შეამოწმეთ წყარო. შეამოწმეთ წყარო. შეამოწმეთ წყარო…
ჟურნალისტები დეზინფორმაციის შესახებ. მე-6 ნაწილი: მოლდოვა
სანდო ჟურნალისტიკა დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს წარმოადგენს. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად EUvsDisinfo სტატიების სერიას აქვეყნებს და სიტყვას აძლევს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. მე-6 ნაწილი. მოლდოვა.
EUvsDisinfo ესაუბრა ოთხ გამორჩეულ მოლდოველ ჟურნალისტს, რომლებიც თანამედროვე ჟურნალისტიკის გამოწვევებსა და საკუთარ გამოცდილებას განიხილავენ. ესენია: ნატალია მორარი — ტელეკომპანია TV8. ვასილე ბოტნარუ — რადიო თავისუფალი ევროპა (რადიო თავისუფლება). ალინა რადუ — გაზეთი Ziarul de Gardă და ვლოგერი დორინ გალბენი. როგორც ყველგან, მოლდოვაშიც დეზინფორმაცია პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ მასთან ბრძოლის საშუალებებიც აქვთ.
რატომ არის ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანი?
ნატალია მორარი:
ჟურნალისტიკის როლი არ შეცვლილა. ხარისხიანი ჟურნალისტიკისთვის ცუდი დროა დადგა, მაგრამ ჩვენ მაინც სწორად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ხალხს და დავეხმაროთ მათ შემოწმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღებაში. იოლია „ვირუსულად გავრცელება“ და ციტატებში მოხვედრა, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს ნამდვილ ჟურნალისტიკას.
ალინა რადუ:
ჟურნალისტის როლი გულისხმობს არა მხოლოდ ინფორმირებას, არამედ პრობლემების მოგვარებაში საზოგადოების ჩართვასაც. მომწონს, როცა ჟურნალისტები ნამდვილ ამბებს გადმოსცემენ პრობლემურ საკითხებზე, სიმამაცეს იჩენენ კორუფციონერების და ადამიანის უფლებების შემლახველების წინააღმდეგ.

ალინა რადუ — გაზეთი Ziarul de Gardă.
ვასილე ბოტნარუ:
ჟურნალისტიკა ჰგავს გადამცემ ღვედს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შორის. შესაძლოა, ძველმოდური ვარ, მაგრამ პასუხისმგებლობიანი, მოტივირებული, „მისიონერული“ ჟურნალისტიკის მწამს. ეს ნიშნავს კულისებში შეხედვას და ფაქტების წარმოდგენას დასკვნების, განცხადებებისა თუ კომენტარების ნაცვლად, რათა ადამიანებმა საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება შეძლონ.
რატომ არის დეზინფორმაცია მავნე?
ნატალია მორარი:
COVID-19-მა წარმოშვა დეზინფორმაციის ახალი ნიმუშები: [ეგრეთ წოდებული] „დაჩიპვა“ — დასავლეთში შემუშავებული სატანური გეგმა. ეს ნიშნავს, რომ ხალხი არ აიცრა და საფრთხე შეუქმნა საკუთარ და სხვათა სიცოცხლეს.

ნატალია მორარი — ტელეკომპანია TV8.
დორინ გალბენი:
ჩემი მეგობრებისა და ოჯახის ცხოვრებას პირდაპირ შეეხო და ეხება COVID-19-ის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია: იქნება ეს შეთქმულების თეორიები თუ მცდარი შეხედულებები, რომელთა გამოც სერიოზულად არ აღიქვეს საფრთხე და მძიმედ გადაიტანეს დაავადება.

