ვინ არის დამნაშავე?
ბოლო კვირებში ბელარუსსა და ევროკავშირის წევრ მეზობელ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობა გამწვავდა. ესკალაციის ახალ ფაზაში შევიდა ბელარუსის მხრიდან მიგრანტების სისტემური და ცინიკური ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური მიზნით და ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრების დესტაბილიზაციის მცდელობები. საინფორმაციო საშუალებების თანახმად, მიგრანტების კოლონები, რომლებიც მინსკში რამდენიმე ქვეყნიდან ჩაფრინდნენ ბელარუსელმა ჩინოვნიკებმა მიიყვანეს პოლონეთის საზღვართან, სადაც შეტაკებები მოხდა.
ამ ფონზე ევროკავშირის კომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ბელარუსელი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციების ვრცელი პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდა ; პოლონეთის მთავრობა იძულებული გახდა, გაეზარდა ჯარისკაცებისა და მესაზღვრეების რაოდენობა ევროკავშირის საგარეო საზღვრის დასაცავად; და ლიეტუვის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ბელარუსის საზღვარზე.
ვინ არის დამნაშავე ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ ამ ჰიბრიდულ თავდასხმაში, როგორც ეს ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა იკითხა? თუ შეკითხვას ბელარუსის პროპაგანდისტულ მანქანას და პროკრემლისტურ საინფორმაციო საშუალებებს დაუსვამთ, პასუხი ნათელი გახდება — დამნაშავე არის კოლექტიური დასავლეთი, პოლონეთის მთავრობა, რომელიც საზღვარზე ტანკებს გზავნის და ევროკავშირი, რომელიც საშინაო მიზნებიდან გამომდინარე აწესებს სანქციებს.
მთელ ამ დეზინფორმაციას ყურადღება გადააქვს იმ ფაქტისგან, რომ „ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმი ადამიანების ექსპლუატაციას ეწევა პოლიტიკური მიზნებისთვის “, როგორც ეს ევროკავშირის კომისარმა, ილვა იოჰანსონმა განაცხადა. ბელარუსი ცინიკურად უწევს ექსპლუატაციას მიგრანტებს, რათა შური იძიოს ევროკავშირზე, რომელიც ბელარუსის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებულ შედეგებს არ აღიარებს და მშვიდობიანი მომიტინგეების დევნის, ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებითი დასმის გამო შემზღუდველი ზომები მიიღო რეჟიმისა და კონკრეტული პირების წინააღმდეგ.
მიგრაციული კრიზისის გარდა, პროკრემლისტურმა საინფორმაციო საშუალებებმა პოლონეთი და ლიეტუვა მიზანში ამოიღო სხვა სფეროებშიც. მაგალითად, ერთი წყაროს თანახმად, პოლონეთი რუსეთთან და ბელარუსთან ომისთვის ემზადება, რაც თითიდან გამოწოვილი თეორიაა, სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ. თავის მხრივ, ლიეტუვას წარმოადგენენ ადამიანის უფლებათა აგრესიულ დამრღვევად, რაც სანდო წყაროების მიხედვით, სიმართლეს არ შეესაბამება და ფსიქოლოგიური პროექციის მაგალითია.
როგორც წესი, დიდი ოდენობით დეზინფორმაცია ახლავს გამწვავებულ სიტუაციებს, როგორიცაა ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე ამჟამად შექმნილი მდგომარეობა. დეზინფორმაცია ემსახურება აგრესორის სასარგებლოდ წყლის ამღვრევას, ბრალის სხვაზე გადატანას და საკუთარი ქმედებების სამართლიანობად წარმოჩენას. ამასთან ერთად, მოწინააღმდეგის საგარეო იმიჯის შებღალვა აგრესორის კამპანიის გეგმაში პრიორიტეტულია. ეს ყველაფერი ნათლად ჩანს ამჟამინდელ სიტუაციაში და იმ დეზინფორმაციულ ნაკადში, რომელიც პროკრემლისტური და ბელარუსის რეჟიმის საინფორმაციო საშუალებებიდან მოედინება.
ამ კვირაში პროკრემლისტური დეზინფორმაციული მტკიცებების სხვა აღსანიშნავი მაგალითებია:
- პროკრემლისტური საშუალებების უკვდავი კლასიკა: NATO-მ დაარღვია პირობა, რომ აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა;
- არა, ეს ნამდვილად არ არის ასე: დასავლეთ ევროპელები პოლონელებს „აღმოსავლეთ ბარბაროსებად“ და „სლავ ღორებად“ მიიჩნევენ;
- აი, ეს კი ნამდვილად მოხდა — თან უკანონოდ: რუსეთს ყირიმის ანექსია არ განუხორციელებია.
