რა მოხდა 2021 წელს?
2021 წელი დასრულდა, მაგრამ პროკრემლისტურ დეზინფორმაციას ბოლო არ უჩანს. წელს პროკრემლისტური დეზინფორმაციის 2 700 ახალი ნიმუშით შევავსეთ EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზა. ქვემოთ წარმოგიდგენთ, რა აღმოვაჩინეთ.
უკრაინა პროკრემლისტური დეზინფორმაციის ძირითად სამიზნედ რჩება
წელს EUvsDisinfo-ს მიერ შეგროვებული პროკრემლისტური დეზინფორმაციის თითქმის ერთი მესამედი უკრაინას ეხებოდა.
უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრით გამოწვეული ესკალაციის პირობებში პროკრემლისტური მედია უკრაინას წარმოაჩენს აგრესორად (ისე შორს მიდის, რომ დონბასში რუსულენოვანი მოსახლეობის გენოციდსაც კი აბრალებს) და უმწეო ისტერიულ მსხვერპლად, რომელიც უსაფუძვლო პანიკას თესავს და რუსულ აგრესიაზე პატარა ბიჭივით ყვირის „მგელი, მგელიო“. პროკრემლისტური ნარატივის მიხედვით, აშშ და ნატო უკრაინას ომის დაწყებისკენ უბიძგებენ.
სულ ბოლოს წელს, მარტში და აპრილში ვნახეთ ამ ტიპის დეზინფორმაციული მოდელი, როცა რუსეთმა ჯარების თავმოყრის პირველი ვერსია შემოგვთავაზა. ისევე როგორც მაშინ, ახლაც პროკრემლისტური მედია ცდილობს უკრაინა წარმოაჩინოს აგრესიულ ქვეყნად, რომელიც პარტნიორებმა მიატოვეს და საერთაშორისო შეთანხმებებს არღვევს.

მასალა ეყრდნობა კვლევას, რომელიც მოამზადა: უკრაინის კრიზისულმა მედიაცენტრმა
| უკრაინის შესახებ გავრცელებული პროკრემლისტური დეზინფორმაცია… | ||
|
…რუსულ აუდიტორიაში ცდილობს, უკრაინა მტრად წარმოაჩინოს |
…უკრაინულ აუდიტორიაში ცდილობს დაყოფასა და დესტაბილიზაციას |
…საერთაშორისო აუდიტორიაში ლეგიტიმაციას უწევს რუსეთის საგარეო პოლიტიკას |
ამ შეტყობინებებიდან არცერთი არ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ კონკრეტულ აუდიტორიაზეა გათვლილი და რამდენიმე ენაზე ვრცელდება, რაც კრემლს კონკრეტული მიზნების მიღწევაში ეხმარება: ქვეყნის შიგნით მიზნად ისახავს უკრაინის მტრად წარმოჩენას და კრემლის საგარეო პოლიტიკის მხარდამჭერთა მობილიზებას; უკრაინაში — საზოგადოების დაყოფასა და დესტაბილიზაციას; ხოლო საერთაშორისო დონეზე — კრემლის მოქმედებების ლეგიტიმაციას. (წაიკითხეთ მეტი ამ თემაზე უკრაინის კრიზისული მედიაცენტრის ვებსაიტზე).
ასევე წაიკითხეთ: ძალის პოლიტიკასთან გამკლავება აღმოსავლეთში HR/VP-ის ბლოგი
რეჟიმის დამქაშები — ბელარუსის სამთავრობო მედიის რადიკალიზაცია
ბელარუსში გაგრძელდა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის უხეში სისტემური შევიწროება. ბელარუს ჟურნალისტთა ასოციაციის ინფორმაციის თანახმად, წელს 260-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, გაჩხრიკეს, დააპატიმრეს ან ადმინისტრაციულ თუ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. ამჟამად მედიის ოცდათერთმეტი წარმომადგენელი ზის ციხეში. სამწუხაროდ, ბელარუსში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 21 დეკემბრის მდგომარეობით 942 ადამიანს აღწევს. (განახლებული რაოდენობის ნახვა შესაძლებელია აქ).
ბელარუს ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტის, ბარის ჰარეცკის თანახმად, მედიაორგანიზაციები და ჟურნალისტები სასტიკი რეპრესიის ქვეშ არიან და საჯარო დისკუსია, ფაქტობრივად, სრულიად ჩახშობილია. (ბარის ჰარეცკისთან ჩვენ მიერ ჩაწერილი სრული ინტერვიუს წაკითხვა შესაძლებელია აქ).
დამოუკიდებელი მედიის განადგურების კვალდაკვალ, კიდევ უფრო ულმობლები გახდნენ სამთავრობო არხების ეთერში დარჩენილი წამყვანები: ღირსებას ულახავენ და ცილს სწამებენ ყველას, ვინც გაბედავს და ლუკაშენკოს რეჟიმს დაუპირისპირდება.
