ყურადღებას იპყრობს სუვალკის დერეფანი

ახლახან რუსეთმა თავისი ძალისხმევის ნაწილი ლიეტუვისკენ მიმართა და შეეცადა, შეცდომაში შეეყვანა საერთაშორისო საზოგადოება. უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება სუვალკის დერეფანს (ასევე, ცნობილია, როგორც სუვალკის კორიდორი) — მეჩხრად დასახლებულ ზონას, რომელიც უშუალოდ ლიეტუვისა და პოლონეთის საზღვრის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. მისდამი ასეთი ინტერესი მარტივად აიხსნება: დერეფანი კალინინგრადის ექსკლავს რუსეთის ძირითადი ნაწილისგან ყოფს.

კრემლის შეშფოთება გამოწვეულია იმით, რომ ევროკავშირის მიერ ჯერ კიდევ მარტში მიღებულმა სანქციებმა 17 ივნისს დაიწყო მოქმედება. ზემოხსენებული სანქციები კრძალავს რუსეთში წარმოებული რკინისა და ფოლადის კონკრეტული ნაკეთობების იმპორტსა და ტრანზიტს. ამავე დროს, მგზავრებისა და არასანქცირებული საქონლის ტრანზიტი კალინინგრადის რეგიონსა და ლიეტუვას შორის შეუფერხებლად გრძელდება. კალინინგრადსა და რუსეთის სხვა რეგიონებს შორის სახმელეთო ტრანზიტი არ შეწყვეტილა. ბალტიის ზღვა ბლოკადაში არაა მოქცეული. ლიეტუვა კეთილსინდისიერად ასრულებს ევროკავშირის სანქციებს და ტრანზიტზე დამატებითი შეზღუდვები არ დაუწესებია.

ფაქტები, რა თქმა უნდა, დიდად არ ანაღვლებთ პროკრემლისტური სადეზინფორმაციო საშუალებების კოპირაიტერებს. დრამატიზმისკენ მიდრეკილმა RuBaltic-მა — კრემლის სადეზინფორმაციო მანქანის ერთ-ერთმა ჭანჭიკმა, რომელიც ბალტიის ქვეყნებზეა ორიენტირებული — რიტორიკა ნულიდან ასამდე აიყვანა და მკითხველები დააშინა იმით, რომ თითქოს „კალინინგრადის ოლქის ბლოკადასთან დაკავშირებით [ლიეტუვის მიერ] არჩეული გზა ვილნიუსის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებით დასრულდება“. შეიძლება შემთხვევითი არც არის, რომ RuBaltic კალინინგრადშია დარეგისტრირებული და ბალტიის იმანუელ კანტის სახელობის ფედერალური უნივერსიტეტის ეგიდით მუშაობს.

სხვებს მხარი აუბა RT France-მაც და ლიეტუვას უსაფუძვლოდ დასდო ბრალი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების დარღვევაში. სინამდვილეში ლიეტუვა სიტყვასიტყვით ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. კრემლის აზრით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საპასუხოდ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები, არასამართლიანი და უკანონოა. სანქციებზე თავდასხმები პროკრემლისტური სადეზინფორმაციო ნარატივების შეუცვლელი თემაა.

გაყალბება ან უფრო მეტი გაყალბება – საკითხავი, აი, ეს არის!

გადავიდეთ კალინინგრადიდან უკრაინაზე. 15 ივნისს Telegram-არხზე @sashakots ყალბი განცხადებების შემცველი სამი სურათი გამოქვეყნდა. ავტორის თქმით, ეს იყო ხარკოვის საქალაქო ადმინისტრაციის ოფიციალური განცხადება, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებდა, რომ სახლის კარი ღია დაეტოვებინათ და ასე დახმარებოდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახალი საცეცხლე პოზიციების პოვნაში. ხარკოვის ადმინისტრაციამ სწრაფადვე გამოამჟღავნა ინფორმაციის სიცრუე, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია რუსი პროპაგანდისტებისთვის, რომ ის გაევრცელებინათ Telegram-ში, პროკრემლისტურ საინფორმაციო საშუალებებში და რამდენიმე დიპლომატიურ ანგარიშზე.

