ყალბი ჩაფხუტები და ტროლური ემბლემები: როგორ გამოიყენეს პროკრემლისტურმა გამოცემებმა ყაზახეთში შექმნილი მდგომარეობა

პროკრემლისტური გამოცემები დასავლეთს ადანაშაულებენ ყაზახეთში „ფერადი რევოლუციის“ მოწყობაში, მაგრამ მათ თითქმის არავინ უსმენს.

6 იანვრის დილას რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალები „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (კუხოს) მანდატით ყაზახეთში დაეშვა კრემლის საყვარელი კიდევ ერთი დიქტატორის გადასარჩენად. კუხოს „სამშვიდობო მისიამ“ (რომელიც რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის ჯარისკაცებისგან შედგება) სამიზნედ საკუთარი წევრი ამოირჩია, რაც შემაძრწუნებლად ჰგავდა აჯანყებების ჩასახშობად ვარშავის პაქტის მიერ საკუთარ რიგებშივე ჩატარებულ ოპერაციებს. თუმცა, ამჯერად „მშვიდობისმყოფელებმა“ ქუჩებს მიაშურეს და დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ, გაეროს მიერ არასანქცირებულ ჩაფხუტებსა და სამკლავურ ემბლემებში გამოწყობილები.

ყაზახეთში 2 იანვარს იფეთქა საწვავის ფასების ზრდით გამოწვეულმა პროტესტმა. მოქალაქეების ხანგრძლივმა უკმაყოფილებამ რეგიონის ცენტრიდან სწრაფად გადაინაცვლა ალმატის ქუჩებში და მის ფარგლებსაც გასცდა. როგორც ჩანს, პროტესტი უკვე ჩაახშვეს ადამიანური დანაკარგების ხარჯზე: ჯამში მინიმუმ 163 ადამიანი დაიღუპა, ათასზე მეტი დაიჭრა და თითქმის 10 000 დააპატიმრეს.

ისევ მოძველებული სცენარით

როგორც უკვე მრავალგზის ვიხილეთ, ისეთი მოვლენების დროს, როგორიც ყაზახეთში განვითარდა, დეზინფორმაცია ფართოდ ვრცელდება ხალხის შეცდომაში შესაყვანად და მათთვის გონების ასარევად. ყაზახეთის ხელისუფლებამ ინტერნეტკავშირი სწრაფად გამორთო და ყაზახეთის მოქალაქეებს წაართვა მოვლენების თავიანთი ვერსიის მსოფლიოსთვის მიწოდების შესაძლებლობა. გარე დამკვირვებლებს შეზღუდული წვდომა ჰქონდათ მთავრობისგან დამოუკიდებელ, სანდო საინფორმაციო წყაროებზე.

ყაზახეთის მთავრობამ კრემლის მიერ ხშირად გამოყენებული სცენარით იხელმძღვანელა და პროტესტში დასადანაშაულებლად სწრაფად იპოვა გუდიანი კაცი: უცხოეთიდან მართული ტერორისტები, რომლებიც ქვეყანაში დიდი რაოდენობით შევიდნენ.

ფერადი რევოლუციის სქემა

იმის გამო, რომ კრემლს მხოლოდ კუნთების ამუშავების დრო ჰქონდა და გაქნილი პროპაგანდისტები სწრაფად ვერ ჩართო საქმეში, როგორც, მაგალითად, 2020 წელს ბელარუსში, ყაზახეთის მთავრობის მიერ ნასესხები გვერდი 1990-იანი წლების ვერსიას უფრო ჰგავდა, ვიდრე თანამედროვეს. ამან უხერხული შეუსაბამობა შექმნა კრემლიდან წამოსულ დეზინფორმაციულ ნარატივებსა და ასტანის ვერსიებს შორის. კრემლი მარტო ავრცელებდა თავის დეზინფორმაციას „მაიდანის ტექნოლოგიებისა“ და „ფერადი რევოლუციების“ თაობაზე და კიდევ ერთხელ გვახვევდა აზრს კულისებიდან მოქმედი დასავლეთის მადესტაბილიზებელი ხელის შესახებ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ყაზახეთის მთავრობა თავის შეტყობინებებში ცდილობდა მშვიდობიანი პროტესტისა და შეიარაღებული ჯგუფების ერთმანეთისგან განცალკევებას, უარყოფდა დასავლეთის ჩართულობას, მკაფიოდ აცხადებდა, რომ „ფერადი რევოლუცია“ არ იყო ის, რაც ყაზახეთში ხდებოდა და ცდილობდა, ბრალი „ტერორისტისთვის“ თუ „ისლამური ტერორისტისთვის“ დაედო.

