„ჟურნალისტის პროფესიას პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს ოკუპანტი და ამიტომაც გვდევნიან ისინი ჩვენ“ — ინტერვიუ სვეტლანა ზალიზეცკასთან

სვეტლანა ზალიზეცკა, უკრაინელი ჟურნალისტი ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლიდან, უკვე ორ წელზე მეტია წერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქში ცხოვრების შესახებ. ახლაც კი, უკრაინის არაოკუპირებულ ნაწილში ცხოვრებისას, ის მუდმივი ზეწოლის ქვეშაა რუსი აგრესორების მხრიდან, რომლებიც მას, მის ოჯახსა და კოლეგებს ემუქრებიან. მიუხედავად ამისა, სვეტლანა მაინც აგრძელებს თავისი ამბების გაზიარებას რუსული ოკუპაციის ქვეშ ცხოვრების პერიოდის შესახებ. მისი თქმით, ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტა მისი მხრიდან კოლეგების ღალატის ტოლფასი იქნებოდა და ამიტომაც, ის კვლავ აგრძელებს პროფესიულ მუშაობას. ჩვენ ვესაუბრეთ სვეტლანას ოკუპაციის დროს მისი საქმიანობის შესახებ, ასევე, იმ ტერორზე, რომელსაც რუსეთი იყენებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჟურნალისტთა წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

სვეტლანა, თქვენ RIA-Melitopol-ის რედაქტორი იყავით, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. გვიამბეთ მეტი მელიტოპოლში შეჭრამდე არსებული მდგომარეობისა და თქვენი საქმიანობის შესახებ?

სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ჩვენს ნიუსრუმში ყველა ერთმანეთს ვეკითხებოდით, დაიწყებოდა თუ არა ომი. თუმცა ჩვენთვის ეს უკვე „ნაცნობი სიტუაცია“ იყო. ერთ-ერთი შემაშფოთებელი სიგნალი, რომელმაც ჩვენმა ყურადღება მიიპყრო, უძრავი ქონების გაყიდვების შესახებ განცხადებები იყო. ამ მოვლენების გაშუქების შემდეგ კიდევ უფრო შევშფოთდით. ეს ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ირეაგირა ადგილობრივმა ბიზნესმა მომატებულ საფრთხეზე. სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ერთი ან ორი კვირით ადრე ჩვენს ვებსაიტზე განხორციელდა ბევრი DDoS შეტევა [კიბერშეტევის ტიპი, რომლითაც ხდება ვებსაიტის მწყობრიდან გამოყვანა მასზე ტრაფიკის ხელოვნურად გაზრდის გზით], ხოლო შეჭრის დაწყების პირველ დღეებში კი კიბერშეტევებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. სხვა ვებსაიტებზეც განხორციელდა DDoS შეტევები, რადგან ოკუპანტებს არ სურდათ, რომ მუშაობა გაგვეგრძელებინა და ვითარება ობიექტურად გაგვეშუქებინა.

როგორ გაუმკლავდით?

თავდასხმის დაწყებისთანავე ჩვენ ჩვენი ყველა კონტენტი სოციალურ მედიაში გადავიტანეთ. ამასთან, ოკუპაციის პირველ დღეებში, რუსულმა არმიამ ყველაფერი დაიკავა: სატელევიზიო ანძა, ინტერნეტ-პროვაიდერები და სატელეკომუნიკაციო კომპანიები. კომუნიკაციის საშუალებები გაითიშა, ამიტომაც ჩვენი მკითხველებისთვის მასალის გამოქვეყნება RIA Melitopol-ის Telegram არხზე დავიწყეთ. იმ დროისთვის, როცა ოკუპანტებმა ჩვენი Telegram არხი ხელში ჩაიგდეს [2023 წლის აგვისტო], 80 000 გამომწერი გვყავდა. ჩვენი რეგიონისთვის ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია. ოკუპაციის დროს მხოლოდ სარეკლამო დეპარტამენტი დაიხურა, ჩვენ სახლიდან ვმუშაობდით და პირადად მე კი პროტესტებზეც დავდიოდი. მახსოვს, როგორ მივედი სპორტულ მოედანზე, ავძვერი კიბეზე ინტერნეტ-კავშირის მისაღებად, რომ პროტესტზე დასწრების შემდეგ ინფორმაცია მალევე გამომექვეყნებინა. ჩვენ განვაგრძობდით ასე მუშაობას მანამ, სანამ ოკუპანტებმა არ დაიწყეს პროტესტის მონაწილეების დაკავება და ქალაქიდან გაყვანა პოლიციის მანქანებით.

