისა და სიტყვის თავისუფლება.
  2. დაუშვებელია პროპაგანდა ან აგიტაცია, რომელიც იწვევს სოციალურ, რასობრივ, ეროვნულ ან რელიგიურ სიძულვილსა და შუღლს. აკრძალულია სოციალური, რასობრივი, ეროვნული ან ენობრივი აღმატებულობის პროპაგანდა.
  3. დაუშვებელია ნებისმიერი პირის იძულება, გამოთქვას საკუთარი აზრი და შეხედულება ან უარი თქვას მათზე.
  4. ყველა ადამიანს აქვს ნებისმიერი კანონიერი საშუალებით ინფორმაციის თავისუფლად მოძიების, მიღების, გადაცემის, წარმოებისა და გავრცელების უფლება. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას განსაზღვრავს ფედერალური კანონი.
  5. გარანტირებულია მასობრივი ინფორმაციის თავისუფლება. ცენზურა აკრძალულია.

იხ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელის განცხადება.

*„ვციომი“ შეიქმნა ყოფილი საბჭოთა კავშირის სოციალურ საქმეთა სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების ბაზაზე.

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    %s

      გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

      ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      [recaptcha]

        Subscribe to the Disinfo Review

        Your weekly update on pro-Kremlin disinformation

        Data Protection Information *

        The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.

        🎵 Playlist