იკითხეთ ხარისხიანი მედია და თქვენი სამყარო ჯანსაღი იქნება
ჟურნალისტები დეზინფორმაციის შესახებ. მე-4 ნაწილი: უკრაინა
სანდო ჟურნალისტიკა დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად EUvsDisinfo სტატიების სერიას აქვეყნებს და სიტყვას აძლევს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. მე-4 ნაწილი. უკრაინა.
EUvsDisinfo ესაუბრა ხუთ უკრაინელ ჟურნალისტს. მათ ერთმანეთთან აკავშირებს ხარისხიანი ჟურნალისტიკის სიყვარული, რომელიც ეფუძნება საფუძვლიან კვლევას და მკითხველებთან, მსმენელებსა და მაყურებლებთან ურთიერთობას. რომან კოლიადა უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ჟურნალისტი და წამყვანია. ალიონა რომანიუკი მთავარ რედაქტორად მუშაობს შემდეგ პროექტებში: „ამბებს მიღმა“ და coronafakes.com. დმიტრო ტუზოვი Radio NV-ს წამყვანია. ოლექსი მაცუკა ტელეარხ „დომის“ მთავარი რედაქტორია, ხოლო მიროსლავა ბარჩუკი ტოქშოუს „ზვოროტნი ვიდლიკ“ (უკუთვლა) წამყვანია ტელეარხზე „UA: პერში ტივი“ (უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი).
2013 წელს მაიდანის დემონსტრაციებისა და 2014 წელს დაწყებული სამხედრო კონფლიქტის გათვალისწინებით, მათი ყოველდღიური სამუშაო გულისხმობს ბრძოლას დეზინფორმაციასთან, რომელსაც ავრცელებენ როგორც ცალკეული პირები, ისე უფრო დიდი ქსელები. უკრაინის მრავალფეროვანი მედიაგარემო მნიშვნელოვანი და ხშირად ემოციური დებატებით გამოირჩევა. ჩვენ გაგაცნობთ მათ პირად გამოცდილებას, რომელიც ამ გარემოში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძინეს.
რატომ არის ჟურნალისტიკა თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
დმიტრო ტუზოვი:
ჟურნალისტიკის დანიშნულება ხალხის პატიოსნად ინფორმირებასთან ერთად ტყუილის ყოველგვარი გამოვლინებისთვის წინააღმდეგობის გაწევაცაა. ტყუილის, დეზინფორმაციისა და მანიპულაციების „ტორპედირება“, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
ალიონა რომანიუკი:
საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ — ესაა ჟურნალისტიკის დანიშნულება. გაუგებარი რაღაცეების ახსნა. ყურადღების მიქცევა იმაზე, რაზეც არ საუბრობენ. დაფარულის გამჟღავნება.
რომან კოლიადა:
საზოგადოებას აქვს დაბალანსებული, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლება. ზოგჯერ ჟურნალისტიკა გამადიდებელ შუშას ჰგავს, ზოგჯერ — უბრალოდ სარკეს, მაგრამ ის ყოველთვის სუფთა და ნათელია.
მიროსლავა ბარჩუკი:
ჟურნალისტიკა კონსტრუქციული სამოქალაქო დიალოგის პლატფორმაა, სადაც მედია კომუნიკატორისა და მედიატორის როლს ასრულებს. ჩემს გულთან ძალიან ახლოსაა მეტაფორა „მეოთხე ძალაუფლება“ — ცალკე მდგომი, დამოუკიდებელი, სოციალური ინსტიტუტი, რომელიც ანგარიშგასაწევი არაპირდაპირი ძალაუფლებითაა აღჭურვილი. ინსტიტუტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს შემაკავებელი და გამაწონასწორებელი ძალების სისტემაში.