გამოიღვიძა რუსული პროპაგანდის მიძინებულმა Telegram არხებმა, რომლებიც ოკუპაციამდე კარგად მომზადებული იყო ჩვენს რეგიონში. მათ შეჭრისთანავე განაახლეს მუშაობა: მხოლოდ მელიტოპოლში 100-ზე მეტი არხი დავთვალეთ. ბევრი მათგანი ახლაც აქტიურად არის ჩართული ბოროტი პროპაგანდის გავრცელებაში. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მტერი სათანადოდ ვერ შევაფასე. ოკუპანტები გვიყურებდნენ ჩვენ, როცა მელიტოპოლის მაცხოვრებლები საპროტესტო შეკრებებზე მიდიოდნენ. სახურავებზე, მათ შორის, ეკლესიის სახურავზეც იყო სნაიპერები. შემდეგ ქალაქში შემოიყვანეს რუსული გვარდია, რომელიც უცებ ყველგან გაჩნდა და ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვქონდა, თუ რამდენად სასტიკი ყოფილა მტერი. ხალხი მაინც დადიოდა საპროტესტო შეკრებებზე და ყვიროდა: „მელიტოპოლი უკრაინაა!“ — ეს ჩვენ გაძლებაში დაგვეხმარა.

კონტაქტი გქონდათ სხვა მედია საშუალებებთან?

ოკუპაციის დაწყებისთანავე ყველა დიდმა მედია საშუალებამ შეწყვიტა მელიტოპოლში მუშაობა. ზოგიერთ მათგანს უბრალოდ არ შეეძლო ფიზიკურად მუშაობა, რადგან ისინი, მაგალითად, ტელე-რადიო კომპანიები, დაიკავეს ოკუპანტებმა. გაზეთების ბეჭდვაც შეწყდა. მხოლოდ მცირე Telegram ჯგუფებმა განაგრძო წერა. რეალურად, ჩვენ ვიყავით ქალაქში ყველაზე დიდი მედია საშუალება, რომელმაც საქმიანობა განაგრძო.

თქვენ ხმამაღლა განაცხადეთ, როგორ დაგაძალეს თქვენი მედია საშუალების ვებსაიტის პაროლისა და წვდომის გამჟღავნება. შეგიძლიათ, აღწეროთ, როგორ მოხდა ეს?

ეს რთული ისტორიაა. მოკლედ რომ ვთქვა, მაშინ, როცა DDoS თავდასხმა დაიწყო ოკუპაციის პირველ დღეებში, მე მივუბრუნდი ქვეყნის გარეთ მყოფ უკრაინელ სპეციალისტებს, რომლებსაც ჩვენი ვებსაიტის პაროლები და წვდომა გადავეცი. მას შემდეგ მე სიტუაციაზე კონტროლი დავკარგე. მაშინ, როცა ოკუპანტებმა მამაჩემი დაატყვევეს, მათ მოითხოვეს ჩვენს ანგარიშებზე წვდომა.

მე უკვე დატოვებული მქონდა ქალაქი და ისინი მეც მეძებდნენ. ჩემი მშობლების სახლი ოთხჯერ გაჩხრიკეს. დედაჩემმა თქვა, რომ მათ დაათვალიერეს ყველა ფოტოსურათი, დასვეს კითხვები ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ, გაქექეს ჩემი ტანსაცმელი, კაბები და უთხრეს ჩემს მშობლებს, რომ მე „ცუდად აღმზარდეს“. ჩვენი ნიუსრუმიდან მათ წაიღეს ყველანაირი მოწყობილობა, ავეჯიც კი. ოკუპანტებმა, პირდაპირი გაგებით, ჩამოიღეს კარი, შემოვიდნენ და წაიღეს ყველაფერი. შემდეგ შანტაჟის ობიექტი გახდა ჩემი 75 წლის მამა. რუსულმა FSB-მ დამირეკა და მითხრა: „როცა დაბრუნდები, მამაშენს გავათავისუფლებთ“. ვუთხარი, რომ არ დავბრუნდებოდი. მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი, რამდენად გამხეცებული იყვნენ. მახსოვს, როგორ ახდენდა ზეწოლას ჩემზე FSB-ს ოფიცერი და მეუბნებოდა, „როგორ შეგიძლია მამაშენის მიტოვება?“ მათ ყველაფერი ცადეს, რომ ქალაქში დავბრუნებულიყავი.

