კრემლის სარკისმიღმეთი
| NATO ACCESSIONS | ნატოში შესვლა |
| III RUSSIAN REACTIONS | III რეაქცია რუსეთის მხრიდან |
| AGGRESSIVE | აგრესია |
| DISMISSIVE | უგულებელყოფა |
| SEEMINGLY DISINTERESTED | გარეგნული გულგრილობა |
კრემლმა ვერ შეძლო რეალობის აღქმა და სარკეში ჩახედვა, რამაც ფინეთსა და შვედეთს საბოლოოდ გადააწყვეტინა ნატოში გაწევრება.
რუსეთი გაუმართლებლად და უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში 24 თებერვალს, თითქმის ზუსტად რვა წლის თავზე მას შემდეგ, რაც ყირიმის უკანონო ოკუპაცია მოახდინა, ცუდად შენიღბული თავდასხმები განახორციელა და დონბასის რეგიონში მარიონეტული რეჟიმები დაამყარა. ამ ყველაფერმა ინტენსიური საჯარო დებატები გამოიწვია ფინეთსა და შვედეთში.
რუსეთის სამხედრო შეჭრამ, რომელსაც ფინეთის პრეზიდენტმა უწოდა მომენტი, როცა ნიღბები ჩამოიხსნეს და მხოლოდ ომის ცივი სახე დარჩა, ისტორიული ცვლილება გამოიწვია: 18 მაისს ნეიტრალურმა ფინეთმა და შვედეთმა ერთდროულად შეიტანეს ნატოში გაწევრების განაცხადი.
ამ ორ სკანდინავიურ ქვეყანაში პროცესების ასე განვითარების მიზეზი არ ყოფილა მხოლოდ კრემლის მუდმივი უპატივცემულობა საერთაშორისო სამართლისა და მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის მიმართ ან რუსეთის მხრიდან გენოციდური ომის წარმოება უკრაინის წინააღმდეგ. ჰელსინკიში და სტოკჰოლმში გათვლების შეცვლა ასევე გამოიწვია კრემლის წრეებში მკაფიოდ გაცხადებულმა იმპერიულმა ამბიციებმა და კოლონიურმა დამოკიდებულებამ, რომელმაც სიძულვილის ენის სახე მიიღო უკრაინისა და უკრაინელების და ზოგადად, დასავლეთისა და ჩვენი ღირებულებების წინააღმდეგ.
პრეზიდენტ ნიინისტოს აზრით, კრემლმა სარკეში უნდა ჩაიხედოს, რომ იპოვოს რეალური დამნაშავე ორი სკანდინავიური ქვეყნის კურსის ცვლილებაში. მიუხედავად ამისა, კეთილსინდისიერი თვითანალიზის მომენტები იშვიათი შეიძლება იყოს მათთვის, ვინც ამოტრიალებულ „სარკისმიღმეთში“ ცხოვრობს და სარკეში მხოლოდ კრემლის მიერ წარმოსახულ წარსულ დიდებას უყურებს.
დეზინფორმაციის ამოტრიალებულ, პროკრემლისტურ სამყაროში არ არსებობენ ფინეთისა და შვედეთის მსგავსი ქვეყნები, რომლებიც ნამდვილ სუვერენიტეტს გამოხატავენ და საზოგადოების ნებას ასრულებენ ნატოში გაწევრების გზით. ამის საპირისპიროდ, თითქოს ვიღაც სხვა იღებს გადაწყვეტილებებს და პროცესს კულისებიდან მართავს. ამ წარმოსახვით სამყაროში ალიანსში გაწევრება სუვერენიტეტის დაკარგვას იწვევს. სუვერენიტეტის დაკარგვის ნარატივი განსაკუთრებით არასერიოზულად ჟღერს: თითქოს რუსეთის გავლენის სფეროში მოხვედრა ნამდვილ სუვერენიტეტს ნიშნავს ვინმესთვის.
სკანდინავიური საზოგადოებისა და გადაწყვეტილების მიმღებთა არასწორად გაგების და მათთვის ნატოში გასაწევრებლად დამატებითი მიზეზის მიცემის კიდევ ერთი მაგალითია რუსი ჩინოვნიკების მუქარა ფინეთისა და შვედეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, თუ ქვეყნები ნატოში შევლენ.
დაბოლოს, პუტინი შეეცადა, ნაკლებად მნიშვნელოვნად წარმოეჩინა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ფინეთისა და შვედეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და გულგრილი დამოკიდებულება აჩვენა, რამდენიმე დღის შემდეგ კი პასუხის სახით შოიგუს გამოაცხადებინეს ახალი სამხედრო დანაყოფების შექმნა რუსეთის დასავლეთ რეგიონში. შოიგუს განცხადებაში ერთი რამ მაინც ბუნდოვანი იყო: ახალი დანაყოფები ხომ არ ანაცვლებენ ძველ დანაყოფებს , რომლებიც უკრაინაში გაანადგურეს?
იმპერიული მიზნებისა და კოლონიური მისწრაფებების მქონე ავტოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, რუსეთი, ხელისუფლებას ეშინია სუვერენული ქვეყნების, რომლებსაც საკუთარი ჭეშმარიტი ნების გამომხატველი თავისუფალი და განათლებული მოქალაქეები აძლიერებენ. ამ შიშის ნათელი მაგალითია კრემლის პროპაგანდისტული მანქანის რეაქცია ნატოში ფინეთისა და შვედეთის გასაწევრებლად დაწყებულ პროცესზე, მაგრამ ამავე დროს, მას ასევე კარგად წარმოაჩენს აშკარა რუსული ბარბაროსობა, რომელიც საკუთარ თავზე გამოცადეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა უკრაინა და საქართველო.
მაშინ, როცა ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრების პროცესს აგრძელებენ, უკრაინა კი თავის ისტორიულ სამშობლოში, ქვეყნების ევროპულ ოჯახში ბრუნდება, კრემლის მხრიდან მოსალოდნელია სიტყვიერი თავდასხმები და პრიმიტიული აგრესია. ეს ასე გაგრძელდება, თუ კრემლი მოულოდნელ ნაბიჯს არ გადადგამს, სარკეში არ ჩაიხედავს და წარსულ და ახლანდელ დანაშაულებს კეთილსინდისიერად არ შეაფასებს.