ამავდროულად კუხოს მისიას წარმოაჩენდნენ ყაზახეთის მხსნელად, ევრაზიული სოლიდარობის მხარდამჭერად და დასავლეთის მიერ შემუშავებული ფერადი რევოლუციის ბოროტი გეგმის ჩამშლელად. აქ კიდევ ერთი აცდენა გვაქვს: ყაზახეთის ოფიციალური არხები ამტკიცებდნენ, რომ კუხო 2-12 დღეში გავიდოდა, პროკრემლისტური გამოცემები ნაკლებ კონკრეტიკას ამჯობინებდნენ და აცხადებდნენ, რომ დარჩენის პერიოდი საჭიროებაზე იქნებოდა დამოკიდებული.

„ყაზახეთში გამართული დემონსტრაციები დასავლეთის მხრიდან ფერადი რევოლუციის მოწყობის მცდელობაა“ – „ტერორისტული ჯგუფები მაიდანის ტექნოლოგიებს იყენებდნენ ყაზახეთში“ – „ყაზახეთში გამართული დემონსტრაციების ორგანიზატორი საზღვარგარეთ მომზადებული ტერორისტების ბანდებია“

მიუხედავად ზემოთქმულისა, ყაზახეთის კონტექსტში კრემლის მიერ გაკეთებული განცხადებები გასაკვირი არ ყოფილა, რადგან ექოსავით იმეორებს ტიპურ კრემლისტურ ენასა და ნარატივებს, რომლებითაც რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებებისა და საგარეო ავანტიურიზმის გამართლებას ცდილობენ. მსგავსი თეზისები მუდმივად გამოიყენება უკრაინის მიმართ, რომელიც პროკრემლისტური დეზინფორმაციის მთავარი სამიზნეა.

შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ პროკრემლისტურმა გამოცემებმა ნარატივების ამ ხაზით იხელმძღვანელეს. მიმდინარე კვირაში ყურადღების ცენტრშია მოლაპარაკებები ნატოსა და რუსეთს შორის, ამის ფონზე კი კრემლმა კიდევ ერთი გზა იპოვა, რომ საკუთარი თავი „ბოროტი დასავლეთის“ მიერ გარშემორტყმულად წარმოაჩინოს. როგორც მოსალოდნელი იყო, მოვლენები ისე გააშუქეს, თითქოს დასავლეთი ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებდეს მისთვის არახელსაყრელი მთავრობების დასამხობად. უკვე ვიცით, როგორ დაიწყეს ეს ნარატივი მაიდანის დროს და შემდეგ ბევრჯერ გაიმეორეს, მათ შორის, ბელარუსსა და რუსეთში გამართული დემოკრატიული საპროტესტო გამოსვლებისას, ევროკავშირსაც კი დასდეს ბრალი თავისი წევრების მიმართ რაღაცების მომზადებაში. გაუთავებელი გამეორების მიუხედავად, ეს განცხადებები ბრალდებებად რჩება და ფაქტებთან არაფერი აქვს საერთო.

10 იანვარს სახელმწიფო ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. როგორც ჩანს, სამოქალაქო მღელვარება ყაზახეთში დროებით ჩაახშვეს, მაგრამ ისინი მალე მიხვდებიან, რომ მოსკოვის ხელმძღვანელობით შექმნილი ჯარების მოწვევა იოლია, გაშვება კი — უფრო რთული, რადგან კრემლს სამეზობლოში გავლენის სფეროს შესაქმნელად ხარბი მადა აქვს გახსნილი.

მსგავსი დეზინფორმაციის შემთხვევები

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    %s

      გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

      ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      [recaptcha]

        Subscribe to the Disinfo Review

        Your weekly update on pro-Kremlin disinformation

        Data Protection Information *

        The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.

        🎵 Playlist