მიროსლავა ბარჩუკი — ტოქშოუს „ზვოროტნი ვიდლიკ“ (უკუთვლა) წამყვანი ტელეარხზე „UA: პერში ტივი“ (უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი).
ხშირად აწყდებით დეზინფორმაციას?
ოლექსი მაცუკა:
მე თვითონ ხშირად ვარ დეზინფორმაციის სამიზნე. ჩვენს მდგომარეობაში, როცა უკრაინის შიგნით არსებობს კონფლიქტი — ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, თუ უკრაინელი ჟურნალისტი ხართ, უკვე იმთავითვე ამა თუ იმ მხარისადმი მიკერძოებულად აღგიქვამენ. ამიტომ, აუდიტორიაში ჩვენი პროდუქტის მიმართ ნდობა უნდა შევქმნათ.
რომან კოლიადა:
დეზინფორმაცია ყველას ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ინფორმაციის ნაკადში მუდმივად ვაწყდებით დეზინფორმაციას იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაფილტვრას ვცდილობთ. ყოველთვის ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან მედიაში ტყუილების რაოდენობა ძალიან დიდია. „კრიტიკული აღქმის ნერვს“ რეგულარული ვარჯიში სჭირდება.
ალიონა რომანიუკი:
მუდმივად ვაწყდები, რადგან ფაქტების სიზუსტის შემოწმების სფეროში ვმუშაობ. უკრაინულ მედიაგარემოში ბევრი დამახინჯებული ცნობა და მანიპულაციაა. შეგვიძლია, ვთქვათ შემდეგი:
„ოდესღაც სიმართლის თქმის უფლებისთვის ვიბრძოდით. ახლა ვიბრძვით, რომ დეზინფორმაციის ოკეანეში სიმართლე არ დაიკარგოს“.
როგორ რეაგირებთ დეზინფორმაციაზე?
ალიონა რომანიუკი:
რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდი საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და კომუნიკაციების სფეროში. რაღაც მომენტში ცრუ ამბებმა ჩემს ზღვარს გადააჭარბა და გადავწყვიტე, შემექმნა პროექტი, რომელიც მარტივი ენით აუხსნიდა არასპეციალისტებს, როგორ მუშაობს დეზინფორმაცია. მსურდა, შემექმნა გუნდი, რომელსაც მიმართავდა ნებისმიერი მსურველი და შეამოწმებდა შეტყობინებას. ასე გაჩნდა პროექტი „პო ტოი ბიკ ნოვინ“, ანუ „ამბებს მიღმა“.

ალიონა რომანიუკი მთავარ რედაქტორად მუშაობს შემდეგ პროექტებში: „ამბებს მიღმა“ და coronafakes.com.
დმიტრო ტუზოვი:
პირველ რიგში, ამის შესახებ Radio NV-ზე ვსაუბრობ. მისი სამაუწყებლო სივრცე არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაა. Radio NV-ს აქტიური მსმენელების მსხვილი აუდიტორია ჰყავს რუსეთში და ბელარუსში, როგორც ამას გვიჩვენებს გამოხმაურებები, რომლებსაც ჩვენი მსმენელებისგან ყველა შესაძლო არხით ვიღებთ, მათ შორის, სოციალური ქსელებში.
რომან კოლიადა:
ზოგჯერ ისეთი რეაქცია მაქვს, რომ ყვირილი მინდება და შეიძლება გავგიჟდე, თუ ნაცნობ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში უკვე წავაწყდი. შემდეგ „შიდა ფილტრს“ ვრთავ და ვფიქრობ, რა იქნება რეაგირების საუკეთესო გზა, თუ ადამიანმა რაღაც გაუმიზნავად გამოაქვეყნა ემოციების ზეგავლენით. ზოგჯერ პირად შეტყობინებას ვწერ მაქსიმალურად თავაზიანად, რადგან რაც არ უნდა იყოს, რეაგირებას ახდენთ იმაზე, რაც სხვა ადამიანისთვის შეიძლება ძვირფასი იყოს. თუ ვითარება სერიოზულია, Facebook-ს ვუგზავნი საჩივარს. თუ ეს ბოტების კატეგორიიდან მოდის, მაშინ უბრალოდ ვბლოკავ ან ყურადღებას არ ვაქცევ.
ოლექსი მაცუკა:
ვაქცინებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ბევრი ნიმუში არსებობს და ისინი ხშირად მესმის. ჩვეულებრივი ადამიანებისგან ხშირად ვისმენ პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც სინამდვილეში მათ არასდროს გაუკეთებიათ. დეზინფორმაციის გავლენის გაცნობიერების შემდეგ სევდა გეუფლება და მაშინვე წერის დაწყება გინდება.
დეზინფორმაციის მიერ წარმოქმნილი მთავარი რისკია ის, რომ რეალობას ამახინჯებს, დამახინჯებულ ინტერპრეტაციებს ქმნის ფაქტების გავრცელების ნაცვლად — ეს ყველაფერი, რასაკვირველია, გავლენას ახდენს როგორც გადაწყვეტილების მიღების, ისე საზოგადოების მართვის პროცესზე.

