ძალადობის მომხრეები
- Read this article in:
- en
- ge
პროკრემლისტური საინფორმაციო საშუალებები როგორც სიძულვილის ენის გამაძლიერებლები საქართველოში
კრემლთან დაახლოებული საინფორმაციო საშუალებების მიერ ლგბტ+ ღირსების კვირეულის წინააღმდეგ წარმოებულმა კამპანიამ ნოყიერი ნიადაგი შექმნა ძალადობრივი დემონსტრაციებისთვის. ანტილიბერალური, ულტრაკონსერვატიული და პროკრემლისტური აქტორები ღირსების კვირეულის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ანტიდასავლურ ბრალდებებს აჟღერებდნენ, მათ შორის, თითქოს დასავლეთი საქართველოს ჰომოსექსუალობას ახვევს თავს. პროკრემლისტური საინფორმაციო საშუალებები ანტიდასავლურ განწყობებს აძლიერებდნენ და „ღირსების მარშის“ ჩატარების გეგმებს უცხოეთის მხრიდან აგრესიად წარმოაჩენდნენ. აგრესიამ ორგანიზატორები აიძულა, ღონისძიება გაეუქმებინათ.
„თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარების დღეს, 5 ივლისს თბილისის ქუჩები ძალადობრივმა ანტი-ლგბტ+ ჯგუფებმა მოიცვა. ისინი თავს დაესხნენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს და რამაც მატერიალური ზიანი და ფიზიკური დაზიანებები გამოიწვია. საბოლოო ჯამში, ძალადობრივი შეტაკებების დროს თავს დაესხნენ 55 ადამიანს, მათ შორის, მედიის 53 წარმომადგენელს, ხოლო უცხოეთის ერთი მოქალაქე საყურის ტარების გამო დაჭრეს ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმის დროს. მოგვიანებით, 11 ივლისს მოულოდნელად გარდაიცვალა „ტვ პირველის“ ოპერატორი, რომელსაც ანტი-ლგბტ+ ძალადობის დროს დაესხნენ თავს. ამ შემთხვევამ ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების პროტესტი გამოიწვია, ხოლო სამოქალაქო ორგანიზაციებმა მთავრობას პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდეს.
ძალადობა, ასევე, დაგმეს ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საელჩოებმა. „ამნესთი ინთერნეიშენალის“ დირექტორის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში ამ ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძალადობა კიდევ ერთხელ წაახალისა მთავრობის მიერ „თბილისი პრაიდის“ დაუცველობამ. ფაქტს, ასევე, გამოეხმაურა „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ და მთავრობას ყველა ძალადობრივი ქმედების გამოძიებისა და დაგმობისკენ მოუწოდა.
თავდასხმის დაგეგმვა
ანტიდასავლურ ნარატივებს ავრცელებდა პროკრემლისტური საინფორმაციო საშუალება „ალტ-ინფო“. მისი წამყვანები „პრაიდის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ და ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების მიზნით წინააღმდეგობრივ გზავნილებს ავრცელებდნენ. პირველი გზავნილები “პრაიდის” დაგეგმილ ღონისძიებამდე ერთი თვით ადრე გაჩნდა და მდგომარეობის დაძაბვას შეუწყო ხელი:
„ალტერნატივა საქართველოსთვის“ [არასამთავრობო ორგანიზაცია, დარეგისტრირებული ალტ-ინფოს წამყვანების მიერ] და „ალტ-ინფო“ თავისთავად, ცხადია, ხალხის მობილიზებას დაიწყებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან, ძალიან ბევრი ვიქნებით. ეგენი ვერ ჩაივლიან კი არა, აზრადაც ვერ გაივლებენ, რომ იქ შეიძლება ეგეთი რამე მოხდეს. ვერავინ მათ ვერ დაიცავს. პირდაპირ გეუბნებით!“
სხვა განცხადებების მაგალითები, სადაც „ალტერნატივა საქართველოსთვის“ დასავლელ დიპლომატებს აქცევს სამიზნედ შეგიძლიათ, იხილოთ აქ და აქ.
ამ ნარატივების გავრცელებაში „ალტ-ინფოს“ შეუერთდა სხვა პროკრემლისტური საინფორმაციო საშუალებები, მათ შორის, ტელეკომპანია „ობიექტივი“, რომელიც კრემლთან დაახლოებულ პარტიასთან, „პატრიოტთა ალიანსთანაა“ დაკავშირებული; „საქართველო და მსოფლიო“; და News Front საქართველო.
