პოლიტიკის მოულოდნელი ცვლილებები: ქართული ოცნების რიტორიკა ევროკავშირის შესახებ

საქართველოს მმართველი პარტია სულ უფრო მეტად მტრულ რიტორიკას მიმართავს ევროკავშირისა და დასავლეთის წინააღმდეგ, ოპოზიციის შევიწროების კვალდაკვალ. არჩევნების წინ პრო-კრემლისტურმა სუბიექტებმაც მიმართეს მთავრობის რიტორიკას.

გასულ წლებში, მმართველი პარტიის „ქართული ოცნება“ პრო-ევროპული ფასადი სწრაფად ჩამოინგრა, რამაც ბზარი გააჩინა საქართველოს მთავრობასა და დასავლელ პარტნიორებს შორის. ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის უკრაინაში არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი შეჭრის პასუხად დაწესებულ სანქციებთან შეუერთებლობის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პრო-ევროპულ დღის წესრიგთან დისტანცირება დაიწყო, მაგრამ საჯაროდ საპირისპიროს ამტკიცებს. მას შემდეგ, „ქართული ოცნების“ რიტორიკა უფრო გამოკვეთილი გახდა დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ისა და ევროკავშირის, ღია დადანაშაულებაში. ამ სტატიაში განვიხილავთ ტრაექტორიის ამგვარი ცვლილების განვითარებას და გამოვკვეთთ კრემლიდან მომდინარე დეზინფორმაციულ ნარატივებსა და ინფორმაციით მანიპულაციებთან თანხვედრას.

გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა

„ქართულმა ოცნებამ“, ყველას გასაკვირად, პრო-ევროპული პოზიციებისგან დისტანცირება მაშინ დაიწყო, როცა საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, 2022 წლის მარტში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა. 2022 წლის 23 ივნისს საქართველომ მიიღო „ევროპული პერსპექტივა“ მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა. აღნიშნულ სტატუსს მოჰყვა თორმეტი პრიორიტეტული საკითხი, რომელიც უნდა გადაჭრილიყო გაწევრიანების გზაზე.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ დაიწყო განტევების ვაცის ძიება და შედეგის ეჭვქვეშ დაყენება, რისთვისაც ყალბ ნარატივებსა და შეთქმულების თეორიებს მიმართა. აღნიშნული ბრალდებები მოიცავდა იმასაც, რომ ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აქტიურად ეწეოდნენ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საწინააღმდეგო კამპანიას. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე უკეთ მომზადებულია ევროკავშირში გასაწევრიანებლად და ის უფრო იმსახურებდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არც ევროკავშირის თანამდებობის კონკრეტული პირებისა თუ ორგანიზაციების წინააღმდეგ გალაშქრება ითაკილეს. მაგალითად, „ევროპის ხალხთა პარტია“ (EPP) დაადანაშაულეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ობსტრუქციაში. რამდენიმე ევროპარლამენტარიც კი გამოარჩიეს მათი კრიტიკული მოსაზრებების გამო და მათ „ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობაზე თავდასხმა“ და საქართველოს საშინაო საქმეებში „აგრესიულად ჩარევა“ დააბრალეს.

ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთვის „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭებამდე „ქართული ოცნების“ ლიდერები ცდილობდნენ კანდიდატის სტატუსის დაკნინებას, აცხადებდნენ რა, რომ ის მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლური რამაა. იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დაიმუქრა კიდეც, რომ „ყველაფერს ფარდას ახდიდა“, თუ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ იქნებოდა „უსამართლო“ და „ჩვენი ქვეყნისა და ხალხის შეურაცხმყოფელი“.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გააღრმავეს ანტი-ევროპული რიტორიკა, რომ ევროინტეგრაცია რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და ომში ჩართვის ფასად დაუჯდებოდა ქვეყანას. მათი მტკიცებით, საქართველო დაისაჯა რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვის კუთხით დასავლეთის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.

