საქართველო: მომდევნო ფერადი რევოლუცია?

  • Read this article in:
  • en
  • ru
  • ua
  • ge

თვის დასაწყისში, 1 აგვისტოს საქართველოში ამოქმედდა სადავო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონი ზედმეტად მკაცრ კონტროლს აწესებს სამოქალაქო ჯგუფებზე, რომლებიც დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ და მათ უწოდებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს“. ეს მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივ ორგანიზაციებსა და მედიას. ორგანიზაციებზე ვრცელდება მძიმე და არაპროპორციული მოთხოვნები დეკლარაციების წარდგენის მხრივ, ხოლო მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში – სანქციები. სახელმწიფო ორგანოებს ეძლევათ შემოწმებების ჩატარების ფართო უფლებამოსილება, რაც შემბოჭავ ეფექტს ქმნის და შეუძლია მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციების განადგურება და ჩახშობა. უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.

საპროტესტო აქციებიდან მიღებამდე

გასულ წელს მსგავსი კანონპროექტი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ გაიწვიეს; კანონის მოწინააღმდეგეები აღნიშნავდნენ, რომ ის შექმნილია რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონის ანალოგიით და შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო ჯგუფების ჩასახშობად.

2024 წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ ხელახლა შემოიტანა ეს კანონპროექტი, რითაც დაარღვია თავისივე პირობა, რომ ასეთ კანონს არასდროს შემოიტანდა. ამან გამოიწვია მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელთა მსგავსი ქვეყანას არ უნახავს 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. საპარლამენტო პროცედურას თან ახლდა შეხლა-შემოხლა პარლამენტში. საქართველოს მოკავშირეებმაც გაავრცელეს გაფრთხილება, რომ კანონი ჩაახშობდა სიმწრით მოპოვებულ თავისუფლებებს და დაბრკოლებად იქცეოდა ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე.

ამის საპასუხოდ მმართველმა კოალიციამ, „ქართულმა ოცნებამ“ დისკრედიტაციის კოორდინირებული კამპანია დაიწყო ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების, მედიის, მათი დონორების, პირველ რიგში კი, აშშ-ისა და ევროკავშირის წინააღმდეგ. ეს მკაფიო გარდამტეხი მომენტი გახდა ღია ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკის მხრივ.

ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკა

2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საქართველოს მთავრობა ცდილობდა, შეექმნა დაბალანსებული იმიჯი, რომელიც მოიცავდა პროდასავლურ პოზიციას ღია ანტიკრემლისტური განწყობის გარეშე. ოპოზიციური პარტიები მუდმივად აკრიტიკებდნენ „ქართულ ოცნებას“ კრემლთან ზედმეტად დაახლოების გამო. 2023 წელს და მიმდინარე წლის გაზაფხულში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონით გამოწვეული უთანხმოების ფონზე, როგორც ჩანს, ეს ბალანსი ირღვევა. დაძაბულ და პოლარიზებული პოლიტიკურ გარემოში და ოქტომბერში ჩასატარებელი არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ მმართველ პარტიას ნერვიულობა დასჩემდა.

„ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები და პროსახელისუფლებო ექსპერტები კრემლის გავრცელებულ თეზისებს იმეორებენ ევროკავშირის და იმ სამოქალაქო და პოლიტიკური ძალების დისკრედიტაციისთვის საქართველოში, რომლებსაც ქვეყნის პროევროპული კურსის შენარჩუნება სურთ. „ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სამთავრობო აქტორები ავრცელებენ დეზინფორმაციას და პროპაგანდას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით“, ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნინო დოლიძე EUvsDisinfo-სთან ინტერვიუში.

ჩინოვნიკებმა და კომენტატორებმა დაიწყეს ევროკავშირის დადანაშაულება ქვეყნის დესტაბილიზაციაში, რაც თითქოს „რეჟიმის ცვლილების“ დღის წესრიგის ნაწილია. მომიტინგეებს ლანძღავდნენ და აბრალებდნენ, რომ თითქოს საზღვარგარეთიდან იმართებოდნენ საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ მოსაწყობად. ზოგიერთმა საინფორმაციო სააგენტომ ისიც კი სცადა, რომ თბილისში მდებარე აშშ-ის საელჩოსთვის დაებრალებინა საპროტესტო აქციების ორგანიზება. „ქართული ოცნების“ ახლო მოკავშირემ „ხალხის ძალამ“ ევროპელ დიპლომატებს უწოდა „გლობალური ომის პარტიის“ ინსტრუმენტები, რომლებიც თითქოს ცდილობდნენ, საქართველოში „მაიდანიზაციის“ პროცესი დაეწყოთ და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში ჩაეთრიათ ქვეყანა. მათი მტკიცებით, ამის მიზანი „მეორე ფრონტის“ გახსნა იყო დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამართულ ომში. უკვე დიდი ხანია, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დისკრედიტაციისთვის კრემლის საყვარელ ნარატივებად იქცა ასეთი განცხადებები „მეორე ფრონტისა“ და „ფერადი რევოლუციების“ შესახებ.

