რუსეთი აგრძელებს თავისი უკუღმართი მოქმედებების სხვებისთვის მიწერას
დეზინფორმაციის ბოლო მიმოხილვის გამოქვეყნების შემდეგ დიდი დრო არ გასულა და პროკრემლისტურმა საინფორმაციო საშუალებებმა ისევ პოლონეთს შეუტიეს. კერძოდ, რამდენიმე მათგანის თანახმად, თითქოს პოლონეთი დასავლეთ უკრაინის რეგიონების ანექსიას აპირებს. თუ EUvsDisinfo-ს რეგულარული მკითხველი ხართ, ეს ნარატივი ალბათ გეცნობათ, რადგან რუსეთი ამ და სხვა ნარატივებს ხშირად იყენებს უკრაინაში შეჭრიდან მსოფლიოს ყურადღების გადასატანად. ამ მხრივ, დეზინფორმაციის ბოლო ტალღა ჯერ კიდევ მაისში წამოვიდა: ხან ამტკიცებდნენ, რომ თითქოს პოლონეთი უკრაინის ანექსიას მარტო აპირებდა, ხანაც ამის უკან ვაშინგტონიდან მიღებულ ბრძანებებს ხედავდნენ.
პროკრემლისტური დეზინფორმაციული ნარატივები განთქმულია თავისი აბსურდულობით, მაგრამ ეს უკანასკნელი საერთოდ აცდენილია რეალობას. სხვათა შორის, ეს ნარატივი უკვე ბევრჯერ გამოიყენეს. ჩვენი მონაცემთა ბაზის მიხედვით, პოლონეთის ეგრეთწოდებული იმპერიალისტური ოცნებები მოიცავს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ლიეტუვისა და ბელარუსის ანექსიასაც კი. სხვათა შორის, უკრაინის მიმართ ეგრეთწოდებული იმპერიალისტური გეგმების ნიმუში ჯერ კიდევ 2016 წელს აღმოვაჩინეთ. ექვსი წელი გავიდა და პოლონეთს თავისი მეზობლების ტერიტორიის რომელიმე ნაწილის მიმართ ანექსიის სურვილი მაინც არ გასჩენია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ დეზინფორმაციული ნარატივიც გაქრა.
ეს სისულელე იქით იყოს და პოლონეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინის დამოუკიდებლობა ცნო 1991 წელს. საერთო ისტორია, მსგავსი ტრადიციები და კულტურული სიახლოვე მჭიდროდ აკავშირებს პოლონეთსა და უკრაინას ერთმანეთთან. სანამ მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინის საზღვრებს რუსული ტანკები და ჯარები გადაკვეთდნენ, პოლონელები თავიანთ უკრაინელ კოლეგებთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ყველა დონეზე — ცენტრალური მთავრობით დაწყებული ადგილობრივი თემებით დამთავრებული.
ბოლო 30 წლის განმავლობაში პოლონეთი იყო უკრაინის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ყველაზე ერთგული მხარდამჭერი და მსხვილი სავაჭრო პარტნიორი. ვარშავა ევროკავშირში უკრაინის გაწევრებას მხარს უჭერდა რუსეთის სასტიკ თავდასხმამდე დიდი ხნით ადრე. 23 ივნისს უკრაინამ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში გაწევრების გზაზე. ევროპულმა საბჭომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
თებერვლიდან პოლონეთი ეხმარება უკრაინელ დევნილებს, რომლებიც ქვეყანაში უსაფრთხო თავშესაფარს ეძებენ და რუსეთის ომს გამოქცეულ მილიონობით უკრაინელს წვდომას აძლევს შრომის ბაზარზე, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის შეღავათებზე. ამასთან ერთად, პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში.
უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს ერთადერთი და მხოლოდ ერთადერთი ქვეყანა — რუსეთი.