„ქართული ოცნების“ გაყოფა

საქართველოსთვის „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭებიდან მალე „ქართული ოცნების“ რამდენიმე პარლამენტარმა დატოვა პარტია, ამტკიცებდნენ რა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილების უკან არსებული მიზეზების შესახებ „უფრო ღიად აცნობებდნენ საზოგადოებას“. ამ პარლამენტარებმა აქტიურად დაიწყეს ევროკავშირისა და აშშ-ის წინააღმდეგ ანტი-დასავლური ნარატივის გავრცელება, რომლის თანახმადაც, საქართველო ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუ ის რუსეთთან ომში არ ჩაერთვებოდა ან რუსეთს სანქციებს არ დაუწესებდა. მათ დააფუძნეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“, რომლის გაცხადებული მიზანია დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციის დაცვა საქართველოში.

სინამდვილეში, ისინი ღიად აკრიტიკებდნენ აშშ-სა და ევროკავშირს, მათ წარმომადგენლობებს საქართველოში და ევროპელ და ამერიკელ თანამდებობის პირებს. მაგალითად, მას შემდეგ, რაც აშშ-ის საელჩომ გააკრიტიკა მოსმენების კანონი, „ხალხის ძალამ“ საელჩო დაადანაშაულა აგენტების გამოყენებით არეულობის პროვოცირებაში, პოლარიზაციის გაღრმავებასა და ისეთი მოქმედებების წახალისებაში, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას გამოიწვევდა. მიუხედავად იმისა, რომ „ხალხის ძალა“ მეტწილად აშშ-ის წინააღმდეგ ილაშქრებდა, მისი სამიზნე ხშირად იყო ევროკავშირის ინსტიტუტებიც, კერძოდ, ევროკავშირის მიერ საქართველოს მთავრობის მოქმედებების კრიტიკის პასუხად. „ხალხის ძალა“ ძირითადად აკრიტიკებდა საქართველოს დასავლელ პარტნიორებს, როცა მმართველი პარტია ინარჩუნებდა პროდასავლურ და პროევროპულ რიტორიკას.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი

2023 წელს ხალხის ძალამ დააინიციირა „უცხო ქვეყნის აგენტების“ კანონი, რომლის სამიზნეც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებია (სსო) და რომელიც იმეორებს რუსეთში მოქმედ კანონს. ადგილობრივი თუ საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, უდიდესი სამოქალაქო პროტესტის ფონზე, მმართველმა პარტიამ მიიღო კანონი მისი საჭიროების გამო.

ამ საკანონმდებლო ნაბიჯს თან ახლდა სიცრუის კამპანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების, განსაკუთრებით მათ მიმართ, რომლებიც მთავრობის ხარვეზებს აღნიშნავდა. ბრალდებები გავრცელდა დასავლეთზეც. უცხო ქვეყნის აგენტების კანონის თაობაზე კრიტიკის პასუხად, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა დაადანაშაულა დასავლელი მოკავშირეები „საქართველოს ფარულად ოკუპაციაში“.

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს, სახალხო პროტესტის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო უცხო ქვეყნის აგენტების კანონი მეორე მოსმენაზე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მთავრობის უოჩდოგებზე, ფაქტების შემმოწმებლებზე, გამომძიებელ ჟურნალისტებსა და მთავრობის სხვა კრიტიკოსებზე ვერბალური თავდასხმები გაგრძელდა. ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ იმდროინდელმა ლიდერმა, არაფრად ჩააგდო კანონის წინააღმდეგ პროტესტი და განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებს „ლიბერალური ფაშიზმის“ იდეოლოგია მართავდა. მოგვიანებით, „ხალხის ძალამ“ გაიმეორა იგივე განცხადება და დასავლეთი „გლობალური ომის პარტიად“ შერაცხა, აშშ-ისა და ევროკავშირის ინსტიტუტები კი „ლიბერალური ფაშიზმის“ დაფინანსებაში დაადანაშაულა.

კანდიდატის სტატუსის დაბრუნება

„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ნარატივი იმის შესახებ, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, გამძაფრდა 2023 წელს, როცა საქართველოსთვის კანდიდატობის გადაწყვეტილების მიღების თარიღი მოახლოვდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უკვე რამდენიმე ბრალდებას უყენებდნენ ევროკავშირს, ამტკიცებდნენ რა, რომ გაწევრიანების პროცესი არ ეფუძნებოდა დამსახურებებს და ევროკავშირი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს. მაგალითად, იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, აცხადებდა, რომ ევროკავშირი შეცდომას დაუშვებდა, თუ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მიანიჭებდა, ხოლო „ქართული ოცნების“ იმდროინდელი თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ უარყოფითი გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლარიზაციას გაზრდიდა.