მამაჩემმა სამი დღე გაატარა დაკავების საკანში, რომელსაც ფანჯარაც კი არ ჰქონდა. ოკუპანტებმა თქვეს, რომ გაუშვებდნენ მამაჩემს, რადგან დაბრუნებაზე მრავალჯერ ვთქვი უარი, იმ შემთხვევაში, თუ RIA Melitopol-ში მუშაობას შევწყვეტდი. სოციალურ მედიაში გამოვაქვეყნე პოსტი, რომ RIA Melitopol-ის ვებსაიტზე მუშაობას ვწყვეტდი, მაგრამ ნათლად აღვნიშნე, რომ ჩვენი ვებსაიტი დარჩებოდა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საბოლოოდ, მათ მამაჩემი გაათავისუფლეს. მამაჩემი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მას თირკმელების ანთება ჰქონდა. ჩემს მშობლებს ძალიან უჭირდათ ამგვარ სიტუაციასთან გამკლავება. მათ ჯანმრთელობა შეერყათ და ხშირად სჭირდებათ სამედიცინო დახმარება.

თქვენ მელიტოპოლი ოკუპაციის დროს დატოვეთ. რა ტიპის გამოწვევებთან გამკლავება გიწევდათ თქვენ და თქვენს კოლეგებს?

სანამ გალინა დანილჩენკოს [მელიტოპოლში ოკუპანტების წარმომადგენელი] შევხვდებოდი, მანამ არ მიგრძნია არანაირი საფრთხე. მასთან შესახვედრად 2022 წლის 11 მარტს წამიყვანეს, იმ დღეს, როცა მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი, დააკავეს. დანილჩენკომ მეგობრულად მესაუბრა და მითხრა, რომ მას მალე სამსახურს შესთავაზებდნენ და აპირებდა დათანხმებას. მეც იგივე მირჩია. მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ „მოსკოვამდე გზას მარტივად გავიკაფავდი“ და ეს ძალიან პრესტიჟული იქნებოდა, სპეციალური პირობებით. მოსაფიქრებლად დრო მომცეს. რამდენიმე საათში გამომიშვეს და მითხრეს, რომ მალე კომენდანტს შევხვდებოდი. ვიცოდი, რომ კომენდანტს დაკავებული ჰყავდა მერი და მეც იმავეს ველოდი. დავურეკე ჩემს მეუღლეს, რომელიც ფრონტზე იბრძოდა. მან მითხრა, რომ ქალაქი დაუყოვნებლივ დამეტოვებინა. გამოვიპარე, თავი ექიმად გავასაღე, სხვა პირის პირადობის მოწმობა გამოვიყენე, რადგან მათ ჩემი სახელი უკვე ძებნილთა სიაში ჰქონდათ და სხვაგვარად არ მომცემდნენ წამოსვლის უფლებას.

ახლა ვაგრძელებ ჟურნალისტურ საქმიანობას, მაგრამ რუსი აგრესორების მუდმივი ზეწოლისა და მუქარის ქვეშ ვცხოვრობ. ოკუპანტებმა ჩემი ოჯახის, კოლეგებისა და პირადად ჩემ მიმართ საჯარო მუქარა გაავრცელეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ RIA Melitopol-ის ვებსაიტის ადმინისტრატორი ჯერ კიდევ მელიტოპოლში იყო. რაც მნიშვნელოვანია, ისინი ახლაც უთვალთვალებენ ჟურნალისტებს, მათ შორის, იმ ჟურნალისტებსაც, რომლებმაც წლების წინ შეწყვიტეს ჟურნალისტური საქმიანობა. ამ მიზეზით ბევრმა ჟურნალისტმა მიატოვა სამსახური, რადგან ისინი გატყდნენ. მათ უარი თქვეს ამ პირობებში მუშაობის გაგრძელებაზე, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაქცევის შემდეგაც კი.