ათწლეულებია დასავლეთი რუსეთის მიმართ აგრესიულადაა განწყობილი
პოლონეთი დასავლეთ უკრაინაზე კონტროლის დამყარებას გეგმავს
კიევმა რუსები ბანდერას ელემენტებით ჩაანაცვლა და უკრაინა ნაცისტურ სახელმწიფოდ გადააქცია
რუსი დიპლომატები სურსათის დეფიციტის გაღრმავებას უწყობენ ხელს
როგორც ადრე ვწერდით და ჩვენ გარდა, სხვებიც ადასტურებდნენ, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალები თავს ესხმოდნენ სურსათის მარაგებს, იპარავდნენ აგრარულ და საფერმერო ტექნიკას და ანადგურებდნენ საკვების დამუშავების ცენტრებსა და სატრანსპორტო მარშრუტებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანახმად, ეს ხელს უწყობდა გლობალურ შიმშილთან დაკავშირებული კრიზისის გაღრმავებას და ზრდიდა შიმშილობის საფრთხეს. როგორც ყოველთვის, რუსეთი ყველაფერს აკეთებს ბრალის გადასატანად.
8 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ესპანურენოვან ვებსაიტზე გამოაქვეყნა კიდევ ერთი დოკუმენტი და შეეცადა, გაექარწყლებინა ეგრეთწოდებული შვიდი მითი, რომლებიც, მათი აზრით, სასურსათო და ენერგეტიკულ კრიზისის გამომწვევ მიზეზებს უკავშირდება. დოკუმენტი ცდილობს იმ განცხადებების უარყოფას, რომლებიც გააკეთეს მაღალი რანგის ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა — ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჯოზეფ ბორელმა, პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. დოკუმენტის მიხედვით, სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი თითქოს ევროკავშირის მიერ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია. ესპანურენოვან ქვეყნებში (მაგ., არგენტინაში, ეკვადორში, პერუში) რუსეთის საელჩოებმა დრო არ დაკარგეს და შეცდომაში შემყვანი განცხადებები სწრაფად გაავრცელეს.
რუსეთის დიპლომატიური ქსელი ანალოგიურად მოიქცა ივნისის დასაწყისშიც, როცა სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაავრცელა. ბოლოს მსგავსი დოკუმენტი რამდენჯერმე გაავრცელეს რუსულმა დიპლომატიურმა ანგარიშებმა Twitter-ზე, Facebook-სა და Telegram-ზე. ამ დოკუმენტზე დაყრდნობით, მალევე გაჩნდა სხვადასხვა ინფოგრაფიკა — ერთი მათგანი ჩვენ ჩავასწორეთ — ვიდეო და ანგარიში. მოგვიანებით ეს ვიზუალური მასალა რამდენიმე რუსულმა დიპლომატიურმა ანგარიშმა გაავრცელა. განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩეოდნენ ესპანურენოვან და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში მყოფები.
ზაფხულში დასასვენებლად ბარგის ჩალაგებისას არავის სურს ზამთარზე ფიქრი, მაგრამ სურსათისა და საწვავის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები არსად გამქრალა. პირიქით, კიდევ უფრო მეტი პრობლემა გაჩნდა. ვიცით რა, როგორ მოქმედებს კრემლი, შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ ისინი ხელიდან არ გაუშვებენ ნაწილობრივ მათ მიერვე შექმნილ შესაძლებლობას და დაიწყებენ სინამდვილის უარყოფას, ფაქტების დამახინჯებას, ყურადღების გადატანასა და პანიკის დათესვას.
წინა კვირაში მომხდარი სხვა ამბები:
- პუტინი ჩახვეული ფირივით იმეორებს, რომ თითქოს ათწლეულებია დასავლეთი შეერთებული შტატების მეთაურობით განსაკუთრებით აგრესიულად იქცევა რუსეთის მიმართ. არა, დასავლეთი მოსკოვთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას ცდილობდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სანამ რუსეთმა არაპროვოცირებული აგრესიული ომი არ დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს.
- კიდევ ერთი ძველი, მაგრამ არცთუ ისე შთამბეჭდავი განცხადების მიხედვით, კიევმა რუსები ბანდერას ელემენტებით ჩაანაცვლა და უკრაინა ნაცისტურ სახელმწიფოდ გადააქცია. ეს უსაფუძვლო განცხადება ერთ-ერთი მთავარი ელემენტია კრემლის ხანგრძლივ სადეზინფორმაციო კამპანიაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის გამართლებას ისახავს მიზნად.