ამასთან, „ქართული ოცნება“ ადანაშაულებდა „გლობალური ომის პარტიას“. მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ ასრულებდა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს, „ქართული ოცნება“ კვლავ მიუთითებდა, რომ „გლობალურმა ომის პარტიამ“, შესაძლოა, შეეცადოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება შეაფერხოს, რითაც ცდილობდა ქვეყნისთვის შესაძლო უარყოფითი შედეგების პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.

„ქართული ოცნება“ წინასწარ იმზადებდა თავის მართლების მიზეზებს და ხელისუფლებამ გაამკაცრა რიტორიკა, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გაავრცელა განცხადება, რომელშიც ბრალს სდებდა „საქართველოში და ქვეყნის გარეთ მყოფი გარკვეული ჯგუფის წევრებს“ ვითომდაც შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის პროვოცირება, საბოლოო მიზნად კი „მთავრობის ძალადობრივი გზით დამხობა“ სახელდებოდა. სუს-მა განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ ხსენებული სცენარი გააქტიურდებოდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ამტკიცებდა, რომ მისი განხორციელება კოორდინირებული და ფინანსურად მხარდაჭერილი იყო „უცხო ქვეყნების“ მხრიდან.

ამის შემდეგ სუს-მა მალევე გაავრცელა კიდევ ერთი განცხადება, რომელშიც დამატებითი დეტალები გაამხილა სავარაუდო შეთქმულების შესახებ. სუს-მა განაცხადა, რომ სამი სერბი ინსტრუქტორი, რომლებიც საქართველოს აშშ-ის USAID-ს მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ეწვივნენ, აქტიურად გადაიბირებდნენ და ამზადებდნენ აქტივისტებს, რათა ორგანიზება გაეწიათ მთავრობის ძალადობრივი დამხობისთვის. სუს-ის განცხადებით, ეს ინსტრუქტორები დაკავშირებული იყვნენ CANVAS-თან (ძალადობის გარეშე მოქმედებებისა და სტრატეგიების გამოყენების ცენტრი) CANVAS ამზადებდა ახალგაზრდულ ჯგუფებს „რევოლუციური სცენარისთვის“, რომელიც, სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე უნდა განვითარებულიყო.

სუს-ის მიერ „გამომჟღავნებულმა ინფორმაციამ“ შეაგულიანა „ქართული ოცნება“, რომელმაც გაამყარა ეს მტკიცებები. ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო ონლაინ გამოცემა „ინდიგოს“ მიერ და მხარდაჭერილი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ, მმართველი პარტიის წევრებმა გამოიყენეს იმის დასამტკიცებლად, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოში „რევოლუციური პროცესების“ დაგეგმვას აპირებდნენ და რომ ამ აქტორებმა 2023 წლის მარტში უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება იმ მიზნით შეაფერხეს, რომ თავიანთი გეგმები დაეფარათ. დასავლეთს დააბრალეს რადიკალიზმისა და რევოლუციური დღის წესრიგის დაფინანსება.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიანიჭა, „ქართული ოცნება“ კვლავ განაგრძობდა ანტიდასავლურ და ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკას.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი 2.0

მიუხედავად მნიშვნელოვანი კრიტიკისა 2023 წელს „უცხო ქვეყნის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით და საკუთარი დაპირებების წინააღმდეგ, რომ ხელახლა აღარ დააინიციირებდა მას, „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის აპრილში კვლავ წარადგინა ეს კანონი, რასაც თან ახლდა განცხადება, რომელშიც მძაფრად ესხმოდნენ თავს ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ბრალს სდებდნენ ხელისუფლების შეცვლის მცდელობაში და ქვეყნის რუსეთთან ომში ჩათრევაში, ასევე, მოითხოვდნენ მათ უცხოურ დაფინანსებაზე მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. „ქართულმა ოცნებამ“ დაადანაშაულა დემოკრატიის ევროპული ფონდიც (EED) 2024 წლის არჩევნებში სავარაუდო ჩარევაში.