დორინ გალბენი, დამოუკიდებელი ვლოგერი.
ალინა რადუ:
პროფესიონალური სადეზინფორმაციო წყაროების (როგორიცაა, მაგალითად, კრემლის მიერ დაფინანსებული რამდენიმე არხი) განვითარებასთან ერთად, ბევრ ჟურნალისტს თავს ესხმიან და ემუქრებიან „არმიები“, რომლებიც შედგება ტროლებისგან და სოციალურ მედიაში ყალბი ანგარიშების მფლობელებისგან. დეზინფორმაცია მნიშვნელოვნად ვნებს საზოგადოებას. მოკლევადიანი ზიანი გულისხმობს იმას, რომ ხალხი ბოროტდება, კარგავს იმედს და მცდარ ინფორმაციას იჯერებს. აღსანიშნავია გრძელვადიანი ზიანიც: იკარგება მეცნიერებისადმი ნდობა. ასევე, ზიანდება მედიისადმი ნდობა და ზოგადად, თვითონ საზოგადოებაში იკარგება ნდობა. ამ ნდობის აღდგენა ძალიან რთულია.
რა შეიძლება გააკეთოს ხალხმა დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად ან მის თავიდან ასაცილებლად?
ალინა რადუ:
ჩემი რჩევაა: ეს ბაზარში ხილის არჩევას ჰგავს. აირჩიეთ კარგი მედიასაშუალება, რომელიც არ დაგაზიანებთ. დამპალი ვაშლი მოწამვლას იწვევს. ანალოგიურად, ზიანის მოყენება შეუძლია გაფუჭებულ მედიაპროდუქტს, ყალბ ამბავს. შედარების სახით ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ახალი ადამიანის გაცნობა: რაღაც პერიოდის განმავლობაში გაქვთ კომუნიკაცია, რომ გაიგოთ, პატიოსანია თუ არა ის.
დორინ გალბენი:
დეზინფორმაციასთან შეჯახებისას ვეძებ მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებს, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება და ამის შესახებ ვსაუბრობ ჩემს შოუებში, ინტერვიუებსა და ბლოგებზე. ბოლო დროს დეზინფორმაციის შემთხვევებს განვიხილავ პლატფორმაზე „TV PRIVEȘTE“, რომელიც „დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ცენტრმა“ შექმნა.
ნატალია მორარი:
შეამოწმეთ წყარო, შეამოწმეთ წყარო, შეამოწმეთ წყარო! სიფრთხილე გამოიჩინეთ კითხვისას და სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გაზიარებისას. ხშირად ხალხი მხოლოდ სათაურს კითხულობს და ახალ ამბავს არც კი ხსნის. ისწავლეთ იმის გაგება, თუ ვინ დგას მედიასაშუალების უკან. ისწავლეთ იმის გაგება, თუ ვინ არის რედაქტორი. არცთუ ისე ძნელია თქვენს ქვეყანაში თუ რეგიონში სანდო მედიაწყაროების სიის შედგენა გაზიარებამდე დარწმუნდით, რომ მედია ოლიგარქის ან პოლიტიკური პარტიის ფარულ ინტერესებს არ უწევს რეკლამას.
ვასილე ბოტნარუ:
სამწუხაროდ, ტყუილი სიმართლეზე უფრო ჭკვიანი და ეშმაკია. როგორც ამბობენ, „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და შორს ვერ წავა, მაგრამ შეპარვა შეუძლია“. ჩვენ ვცხოვრობთ „სიმართლის შემდგომ“ პერიოდში, რომელშიც დაუდასტურებელი ინფორმაციისა თუ დეზინფორმაციის გავრცელებაზე შეზღუდვა მოხსნილია. საბოლოო მიზანი მანიპულაციაა. ამის მაგალითებია ყირიმი ან სირია. ბევრს ახსოვს მცდარი ახალი ამბავი, რომ თითქოს დონბასში ბავშვი აცვეს ჯვარს.

ვასილე ბოტნარუ — რადიო თავისუფალი ევროპა (რადიო თავისუფლება).
რას იტყოდით პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით?
ალინა რადუ:
არ მისცეთ პოლიტიკოსებს კარგი ჟურნალისტების ძალისხმევისთვის ხელის შეშლის საშუალება. როცა პოლიტიკოსები აკონტროლებენ პრესას, რეკლამას, ტელერადიომაუწყებლობის საბჭოს, მოლდოვის ფოსტას, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს არ აძლევენ მუშაობის შესაძლებლობას, წაგებული რჩება მთელი საზოგადოება და მხოლოდ კორუფციონერები იმარჯვებენ.
ვასილე ბოტნარუ:
პრესა წარმოადგენს საზოგადოებრივი კონტროლის ინსტრუმენტს მათზე, ვისაც ძალაუფლება გადავეცით. ეს აუცილებელია, თუ გვსურს, გვყავდეს ჯანსაღი საზოგადოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე ვხედავთ ალტერნატივას სხვაგან, სადაც პრესა ციხეშია და ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი ბობოქრობს.
დორინ გალბენი:
კარგად ინფორმირებული ადამიანის მანიპულირება ძნელია!
ამით ვასრულებთ 6 სტატიის შემცველ სერიას, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მივიღეთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. მადლობას ვუხდით 6 ქვეყნის 28-ვე ჟურნალისტს მონაწილეობისთვის და მათი შეხედულებებისა და დასკვნების გაზიარებისთვის.
პრესის თავისუფლება მნიშვნელობას არ კარგავს. სამწუხაროდ, ბოლო 12 თვის განმავლობაში გამოკვეთილი გლობალური ტენდენციები დამაიმედებელი არ ჩანს. „დემოკრატიის მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (V-DEM Institute) თანახმად, 2020 წელს მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების ორმა მესამედმა მედიას შეზღუდვები დაუწესა. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის თანახმად, 2020 წელს 274 ჟურნალისტი დააპატიმრეს მათი საქმიანობის გამო. 2021 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი გვიჩვენებს, რომ ჟურნალისტიკა საუკეთესო ვაქცინაა დეზინფორმაციის წინააღმდეგ. თუმცა, COVID-19-ის შეზღუდვების გამო, მისი მუშაობა სრულად ან ნაწილობრივ დაბლოკეს 180 ქვეყნიდან 73%-ში. გამოკითხვა ჩაატარა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. ეს მოიცავს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, რომლებშიც ჟურნალისტები ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეების წინაშე დადგნენ. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ხარისხიანი ჟურნალისტიკისთვის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რადგან პრესის თავისუფლება თქვენი თავისუფლებაა და ის მნიშვნელოვანია წელიწადის ნებისმიერ დღეს.
წინა სტატიები: 1-ელი ნაწილი. ბელარუსი; მე-2 ნაწილი. საქართველო; მე-3 ნაწილი: სომხეთი; მე-4 ნაწილი: უკრაინა; მე-5 ნაწილი: აზერბაიჯანი.