„მაიდანიზაცია“

ამ ნარატივების ნათელი მაგალითია POSTV, ცნობილი პროსამთავრობო არხი, რომელმაც დოკუმენტური ფილმების სერია გამოუშვა. ამ ფილმების მიზანია საპროტესტო აქციების დისკრედიტაცია და მონაწილეების, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტების, ახალგაზრდული ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სახელის შებღალვა. ამ ფილმების თანახმად, საპროტესტო აქციები თითქოს საზღვარგარეთიდან იყო ორგანიზებული. ვრცელდებოდა აზრი, რომ თითქოს დასავლური სახელმწიფოები უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ იმიტომ გამოდიოდნენ, რომ საქართველოში სხვადასხვა ჯგუფის ფარული დაფინანსება დაემალათ. რა უნდა ყოფილიყო საბოლოო მიზანი? ქვეყნის დესტაბილიზაცია და დემოკრატიული მთავრობის ჩამოგდება – ევრომაიდნის სცენარი.

„გარყვნილი ევროკავშირი“

საქართველოს და სხვა ქვეყნების პროსამთავრობო საინფორმაციო სააგენტოებმა ენთუზიაზმით აიტაცეს და გააძლიერეს „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებისა და კომენტატორების აღშფოთება. დოლიძის თანახმად: „ადრე დეზინფორმაცია, ძირითადად, ქვეყნის შიგნით იქმნებოდა, მაგრამ მანიპულატორი ქსელები, რომლებსაც გასული წლიდან ვაწყდებით რუსეთიდანაა და არა საქართველოდან“.

„ქართული ოცნების“ გზავნილების გასაძლიერებლად პროსამთავრობო მედიამ დამატებით გამოიყენა კრემლისთვის ჩვეული დეზინფორმაციული ნარატივები, რომელთა მიხედვით, თითქოს დასავლეთი „გარყვნილია“ და ევროკავშირი დეგრადირებულ ღირებულებებს ახვევს თავს უფრო ჯანსაღ, ტრადიციულ საზოგადოებებს. ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ევროკავშირი ლგბტქი+ პროპაგანდას ავრცელებს საქართველოში და მთავრობაზე ახდენს ზეწოლას ჰომოსექსუალიზმის ნორმალიზებისა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებისთვის. ამასთან ერთად, ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ევროკავშირის წევრობა საქართველოს „გარყვნილების“ მიღებას აიძულებს.

ევროკავშირი ასეთი დეზინფორმაციის განსაკუთრებული სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადეს, რომ კანონპროექტი არ შეესაბამებოდა ევროკავშირის სტანდარტებს და გაართულებდა საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. ევროკავშირმა შეაჩერა 30 მილიონი ევროს გამოყოფა საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად და განაცხადა, რომ „გადახედავს მთავრობის პირდაპირ დახმარებას, პარალელურად კი განაგრძობს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის უწყვეტ მხარდაჭერას“. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლების მიმდინარე კურსს უწოდა ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის საფრთხის შემქმნელი, რასაც გაწევრების პროცესი, ფაქტობრივად, „გაჩერებამდე“ მიჰყავს. „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების განცხადებების მიუხედავად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა მართლაც დააცილა საქართველო ევროკავშირს უფრო მეტად, ვიდრე მიღებამდე იყო.

ვხედავთ, როგორ სწრაფად შეიძლება შეიცვალოს მედიაში გზავნილები პოლიტიკური მოვლენების კვალდაკვალ. საქართველოს შემთხვევაში ამის უკან ჩინოვნიკები და პროსამთავრობო კომენტატორები იდგნენ. ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ნარატივები ისევ ნაკლებად კონფრონტაციული და უფრო კონსტრუქციული უნდა გახდეს.

 

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    %s

      გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

      ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      [recaptcha]

        Subscribe to the Disinfo Review

        Your weekly update on pro-Kremlin disinformation

        Data Protection Information *

        The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.

        🎵 Playlist