შეგიძლიათ, გვითხრათ, თუ ცდილობდა რუსეთის საოკუპაციო ძალები ჟურნალისტების მანიპულაციას მათთვის მუშაობაზე დასათანხმებლად და როგორ? რატომ ფიქრობთ, რომ ისინი ამას ცდილობდნენ?

ოკუპაციის დაწყებიდანვე მათ ჰქონდათ ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ცნობილი ადამიანების სია. მათ სჭირდებოდათ აზრის ლიდერები, რომლებიც იტყოდნენ, „ჩვენ ვართ რუსეთი, გამოგვყევით“ და ხალხი დარწმუნდებოდა.

ოკუპანტებმა და კოლაბორაციონისტებმა დაიწყეს იმ ჟურნალისტებზე ძალადობა, რომლებმაც რუსეთისთვის მუშაობაზე უარი თქვა. მათ იქამდე განაგრძეს მცდელობები, სანამ არ მიხვდნენ, რომ ამას აზრი არ ჰქონდა. შემდეგ კი ოკუპანტები დათანხმდნენ ძალადობის შეწყვეტაზე იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტები მუშაობას შეწყვეტდნენ. იმ ჟურნალისტებმა, რომლებსაც ოკუპანტებმა და კოლაბორაციონისტებმა დაურეკეს, რუსეთისთვის მუშაობაზე უარი თქვეს. მათ არაფერს ავნებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მუშაობას შეწყვეტდნენ. მას შემდეგ, რაც მე ქალაქი დავტოვე, მოვუწოდებდი მათ, რომ მათაც დაეტევებინათ მელიტოპოლი და მე რამდენიმეს დავეხმარე კიდეც. სამწუხაროდ, ჩემი ყველა კოლეგა ამას არ დათანხმდა. მათზე ძალადობა არ ხორციელდებოდა ამ დროს და მათ იფიქრეს, რომ ასე გაგრძელდებოდა. მოგვიანებით ოკუპანტებმა დაიწყეს იმ პირების დაკავება და მოტაცება, რომლებსაც წარსულში ერთხელ მაინც უმუშავიათ ჟურნალისტად. ჟურნალისტის პროფესიას პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს ოკუპანტი და ამიტომაც გვდევნიან ისინი. ამას ხალხის დასაშინებლადაც აკეთებენ და იმისთვის, რომ არავინ გაექცეთ. ოკუპანტებს მაინც ეშინიათ ჩვენი.

ამ საფრთხისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა ჟურნალისტებისთვის არის მელიტოპოლის დატოვება. სამწუხაროდ, თითქმის შეუძლებელია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ჟურნალისტების დახმარება, რადგან ოკუპანტები ყველაფერს უთვალთვალებენ. თუმცა ოკუპანტები მაინც ცდილობენ ჟურნალისტების მოქრთამვას: ისინი მათ ხელფასებს ჰპირდებიან. ოკუპანტები არწმუნებენ ჟურნალისტებს, რომ კოლაბორაციის შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება.

რუსებს ბევრი ჟურნალისტი ჰყავთ დაკავებული, მათ შორის, თქვენი უშუალო კოლეგებიც. გაქვთ რამე ინფორმაცია მათ შესახებ?

ბევრი თვის განმავლობაში ვცდილობდი RIA Melitopol-ის Telegram არხის დაპატიმრებული ადმინისტრატორის, გეორგი ლევჩენკოს, ადგილსამყოფლის გარკვევას. მხოლოდ ის ვიცოდით, რომ გეორგი უკვე ერთი თვის დაკავებული იყო. ის იმავე საკანში ჩასვეს, რომელშიც მამაჩემი იყო. აღნიშნული დავადგინეთ ოკუპანტების მიერ გავრცელებული ვიდეო კადრებით. ახლა სად არის, არ ვიცით. მისი ადვოკატის ოფიციალურ წერილებზე პასუხი შემდეგნაირია: „ის არ არის მკვდარი, ის პატიმრობაშია“.