ოლექსი მაცუკა — ტელეარხ „დომის“ მთავარი რედაქტორი.
მიროსლავა ბარჩუკი:
დეზინფორმაცია და ნახევარსიმართლე სანდო ახალი ამბების პარალელურად ჩნდება. ასე იყო ყოველთვის მას შემდეგ, რაც გუტენბერგმა მექანიკური პრესი გამოიგონა ამ მხრივ, ციფრული სამყაროს მინუსია ელვის სისწრაფით და მასშტაბურად გავრცელება. თუმცა, წინააღმდეგობის გაწევას წერილობით ვცდილობ. ასეთი ინფორმაციის გამავრცელებლებს ვთხოვ დამადასტურებელი საბუთების და/ან განცხადებების ბმულების წარმოდგენას. არა შეთხზული ამბები და სტატია, არამედ სანდო ბმულები. ის, ვისაც შეთქმულების თეორიების სჯერა, როგორც წესი, აგრესიულობით გამოირჩევა.
რას ურჩევთ ხალხს დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად ან მის თავიდან ასაცილებლად?
ალიონა რომანიუკი:
ტყუილების გავრცელების შეჩერება ყველას შეუძლია. არ გააზიაროთ ინფორმაცია, თუ არ ხართ მასში დარწმუნებული, არ იკითხოთ „ყალბი ამბების საიტები“, არამედ მხარი დაუჭირეთ დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას.
დმიტრო ტუზოვი:
ყურადღება არ მიაქციოთ არხებს, რომლებიც პროკრემლისტურ დეზინფორმაციას ავრცელებენ ან რომელთა მაკონტროლებლებს, დიქტატორებსა და ოლიგარქებს გარკვეულ ბაზრებზე მონოპოლიური მდგომარეობა აქვთ. არ დატოვოთ დეზინფორმაცია რეაგირების გარეშე და აცნობეთ მის შესახებ, სადაც ხელი მიგიწვდებათ. სოციალურ ქსელებშიც კი. ინფორმაცია შეამოწმეთ რამდენიმე წყაროში — პირველ რიგში, გაეცანით მედიას, რომელსაც ენდობით. შეამოწმეთ ფოტოები და ვიდეოები: ყურადღება მიაქციეთ ტანსაცმლის ან მცენარეულობის სეზონურ შეუსაბამობას. შეამოწმეთ გეოლოკაცია, ლანდშაფტი, არქიტექტურა. რაც არ უნდა საკვირველი იყოს, პირველადმა ანალიზმაც კი შეიძლება გამოამჟღავნოს დეზინფორმაციის დიდი ნაწილი.

დმიტრო ტუზოვი — Radio NV-ს წამყვანი.
ოლექსი მაცუკა:
გაიგეთ, ვინაა მედიის მფლობელი და მთავარი რედაქტორი, გამოიწერეთ მათი გვერდები სოციალურ ქსელში. შეისწავლეთ თქვენს ქვეყანაში ჟურნალისტების თვითრეგულირების დამოუკიდებელ ორგანოში საჩივრების წარდგენის მექანიზმები. არ გადატვირთოთ საკუთარი თავი საინფორმაციო პლატფორმებით. აირჩიეთ ის, რისი შემოწმებაც იოლია — ვინ აფინანსებს მედიარესურსს. შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ მედია თქვენი მსახური არაა და არ აქვს ვალდებულება, თქვენს პოლიტიკურ და იდეოლოგიურ გემოვნებას მოერგოს.
რომან კოლიადა:
გამოიყენეთ სანდო მედია და განეწყვეთ კრიტიკულად. შეამოწმეთ ავტორიტეტული წყაროები, როცა „დრამატულ“ ან შოკისმომგვრელ ამბავს წააწყდებით. სოციალურ ქსელებში აშკარა დეზინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში კომენტარის დატოვების ნაცვლად პირდაპირ პირადი შეტყობინება დაწერეთ, თუ ეს ადამიანი თქვენი ახლობელია. კომენტარის დატოვებით სოციალურ ქსელებში მის გავრცელებას შეუწყობთ ხელს. ასე მუშაობს ალგორითმები. მეტი ადამიანი ტოვებს კომენტარს — მეტი კითხულობს. თუ ადამიანი მტრულად იქცევა, არ მიაქციოთ ყურადღება ან დაბლოკეთ.

რომან კოლიადა — უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ჟურნალისტი და წამყვანი.
მიროსლავა ბარჩუკი:
არ ენდოთ არასანდო და შეუმოწმებელ წყაროებს. მოძებნეთ დამადასტურებელი საბუთები პირველწყაროებში. არ გაავრცელოთ საეჭვო, ემოციური ინფორმაცია. წაიკითხეთ სათაურების მიღმა. მხარი დაუჭირეთ ხარისხიან მედიას ფინანსურად. წაიკითხეთ ხარისხიანი და ფიქრის აღმძვრელი პრესა და თქვენი სამყარო უფრო ჭკვიანი და ჯანსაღი გახდება.
***
ვაგრძელებთ ამ ციკლის სტატიებს, რომლებიც პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ეძღვნება. მომდევნო ჯერზე აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს გავესაუბრებით. წინა სტატიები: 1-ელი ნაწილი. ბელარუსი; მე-2 ნაწილი. საქართველო; მე-3 ნაწილი. სომხეთი.