კანონპროექტის ხელახლა ინიციირებამ ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის გაზრდა გამოიწვია, ხოლო კრემლის მხარდაჭერამ „ქართული ოცნების“ პოზიციები გააძლიერა. ანტიდასავლური რიტორიკა „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების მხრიდან გაიზარდა, ხოლო ისეთი ფიგურები, როგორიცაა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, დასავლეთის „გლობალურ ომის პარტიას“ ადანაშაულებდნენ საქართველოს საქმეებში ჩარევასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დახმარებით ქვეყნის სუვერენიტეტის შესუსტების მცდელობაში. კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების საპასუხოდ, „ქართულმა ოცნებამ“ პროსამთავრობო შეკრება მოაწყო, სადაც ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთი დაადანაშაულა საქართველოსა და უკრაინის „საზარბაზნე ხორცად“ გამოყენებაში და დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები ქართულ პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულა.

„ქართული ოცნების“ ოფიციალურმა პირებმა უარყვეს ევროპარლამენტის რეზოლუციაც, რომელიც კანონპროექტს აკრიტიკებდა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მას უსარგებლო და შეურაცხმყოფელი უწოდა, რაც პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებმაც გაიმეორეს. „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მას „სამარცხვინო მაკულატურა“ უწოდა, ხოლო ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს რეზოლუცია მიზნად ისახავდა საქართველოს დასჯას დამოუკიდებლობისთვის.

მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტარების წერილში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს მოუწოდეს, განეხილა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შეჩერება „უცხო ქვეყნის აგენტების“ კანონის წინააღმდეგ გამართული პროტესტის ძალადობრივი მეთოდებით ჩახშობის გამო, „ქართული ოცნების“ ლიდერები თავს დაესხნენ წერილში მონაწილე ევროპარლამენტარებს. პარლამენტის სპიკერმა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის შეჩერების რისკი არ არსებობდა და ეჭვქვეშ დააყენა ევროპარლამენტარების მიზნები, მათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) მხარდამჭერები უწოდა, ხოლო მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტარები პროტესტის წახალისებაში დაადანაშაულა.

მმართველი პარტიის წევრებმა და მათთან დაკავშირებულმა პირებმა ცილი დასწამეს ევროპელ პოლიტიკოსებს, თბილისში კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო. პროტესტში მათი მონაწილეობა მიუღებელ ჩარევად გამოაცხადეს ოპოზიციის სასარგებლოდ. რამდენიმე მათგანმა ევროკავშირის დიპლომატებისა და სხვა პოლიტიკოსების პროტესტში მონაწილეობა რევოლუციაში გარე ძალების ჩართულობად და ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევად შერაცხეს, რაც, მათი თქმით, ემსახურებოდა პროცესის მაიდანიზაციას და შიდა რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებას. სხვა ნარატივები კი ევროპელ პოლიტიკოსებს „გლობალური ომის პარტიის“ აგენტებად აცხადებდა.

მმართველი პარტიისა და მისი მოკავშირეების მიერ „უცხო ქვეყნის აგენტების“ წინააღმდეგობრივი კანონის მიღებასთან დაკავშირებით გამოყენებული ერთ-ერთი ძირითადი პროპაგანდისტული ნარატივი ევროკავშირსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებაში ადანაშაულებდა, რადგან, მათი მტკიცებით, მსგავსი კანონები თავადაც ჰქონდათ ან მათი მიღების პროცესში იყვნენ. „ქართული ოცნების“ ოფიციალურმა პირებმა გააკრიტიკეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაც, საქართველოსთვის სამხედრო დახმარების ნაწილის შეჩერების შესახებ, რაც შეფასდა როგორც დასავლეთის ინტერესებისთვის საზიანო, ისე პოლიტიკური ნაბიჯად, რომლის მიზანიც ქართული მთავრობის დისკრედიტაცია იყო.