უკვე ცხრა თვეა არაფერი ვიცით ანასტასია გლუხოვსკაიას, RIA Melitopol-ის ყოფილი ჟურნალისტის შესახებ, რომელმაც ოკუპაციის დასაწყისშივე დატოვა მედია საშუალება, მაგრამ ის მაინც გაიტაცეს. არც ირინა ლევჩენოს ადგილსამყოფლის თუ ჯანმრთელობის შესახებ ვიცი რამე. ის ყოფილი ჟურნალისტია, რომელიც შუა ქუჩაში დააკავეს.

რა გავლენას ახდენს უკრაინის გარკვეული ნაწილის ოკუპაცია უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტებზე? აქვთ ჟურნალისტებს წვდომა თავიანთ აუდიტორიაზე, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზეც?

არასდროს მიფიქრია, რომ ჟურნალისტობა ასეთი რისკიანი პროფესია იყო. არასდროს მიფიქრია, რომ ის ასეთი რისკიანი გახდებოდა. ოკუპანტებმა ჩვენზე ნადირობა გამოაცხადეს, ოკუპაციამდეც კი. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ახალი ამბების გაშუქება სხვა ტიპის გამოწვევაა. ძალიან რთულია, იპოვოთ ჟურნალისტი, რომელიც კარგად იცნობს არსებულ კონტექსტს და რომელსაც შეუძლია ამ სამუშაოსთან გამკლავება. ოკუპაციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე წერისას შებრუნებულ რეალობაში აღმოჩნდებით. ეს არის მენტალური ქაოსი, რომელშიც ჟურნალისტები ფსიქოლოგებიც გახდნენ. ხალხს, რომელიც ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობს და უკრაინაზე გული შესტკივა, ვინმესთან საუბარი სჭირდება. თუმცა ეს ძალიან სახიფათოა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. არასდროს იცი, ვის ესაუბრები და სადამდე მიგიყვანს ეს. უკვე ისიც ცხადია, რომ ნებისმიერი სიტყვა შეიძლება სიკვდილის ტოლფასი გახდეს. ძალიან რთულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან კომუნიკაცია. ხალხს ლაპარაკის ეშინია, მათ სურთ ანონიმურად დარჩენა, რადგან საფრთხეს მოელიან.

იქ დაკავებულ პირებთან ინტერვიუები ძალიან მტკივნეულია და რთულია ამ ტვირთით ცხოვრება. თუმცა, თუ ამის კეთებას შევწყვეტთ, ოკუპაციის ქვეშ მცხოვრებ ხალხს ვუღალატებთ. მათთვის საჭიროა ამ საქმიანობის გაგრძელება. ახლაც კი, როცა ძალიან რთული და საშიშია აუდიტორიასთან საუბარი. დაბოლოს, მათ დაბლოკეს ყველანაირი უკრაინული კონტენტი და ოკუპანტები ჩხრეკენ ყველას მობილურ ტელეფონს.

სვეტლანა, გმადლობთ ინტერვიუსთვის. ბოლო კითხვით რომ შევაჯამოთ: რას ნიშნავს თქვენთვის პრესის თავისუფლება?

ეს არის შესაძლებლობა, თავისუფლად წერო იმის შესახებ, რაც ხდება და ამის გამო დაპატიმრების საფრთხე არ გქონდეს. ეს ნიშნავს სიმართლის თქმის შესაძლებლობას სიკვდილის ან საყვარელი ადამიანების დაპატიმრების გარეშე. ეს ნიშნავს იმას, რომ შეგეძლოს უკრაინულ ენაზე წერა — ამას იგივე ეფექტი აქვს ოკუპანტებზე, რაც ნაკურთხ წყალს დემონებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ თავისუფლად შეგეძლოს ყვითელი და ლურჯი ფერების არჩევა, რაც აგრესორს არ სიამოვნებს. ეს ყველაფერია თავისუფლება.

მადლობას ვუხდით ნატალია ვიგოვსკას, IMI-ს მედია ექსპერტს, ამ საუბრის ჩაწერაში დახმარებისთვის.

 

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    %s

      გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

      ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      [recaptcha]

        Subscribe to the Disinfo Review

        Your weekly update on pro-Kremlin disinformation

        Data Protection Information *

        The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.

        🎵 Playlist