დეზინფორმაცია რეჟიმის სამსახურში: მიგრაცია და ნატო პროკრემლისტური მედიის ყურადღების ცენტრშია
ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ პოლიტიკური მიზნით მიგრანტების სისტემატურ და ცინიკურ გამოყენებასთან ერთად დეზინფორმაციული და მანიპულაციური კამპანიებიც გრძელდება. ამასობაში უკრაინის საზღვრებთან რუსეთი სამხედრო ძალებს უყრის თავს და პროკრემლისტური მედია მზარდ საომარ რიტორიკას მიმართავს ნატოსა და უკრაინის წინააღმდეგ.
რუსეთის მთავრობის მიერ მართული მედია მუდმივად იმყოფება ბელარუსის საზღვარზე, ხოლო რუსი დეპუტატი პოლონელ მესაზღვრეებს უყვირის, რომ ევროკავშირი მათ ბავშვებს წაართმევს და ერთსქესიან წყვილებს გადასცემს აღსაზრდელად — ბოლო კვირებში პროკრემლისტური მედიასაშუალებები (და ხელისუფლების წარმომადგენლები) თავგამოდებით იცავენ ლუკაშენკოს რეჟიმის მცდელობებს, რომლებიც მიგრაციის ინსტრუმენტალიზაციისკენ არის მიმართული.
ბელარუსელ კოლეგებთან ერთად პროკრემლისტური მედიასაშუალებები ხელიდან არ უშვებენ შესაძლებლობას, საერთაშორისო დონეზე შებღალონ ევროკავშირის რეპუტაცია, ჩირქი მოსცხონ პოლონეთს და ყურადღება გადაიტანონ ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში დამყარებული ანტირეკორდებიდან. ეს ტენდენცია ამ კვირაშიც გაგრძელდა და სადეზინფორმაციო საშუალებები:
- ევროკავშირს სდებდნენ ბრალს „მიგრაციული კრიზისის“ გამოწვევაში და „ორმაგ სტანდარტებში“ ადანაშაულებდნენ მას;
- ევროკავშირს ადანაშაულებდნენ ბალარუსისა და რუსეთის დესტაბილიზაციის მცდელობებში;
- ამტკიცებდნენ, რომ ევროკავშირის მიერ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები „არალეგიტიმურია“;
- პოლონეთს ადანაშაულებდნენ მიგრანტების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციებსა და ძალადობაში;
- აცხადებდნენ, რომ პოლონეთს „არ სურს“ ბელარუსთან თანამშრომლობა და სიტუაციის მოგვარება.
მსგავსი დეზინფორმაციული შეტყობინებები ახალი არ არის და ბელარუსის მთავრობის მიერ მართულ მედიასა და პროკრემლისტურ მედიაში 2021 წლის ზაფხულის ბოლოდან ცირკულირებს, ანუ მას შემდეგ, რაც მინსკმა მიგრანტების უკანონო გადაყვანის სქემა აამოქმედა საერთაშორისო მასშტაბით.
თუმცა, ემპირიული კანონზომიერებაა, რომ რაც უფრო დიდხანს გრძელდება სადეზინფორმაციო კამპანია, მით უფრო რადიკალურ ფორმებს იღებს ის. ეს ცხადი გახდა ახლახან, როცა ბელარუსის მთავრობის მიერ მართულმა მედიამ და შემდეგ პროკრემლისტურმა მედიამ პოლონეთის დადანაშაულება დაიწყო საზღვარზე მყოფი მიგრანტების მიმართ ქიმიური იარაღისა და მოწამლული წყლის ჭავლის გამოყენებაში.
ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე შექმნილ მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებული დეზინფორმაციის უწყვეტი ნაკადი ნათლად გვიჩვენებს, რომ საინფორმაციო მანიპულაცია ლუკაშენკოს არალეგიტიმური რეჟიმის გაძლიერებისა და ხელისუფლებაში დარჩენის მთავარი კომპონენტია.

რიტორიკის ესკალაცია ნატოსა და უკრაინის წინააღმდეგ
EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზა ნატოს შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის 1100-ზე მეტ მაგალითს შეიცავს. მათ თანახმად, ალიანსი (და ზოგადად, დასავლეთი) რუსეთს „პროვოკაციას“ უწყობს და „ალყაში“ აქცევს.
ახლახან მზარდი საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრამ, ხოლო პროკრემლისტურმა მედიამ რიტორიკის ესკალაცია დაიწყო, თითქოს ნატო რუსოფობიულია და კაცობრიობისთვის საფრთხეს წარმოადგენს; თითქოს ის აწყობს „პროვოკაციებს“ ყირიმთან ახლოს და ჰიბრიდული ომის მეთოდებს იყენებს; და თითქოს ნატო არღვევს ნატო-რუსეთის ფუძემდებლური აქტის პრინციპებს (წინასწარ გეტყვით: ეს სიმართლეს არ შეესაბამება).
ამ ყველაფერთან ერთად გავრცელდა შეტყობინებები, თითქოს აშშ უბიძგებს უკრაინასა და ევროპას რუსეთთან დაპირისპირებისკენ და სხვისი ხელით „პატარა ომის“ გაჩაღება სურს შუა აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში წარმოებული პოლიტიკიდან ყურადღების გადასატანად. ამავდროულად უკრაინას წარმოაჩენენ „ჩამოშლის პირას“ მყოფ უმწეო მსხვერპლად და მუდმივ აგრესორად, რომელიც ომში რუსეთის ჩათრევას ცდილობს.
მსგავსი ნარატივი ძალიან ჰგავს კრემლის რიტორიკას მიმდინარე წლის დასაწყისში, როცა რუსეთმა დიდი რაოდენობით ჯარსა და სამხედრო აღჭურვილობას მოუყარა თავი უკრაინის სიახლოვეს. ეს ასევე გვიჩვენებს, როგორ გამოიყენება დეზინფორმაცია რუსეთის სამხედრო პოზიციონირების მხარდასაჭერად (ან შესანიღბავად), რომ არაფერი ვთქვათ ადგილზე წარმოებულ საომარ ოპერაციებზე
დაბოლოს, გადამდგარმა რუსმა ადმირალმა ამ კვირაში სრულიად მოულოდნელად განაცხადა, რომ ნატოს ხომალდმა გამოიწვია რუსეთის წყალქვეშა ნავის, „კურსკის“ ჩაძირვა, რამაც 118 მეზღვაურის სიცოცხლე იმსხვერპლა. მსგავსი განცხადებები 2000 წელს მომხდარი ინციდენტის შემდეგ თვითონ რუსეთის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებს ეწინააღმდეგება. ეს ყველაფერი მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ პროკრემლისტური მედიისა და მისი ექსპერტებისთვის ფაქტები საძერწი მასალასავითაა და მათთვის ნებისმიერი ფორმის მიცემაა შესაძლებელი პოლიტიკური საჭიროებების მიხედვით. როგორც ჩანს, რუსეთის მტრად ნატოსა და ზოგადად, დასავლეთის წარმოჩენა სწორედ ისაა, რაც დღეს კრემლს სჭირდება.