2024 წლის არჩევნები

მიუხედავად „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების მტკიცებებისა, რომ მთავრობა არასდროს ავრცელებდა დეზინფორმაციას ევროკავშირის ან აშშ-ის წინააღმდეგ და არ ადანაშაულებდა მათ მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში, 2024 წლის 26 ოქტომბრისთვის დანიშნულმა საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ უფრო გაამძაფრა „ქართული ოცნების“ არსებული ანტიდასავლური რიტორიკა.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანია დაიწყო ახალი გაფრთხილებებითა და შიშის დათესვით „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ, რომელიც, მისი თქმით, ცდილობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას. მან ოპოზიციური გაერთიანებები, განსაკუთრებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უცხო ძალის აგენტებად გამოაცხადა, რომელთა მოქმედებაც, მისი თქმით, უცხოური ინტერესების გავლენით ხდებოდა, რათა საქართველოში არეულობა შეექმნათ და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელახლა მოეყვანათ ხელისუფლებაში. ივანიშვილმა მომავალი არჩევნები „რეფერენდუმად“ მოიხსენია, რომელშიც არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის გაკეთდებოდა. მან „ქართული ოცნება“ მშვიდობის ერთადერთ ნამდვილ გარანტად წარმოაჩინა, ხოლო ოპოზიციური პარტიები გარე დღის წესრიგის გამტარებლად შერაცხა. თავის გამოსვლებში ივანიშვილმა პირობა დადო, რომ „ქართული ოცნება“ დაამარცხებდა ამ „ომის“ ძალებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, წლების განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოს კონფლიქტში ჩათრევას. ივანიშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „გლობალურ ომის პარტიას“ მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ამერიკისა და ევროპის ბიუროკრატიებზე და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ებრძოდა ევროკავშირისა და აშშ-ის საფარქვეშ.

მტრული რიტორიკის მიუხედავად, ივანიშვილი ცდილობდა, ფრთხილად ევლო ბეწვის ხიდზე: მან აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, დაეცვა საქართველოს დასავლელი მოკავშირეების რეპუტაცია მაშინ, როცა აშშ-ისა და ევროკავშირის ადმინისტრაციების გარკვეული ნაწილები ქვეყნის ხელისუფლების შეცვლას ცდილობდნენ. ევროკავშირის და აშშ-ის პირდაპირ დადანაშაულების ნაცვლად, მან პასუხისმგებლობა დააკისრა „გლობალურ ომის პარტიას“, რომელიც, მისი თქმით, ამ ადმინისტრაციებს აკონტროლებდა.

ანტი-დასავლური გზავნილები „ქართული ოცნებისა“ და მისი მოკავშირე „ხალხის ძალის“ ძირითადი ტაქტიკა გახდა, რომლის ლიდერებმაც არაერთხელ დაადანაშაულეს დასავლელი მოკავშირეები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში. პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ უცხოელი აქტორები აპირებდნენ საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენას, ოპოზიციის კამპანიის დაფინანსებას უკანონო გზებით, არჩევნების შედეგების დელეგიტიმაციას და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რათა დაესვათ მორჩილი მთავრობა, რომელიც მხარს დაუჭერდა სამხედრო კონფლიქტს რუსეთთან. ამომრჩევლებისადმი მკაფიო მიმართვაში „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები წარმოაჩინა, როგორც არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის, „ლიბერალურ ფაშიზმსა“ და ტრადიციულ ღირებულებებს შორის, ეროვნულ დამოუკიდებლობასა და უცხოურ კონტროლს შორის, ასევე, საქართველოს ბნელ წარსულსა და ნათელ ევროპულ მომავალს შორის. პარტიამ მიანიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მარცხი საქართველოს უცხო ძალებს გადააბარებდა, რაც ომს გამოიწვევდა.

საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ოფიციალურმა პირებმა ასევე გააძლიერეს ძალისხმევა საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო დამკვირვებლების დისკრედიტაციის მიზნით, ბრალდებით, რომ ისინი ოპოზიციას უჭერენ მხარს და არჩევნებში ერევიან. პრო-კრემლისტური მედიასაშუალებები იყენებენ „ქართული ოცნების“ ცვალებად რიტორიკას თავიანთ სასარგებლოდ.

„ქართული ოცნების“ ევროპულ პოზიციებთან ეტაპობრივმა დისტანცირებამ და ევროკავშირის მიმართ ტონის შეცვლამ მყარი საფუძველი შექმნა პრო-კრემლისტური ძალებისთვის საქართველოში, რათა გაევრცელებინათ თავიანთი დღის წესრიგი. პრო-კრემლისტური მედიასაშუალებები და აქტორები განსაკუთრებით აქტიურობდნენ ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაში და ევროკავშირის საწინააღმდეგო გზავნილების გავრცელებაში, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიცაა ევროკავშირის გადაწყვეტილებები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.