„გეიაღლუმი იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოში მყარდება ლგბტ დიქტატურა და ქვეყანა განაგრძობს ცხოვრებას ცისფერი კომისრების მიერ ნაკარნახევი დღის წესრიგით“.
„ცისფერი კომისრები“ უკავშირდება ჰომოსექსუალი მამაკაცების ღირსების შემლახველ რუსულ სიტყვას голубой, „გალუბოი“, სიტყვა-სიტყვით „ცისფერი“.
ამ ნარატივებთან ერთად პროკრემლისტური საინფორმაციო საშუალებები ასევე აძლიერებდნენ პროკრემლისტური პოლიტიკოსების მიერ გაჟღერებულ გზავნილებს (იხილეთ მაგალითები აქ და აქ), რომელთა მიხედვითაც დასავლეთი ქართულ იდენტობას, მის ტრადიციებს, მართლმადიდებელ ეკლესიას და ოჯახის ინსტიტუტს, ანუ ქართველი ხალხის ძირითად ფასეულობებს ებრძვის (იხილეთ მაგალითები აქ და აქ).
„ამ ორგანიზაციის [„თბილისი პრაიდი“] აქტივისტები აქტიურად უპირისპირდებიან მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებას და, საზოგადოდ, ტრადიციულ ქრისტიანულ ფასეულობებს, აგრეთვე — ოჯახის ინსტიტუტს“.
ძალადობისკენ მოწოდება
5 ივლისის შემდეგ დამატებითი ნარატივები გავრცელდა, რომლებიც დასავლეთს ადანაშაულებდა საქართველოში მდგომარეობის დაძაბვასა და სამოქალაქო არეულობის გამოწვევაში. უფრო აგრესიული რიტორიკით გამოირჩეოდნენ ისეთი პროკრემლისტური საინფორმაციო საშუალებები, როგორიცაა „ალტ-ინფო“ და „საქართველო და მსოფლიო“. მათ სამიზნეს დასავლელი დიპლომატები და ზოგადად, ევროკავშირი და აშშ წარმოადგენდა და ისინი უფრო მეტი ძალადობრივი თავდასხმით იმუქრებოდნენ:
„ჩვენ უნდა დავარტყათ მათ ავტორიტეტს იმიტომ, რომ ისინი ურტყავენ აქ ეროვნულობას და ისინი ურტყავენ აქ ქრისტიანობას. ჩვენ რაც ეს გავაკეთეთ სიმბოლური აქტი, აი, ამ დროშების მიმართ, ეს უნდა იქცეს ჩვეულებრივ ყოველდღიურობად“.
ულტრამემარჯვენე „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა წამყვანმა თავის მხარდამჭერებს პირდაპირ მოუწოდა ვანდალიზმისკენ და ევროკავშირის დროშის დაწვისკენ. მისი მოწოდების მიხედვით, დროშის დაწვის ამსახველი ვიდეოები ხალხს Facebook-ზე უნდა აეტვირთა და მეგობრები გამოეწვია. ამის შედეგი იყო ის, რომ ულტრაკონსერვატიული, პროკრემლისტური პოლიტიკური ფიგურის ლევან ვასაძის და მისი პარტიის, „ერის“ მხარდამჭერმა ევროკავშირის დროშა დაწვა და ამით თითქოს ქართველი წმინდანების შეურაცხყოფა გააპროტესტა.

ისეთმა რუსულმა სამთავრობო საინფორმაციო საშუალებებმა, როგორიცაა RT და RIA Novosti ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის დროშის დაწვა აჩვენეს და შექმნეს შთაბეჭდილება, თითქოს ევროკავშირის საწინააღმდეგო განწყობები ფართოდაა გავრცელებული.

დასავლეთზე თავდასხმა
Facebook-ზე გავრცელდა ფოტო კომენტარით, რომლის მიხედვით, თითქოს ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კაბაში გამოწყობილი ჩამოვიდა საქართველოში „პრაიდის აღლუმის“ მიმართ სოლიდარობის საჩვენებლად.