მომდევნო დღეს, 16 ივნისს იმავე არხზე გავრცელდა ყალბი დოკუმენტი, რომელსაც თითქოს ხელს აწერდა უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვერა როგოვა. დოკუმენტის მიხედვით, უკრაინის საგანმანათლებლო დაწესებულებებს 23 ივნისამდე უნდა შეედგინათ სამხედრო ასაკს მიღწეული კურსდამთავრებულების სიები მათი ჯარში გაწვევის მიზნით. სამინისტრომ მომდევნო დღეს გამოავლინა დოკუმენტის სიყალბე და StopFake-მა (არასამთავრობო ორგანიზაცია „უკრაინის მედიარეფორმების ცენტრის“ ფლაგმანურმა პროექტმა) ასევე წარმოადგინა სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც დოკუმენტის არაავთენტიკურობას ადასტურებს. მიუხედავად ამისა, ყალბი დოკუმენტი მაინც გაავრცელეს მთელ რიგ Telegram-არხებზე და სულ რაღაც ორ დღეში 360 000 ნახვა დააგროვეს.

არხს @sashakots ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და მისი ხელმძღვანელია ალექსანდრ კოცი, პროკრემლისტური საინფორმაციო საშუალება „კომსომოლსკაია პრავდას“ „სპეციალური კორესპონდენტი“. რამდენიმე დამოუკიდებელი მკვლევრის, მესამე მხარის ფაქტების გადამმოწმებლებისა და ოფიციალური ანგარიშების თანახმად, ის პროკრემლისტური დეზინფორმაციის გავრცელებითაა ცნობილი.

როგორც ჩანს, ყალბი დოკუმენტები თანამედროვე მეთოდების, ტაქტიკისა და პროცედურების (TTP-ს) შემადგენელი ნაწილია: 17 ივნისს Telegram-არხზე @jokerdpr გავრცელდა ყალბი ციფრული დოკუმენტის ასლი, რომელსაც თითქოს ხელს აწერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, ხოლო ადრესატია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ. დოკუმენტის მიხედვით, თითქოს უკრაინელი მინისტრი პოლონეთის ხელისუფლებას სთხოვს პოლონეთში მცხოვრები 18-იდან 60 წლამდე უკრაინელი დევნილების დაბრუნებაში დახმარებას. პოლონეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ცენტრმა მალევე გამოამჟღავნა დოკუმენტის სიყალბე. წინა შემთხვევების მსგავსად, არც ამჯერად შეუშლია ამას ხელი Telegram-არხებისთვის, რომ განმეორებით გაეზიარებინათ დოკუმენტი და ჯამში 620 000 ნახვა დააგროვეს. დოკუმენტი ასევე გაავრცელა მინიმუმ 28 რუსულმა საინფორმაციო საშუალებამ.

დეზინფორმაციის ჰორიზონტი

პროკრემლისტური საინფორმაციო საშუალებების ჰორიზონტზე რჩება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადები. რუსეთის ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფი სადეზინფორმაციო საშუალებები აქტიურად იყენებენ ძველ დეზინფორმაციულ ტროპებს „მიტოვებული უკრაინის“ შესახებ და ამტკიცებენ, რომ თითქოს ევროკავშირში გაწევრების მისწრაფებამ უკრაინა „მონების ბაზრად“ გადააქცია. პროკრემლისტური სადეზინფორმაციო ეკოსისტემა ყურადღების მიღმა არ ტოვებს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს ამ ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. აღნიშნული თემის შესახებ ახლო მომავალში მეტ ინფორმაციას მოგაწვდით.

 

ამ კვირაში განვითარებული სხვა მოვლენები:

  • პროკრემლისტური საშუალებების დიდი ნაწილი ისევ ავრცელებს, ყურით მოთრეულ ნარატივს, რომ თითქოს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს სუვერენიტეტი დაკარგული აქვთ.
  • კიდევ ერთი წყარო შეეცადა, საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის უფლების არმქონე დაქირავებულ მებრძოლებად წარმოეჩინა უკრაინის უცხოური ლეგიონი, რომელიც მოხალისეებისგან შედგება.
  • ასეთ ფონზე უკვე გასაკვირიც არაა, რომ სხვა პროკრემლისტურმა საშუალებებმა ჩვენი დარწმუნება სცადეს იმაში, რომ თითქოს პრეზიდენტი ზელენსკი 9 წლის შვილისგან იღებს სამხედრო რჩევებს.

მსგავსი დეზინფორმაციის შემთხვევები

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    %s

      გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

      ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      [recaptcha]

        Subscribe to the Disinfo Review

        Your weekly update on pro-Kremlin disinformation

        Data Protection Information *

        The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.

        🎵 Playlist