კანდიდატის სტატუსის დაყოვნება

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანის შემდეგ, პრო-კრემლისტური წყაროები მუდმივად ცდილობდნენ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ხელის შეშლას. ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ საქართველოს წევრობის პერსპექტივას, აკნინებდნენ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას და აკრიტიკებდნენ „ქართული ოცნების“ ქმედებების მიმართ ევროკავშირის კრიტიკულად განწყობილ ოფიციალურ პირებსა და ევროპარლამენტარებს.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრო-კრემლისტური თემა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი ჯერ არ ჰქონდა მინიჭებული, ცდილობდა მისი მნიშვნელობის დაკნინებას, ამტკიცებდა, რომ ეს მხოლოდ სიმბოლური იყო და საქართველოსთვის არანაირ არსებით სარგებელს არ მოიტანდა. ზოგიერთი ნარატივი ამტკიცებდა, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის ახალ ტვირთებსა და ვალდებულებებს დააწესებდა, ხოლო სანაცვლოდ არანაირ სარგებელს არ მოიტანდა.

გარდა ამისა, პრო-კრემლისტური წყაროები ნერგავდნენ შიშს, რომ ევროკავშირი არასდროს მიიღებდა საქართველოს წევრ სახელმწიფოდ. აშკარად პრო-კრემლისტური აქტორები ასევე ავრცელებდნენ მოსაზრებას, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს „გეი ქორწინების“ ლეგალიზებას დაავალდებულებდა და რომ წევრობა ნიშნავდა ქართული იდენტობის, ტრადიციული ღირებულებებისა და მართლმადიდებლობის უარყოფას. ისინი ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სწრაფვას წარმოაჩენდნენ, როგორც „ნამდვილი ქართველობისთვის“ ღალატის აქტს.

2022 წლის ივნისში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის (და არა კანდიდატის სტატუსის) მინიჭების შემდეგ, ზოგიერთმა პრო-კრემლისტურმა წყარომ ოპოზიცია დაადანაშაულა იმაში, რომ საკუთარი ინტერესებისთვის მუშაობდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, რაც ევროკავშირის გადაწყვეტილების მიზეზად წარმოაჩინეს. მათ ასევე ივარაუდეს, რომ ოპოზიცია ქვეყანაში მაიდნის მსგავსი მოძრაობის გამოწვევას ისახავდა მიზნად. ევროკავშირის გადაწყვეტილებამ პრო-კრემლისტური წყაროებისგან გამოიწვია ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკის ახალი ტალღა, რომელიც ეხმიანებოდა „ქართული ოცნების“ მიერ ადრე გამოთქმულ ძირითად პროპაგანდისტულ განცხადებებს.

უკვე 2022 წელს, პრო-კრემლისტურმა წყაროებმა აქტიურად დაიწყეს იდეის გავრცელება, რომ სხვადასხვა უცხოური და შიდა ძალები საქართველოს რუსეთთან „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებდნენ. ეს ნარატივები ამტკიცებდა, რომ დასავლეთი საქართველოს სტრატეგიულ იარაღად აღიქვამდა რუსეთის წინააღმდეგ დასაპირისპირებლად და აშშ-ისა და ევროპის ინტერესების მომსახურებისთვის. ითქვა, რომ აშშ-ის მიზანი იყო რუსეთის სამხრეთ საზღვართან მუდმივი ცხელი ზონის შენარჩუნება. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული მსგავსი მტკიცებები მიუთითებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი შესაძლოა პირდაპირ არ მოუწოდებდეს საქართველოს ომისკენ, მან თითქოს იგულისხმა, რომ „მეორე ფრონტის“ გახსნა შეიძლება აუცილებელი ყოფილიყო ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად. სხვა ნარატივები ამტკიცებდა, რომ დასავლეთის ფინანსური მხარდაჭერა ძირითადად საქართველოში პროტესტებსა და არეულობას აფინანსებდა, რაც საბოლოოდ ქვეყანას კონფლიქტისკენ უბიძგებდა და შესაძლოა უკრაინის მსგავს სცენარამდე მიეყვანა.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი

პრო-კრემლისტურმა წყაროებმა აქტიურად დაუჭირა მხარი „ქართული ოცნების“ საჯარო თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე საქართველოში, უცხო ქვეყნის აგენტების საკამათო კანონის შემდეგ. მათი მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დისკრედიტაცია, მათ დასავლეთის გავლენის იარაღად წარმოჩენა. ზოგიერთი მათგანი ამტკიცებდა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხშირად უცხოეთის სადაზვერვო სააგენტოებს ემსახურებოდნენ, აგროვებდნენ ინფორმაციას და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობდნენ. მათ უცხო ქვეყნის აგენტების იარლიყი მიაკერეს და ფინანსური მხარდაჭერის მიღებაში დაადანაშაულეს საკუთარი ქვეყნისთვის ძირის გამოთხრის სანაცვლოდ.

გარდა ამისა, ზოგი ამტკიცებდა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ბევრი ორგანიზაცია კონკრეტული პარტიული დღის წესრიგის განხორციელებას ემსახურებოდა, განსაკუთრებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ინტერესებს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა პრო-კრემლისტურმა აქტორმა უცხო ქვეყნის აგენტების კანონის კიდევ უფრო მკაცრი ვერსიის მხარდაჭერა გამოხატა, მოითხოვა სისხლისსამართლებრივი დევნა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და მედიასაშუალებებისთვის უცხოური დაფინანსების სრული აკრძალვა.

2023 წლის სექტემბერში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, პრო-კრემლისტურმა წყაროებმა გააძლიერეს მტკიცებები, რომ აშშ და ევროკავშირი აქტიურად ამზადებდნენ არეულობას საქართველოში. მათი თქმით, კანდიდატის სტატუსზე უარი გამოყენებული იქნებოდა დესტაბილიზაციის გამოსაწვევად, რაც საფუძველს ჩაუყრიდა გადატრიალებას — „ფერად რევოლუციას“, რომელიც დასავლური ძალების მიერ იქნებოდა ორგანიზებული. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ბორელის ვიზიტი მიზნად ისახავდა ოპოზიციური ძალების წახალისებას და შეკრებას, რათა იმ წლის ბოლოსთვის პროტესტებისთვის მომზადებულიყვნენ.

კანდიდატის სტატუსი

2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, პრო-კრემლისტურმა წყაროებმა 2024 წელს განაგრძეს ევროკავშირის დისკრედიტაციის მცდელობები, კანდიდატის სტატუსი მხოლოდ სიმბოლურად წარმოაჩინეს და ევროკავშირის მიმართ სკეპტიციზმი გააღვივეს. მათ გააცოცხლეს ნარატივები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ერთადერთი ხელშესახები შედეგი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაზრდილი დაფინანსება, რომლებიც მთავრობაზე ზეწოლას ახორციელებდნენ, თუმცა რეალური სარგებელი ქართველებისთვის არ მოჰქონდათ. ისინი, ასევე, ამტკიცებდნენ, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები საქართველოს დასავლეთის კონტროლქვეშ მოქცევას ისახავდა მიზნად, ევროკავშირი „ფაშისტურ“ ძალად წარმოაჩინეს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ღმერთს და მართლმადიდებელ ეკლესიას.

ზოგიერთ პრო-კრემლისტურ ნარატივში ძალიან კრიტიკულად იყო წარმოჩენილი „ქართული ოცნება“ და მთავრობა. ულტრაკონსერვატიულმა, მემარჯვენე ტელევიზია „ალტ-ინფომ“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი „შეთანხმებად“ გაასაღა, ამტკიცებდა რა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა დათანხმდა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკის შერბილებას და განიხილავდა კოალიციურ მთავრობას, რომელიც დასავლურ ინტერესებთან იქნებოდა შერწყმული. ამ გარემოების მიხედვით, ევროკავშირი ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლას შეაჩერებდა და ამის ნაცვლად ყურადღებას საქართველოში კონსერვატიულ ჯგუფებზე გადაიტანდა.

მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ შემდგომმა ქმედებებმა სწრაფად გამოიწვია პრო-კრემლისტური ნარატივების მორგება მთავრობის რიტორიკასთან. თავდაპირველად, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა საკონსტიტუციო კანონის პროექტი „ლგბტქი პროპაგანდის“ წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ ხელახლა წარადგინა უცხო ქვეყნის აგენტების საკამათო კანონპროექტი, მაგრამ შეცვლილი სახელწოდებით. პრო-კრემლისტურმა წყაროებმა არამხოლოდ მოიწონეს ეს ნაბიჯები, არამედ პირობა დადეს, რომ „ანტი-ლგბტქი პროპაგანდის“ კანონს დაიცავდნენ, თუნდაც ძალის გამოყენებით. მათ ასევე დაიცვეს უცხოური დაფინანსების „გამჭვირვალობის“ საჭიროება და უცხოელი აგენტების კანონი წარმოაჩინეს, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერების ღონისძიება. მათ გაიმეორეს მთავრობის რიტორიკა, რომ ეს კანონი „გამჭვირვალობისთვის“ ფუნდამენტური მნიშვნელობის იყო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს „უცხო ქვეყნის აგენტებადმოიხსენიეს. ეს ნარატივები ასევე ამტკიცებდა, რომ მსგავსი კანონები დასავლეთის ქვეყნებშიც არსებობდა, რითაც უპასუხეს კრიტიკას, რომელიც კანონპროექტს „რუსულ სტილს“ უწუნებდა. ეს გზავნილები თითქმის ზუსტად ემთხვეოდა მთავრობის მომხრე რიტორიკას საქართველოში.

2024 წლის არჩევნები

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, პრო-კრემლისტურმა წყაროებმა დაიწყეს მმართველი პარტიის რიტორიკის გამეორება. ისინი აცხადებენ, რომ დასავლეთი, ევროკავშირის ჩათვლით, ეცდება არჩევნების დელეგიტიმაციას, მის გაყალბებულად გამოცხადებას, რათა რევოლუციური სცენარი წაახალისოს და არსებული მთავრობა დაამხოს. ამგვარი ნარატივების მიხედვით, საქართველო იყო უკრაინის მაიდნის მსგავსი „ფერადი რევოლუციის“ ზღვარზე, ხოლო დასავლური პოლიტიკა მიმართულია პოსტ-საბჭოთა რეგიონის დესტაბილიზაციაზე, კერძოდ კი, სამხრეთ კავკასიის ანტი-რუსულ ფრონტად გარდაქმნაზე.

ამ ნარატივის მიხედვით, დასავლეთის მიზანია „ქართული ოცნების“ შეცვლა პრო-დასავლური ძალით, რომელიც მზადაა რუსეთთან ომში ჩართვისთვის და აქტიურად უჭერს მხარს ანტი-სამთავრობო პროტესტსა და მოძრაობას სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მეშვეობით. პრო-კრემლისტური ძალები იმასაც კი აცხადებდნენ, რომ მხოლოდ რუსეთსა და ვლადიმერ პუტინს შეუძლიათ საქართველოში დაგეგმილი გადატრიალების თავიდან აცილება.

ამგვარი ძალები აგრძელებენ საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივის ეჭვქვეშ დაყენებას და დაჟინებით მოითხოვენ ქვეყნის მისწრაფებების გადახედვას. მათი მტკიცებით, ევროკავშირს მართავს „გლობალური ომის პარტია“ და „დიფ-სტეიტი“ — საქართველოს ეროვნული ინტერესების მოწინააღმდეგე ძალები — რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობას ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან შეუთავსებელს ხდის. ამ ნარატივის ფარგლებში გაკრიტიკებულია კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს განსაზღვრავს და მოთხოვნილია ამ მუხლის გაუქმება.

საბოლოოდ, საქართველოს საინფორმაციო გარემო კვლავ მწვავედ დაპირისპირებულია, პრო-კრემლისტური და „ქართული ოცნების“ დისკურსები ერთმანეთს უახლოვდება ევროკავშირის საწინააღმდეგო და ანტიდასავლური დეზინფორმაციული ნარატივების კუთხით. არ მოტყუვდეთ.

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    %s

      გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

      ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      [recaptcha]

        Subscribe to the Disinfo Review

        Your weekly update on pro-Kremlin disinformation

        Data Protection Information *

        The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.

        🎵 Playlist