სინამდვილეში ფოტო გადაღებულია Pitti Uomo-ს მოდის ჩვენებაზე, რომელიც ფლორენციაში გაიმართა. ფოტოზე ჩვენების ერთ-ერთი მონაწილეა წარმოდგენილი. აღნიშნული დეზინფორმაციის წყარო ხშირად აზიარებს იმ ძალადობრივი დაჯგუფებების კონტენტს, რომლებიც 5-6 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები არიან. მას შემდეგ, რაც ფაქტების გადამოწმების ქართულმა პლატფორმამ, „მითების დეტექტორმა“ ინფორმაცია გადაამოწმა და Facebook-ზე მონიშნა, აღნიშნულმა ანგარიშმა პოსტი წაშალა.
რამდენიმე გვერდმა გააზიარა ჯერ კიდევ 2017 წელს გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც მოყვანილია მცდარი მტკიცება, თითქოს საქართველომ და მოლდოვამ ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი გეიქორწინების ლეგალიზაციის სანაცვლოდ მიიღეს. ვიდეოში იური როშკა, რომელიც წარმოდგენილია როგორც „მოლდოვის ყოფილი პრემიერ მინისტრი“ (ის პრემიერ მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა 2009 წლის ივნისიდან სექტემბრამდე), საუბრობს ანტიდისკრიმინაციულ კანონზე და არა ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაზე.
პროკრემლისტური საინფორმაციო საშუალება „თვალსაზრისის“ სტატია ამტკიცებდა, თითქოს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობამდე ერთი თაობა აშორებს, რადგან ეს თაობა საკმარისად გარყვნილი და განარკომანებული არ არის.
მუქარა დიპლომატების მიმართ
უცხო ქვეყნების ელჩებისკენ მიმართული რიტორიკა განსაკუთრებით მკაცრი გახდა 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ. ყველაზე მეტი სიძულვილით გამოირჩეოდა „ალტ-ინფო“. როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითები გვიჩვენებს, 8 ივლისს „ალტ-ინფოს“ წამყვანებმა მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთეს აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოებისკენ მსვლელობისა და მათი შეურაცხყოფის შესახებ. ერთ-ერთმა წამყვანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დროშის დაწვა საბავშვო თამაში იქნებოდა იმასთან შედარებით, რასაც ისინი საელჩოების წინააღმდეგ გეგმავდნენ მომდევნო დღეს. სხვა წამყვანმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის რისხვა ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოებისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან ისინი არიან „ყველანაირი გარყვნილების შემოქმედები საქართველოში“.
უცხო ქვეყნების საელჩოების თანამშრომლების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, ასევე, აქტიურად ავრცელებდა პროკრემლისტური საინფორმაციო საშუალება News Front საქართველო, რომლის მიხედვით, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები გონებრივად და პოლიტიკურად უტვინოები არიან და წლების განმავლობაში ისინი ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებენ. გარდა ამისა, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დაადანაშაულეს საქართველოს აშშ-ის კოლონიად გარდაქმნაში, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის სახელით იზღუდება. დეგნანი სხვა დასავლელ დიპლომატებთან ერთად, ასევე, დაადანაშაულეს საქართველოში ლგბტ+ კამპანიის მხარდაჭერის გზით რუსეთისთვის და მისი მიზნებისთვის ირიბად ხელის შეწყობაში. News Front საქართველო დეგნანის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების ინიციატივითაც კი გამოვიდა, რადგან მან თითქოს საქართველოს კონსტიტუცია, სახელმწიფო და ხალხი შეურაცხყო.
სიძულვილის ენის გაძლიერება
თბილისის გაუქმებულ ღირსების მარშამდე და მის შემდეგ პროკრემლისტური მიდიასაშუალებების მიერ წარმოებული ანტი-ლგბტ+ კამპანია საქართველოში დემოკრატიულ ღირებულებებზე ულტრამემარჯვენე თავდასხმების მაგალითია. აღნიშნულმა კამპანიამ, ასევე, განავითარა და გააძლიერა ანტიდასავლური განწყობები და სიძულვილის შემცველი რიტორიკა გააღვივა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიმართ. ასეთი ძალადობა ცალსახად უშლის ხელს საქართველოს სვლას ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრებლად და ხელს უწყობს რუსეთის მიზანს, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შეჩერებას გულისხმობს. პროკრემლისტურმა მედიამ მომენტი გამოიყენა, ისარგებლა რა ეროვნული და რელიგიური გრძნობებით და ქართული საინფორმაციო სივრცე კრემლის სასარგებლოდ შეარყია.