სიძულვილის ენა და ოპოზიციონერი აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობისკენ ირიბი მოწოდებები, პოლიტიკური პატიმრების იძულებითი აღსარებების განთავსება YouTube-ზე ფასიანი რეკლამის სახით — ამ და ბევრი სხვა ასეთი აქტივობით წელს ბელარუსის სამთავრობო მედიამ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ ერთგულად ემსახურება რეჟიმს, არამედ მისი დამქაშის როლსაც ასრულებს.
რა გასაკვირია, რომ ბელარუსის სამთავრობო მედიაში დასაქმებული ბევრი „სპეციალისტი“ თავიანთ რუს კოლეგებთან ერთად ნებაყოფლობით მონაწილეობდა ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტთა ინსტრუმენტალიზაციაში.

მარცხნივ: ბელარუსის უსაფრთხოების ძალები სპეციალური ეკიპირებით ევროკავშირ-ბელარუსის საზღვარზე. ზემოთ მარჯვნივ: ბელარუსის სამთავრობო მედიის სახე, გ. აზარენოკი ინტერვიუს იღებს RT-ის ჟურნალისტისგან ევროკავშირ-ბელარუსის საზღვარზე. ქვემოთ მარჯვნივ: შეცდომაში შემყვანი სათაური RT-ზე
ლუკაშენკოს მხარდამჭერი და პროკრემლისტური ნარატივები კვლავ ევროკავშირს ადანაშაულებს მიგრანტთა კრიზისის შექმნაში და ბელარუსის „დესტაბილიზაციის“ მცდელობაში, ამავდროულად კი ყურადღება გადააქვს ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვისგან.
ამ სიტუაციაში იმედის ნაპერწკალს აჩენს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, რომელთა თანახმად, ბელარუსში მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი ენდობა სამთავრობო მედიას. ამასობაში დამოუკიდებელი (ონლაინ) მედიის მიმართ ნდობა ზრდას განაგრძობს და 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, 49,5%-ს შეადგენს.
დეზინფორმაციული ნარატივების ოპორტუნისტული შერწყმა
2020 წელს, გლობალური პანდემიის დროს აღმოვაჩინეთ, როგორ შეჯერდა პროკრემლისტური და ჩინური სადეზინფორმაციო ქსელები „საიდუმლო ლაბორატორიების“ კონსპირაციულ თეორიაზე, რომელიც COVID-19-ის გარშემო შექმნილი უფრო ვრცელი დეზინფორმაციისა და მანიპულაციის ნაწილი გახდა.
წელს პროკრემლისტური და ჩინური სადეზინფორმაციო ინტერესების თანხვედრის ახალი შემთხვევები გამოვლინდა.
აღსანიშნავია, რომ პროკრემლისტური გამოცემები ავრცელებდნენ და აძლიერებდნენ პეკინის ნარატივებს, რომლებიც სინძიანში უიღურების წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევებს უარყოფს.
როგორც რუსული, ისე ჩინური სამთავრობო მედია თავის სასარგებლოდ იყენებდა ავღანეთში შექმნილ კრიზისს, ცდილობდა რა „არასაიმედო“ პარტნიორად აშშ-ის წარმოჩენას და შეტყობინებების პროეცირებას აკეთებდა საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად საკითხებზე: უკრაინასა და ტაივანზე.
სამთავრობო მედიაში გავრცელებული შეტყობინებების თანხვედრა არ ნიშნავს, რომ სა(დეზ)ინფორმაციო ძალისხმევები აუცილებლად სისტემურადაა კოორდინირებული. თუმცა, არსებობს ნიშნები, რომ პროკრემლისტური და ჩინური დეზინფორმაციის აქტორები ერთმანეთისგან სწავლობენ.
რეპრესიების ფონზე — იმედის გზავნილი
2021 წელს მოვლენები შემაშფოთებლად განვითარდა. რუსეთის დუმის არჩევნებს დამოუკიდებელ მედიაზე უპრეცედენტო თავდასხმა უძღოდა წინ — მედიაგამოცემები და ჟურნალისტები რეგულარულად ხდებოდნენ დაკავებების, რეიდების, სისხლის სამართლის საქმეებისა და დაპატიმრების ობიექტები. ასევე, თავს ესხმოდნენ სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებათა დამცველებს. რუსეთში საჯარო დებატებისა და სამოქალაქო ჩართულობისთვის სივრცე სულ უფრო და უფრო მცირდება.
არ შეწყვეტილა COVID-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელება და არც პროკრემლისტური აქტივობა დასავლეთში შექმნილი ვაქცინების მიმართ სკეპტიციზმის გასაღვივებლად.
ალექსეი ნავალნი წინა წელს მკვლელობის მცდელობას გადაურჩა, ხოლო წელს რუსეთში დაბრუნების შემდეგ უკანონოდ დააკავეს და დააპატიმრეს. პროკრემლისტური მედია ყველანაირად ცდილობდა მის დისკრედიტაციას და მისი მხარდამჭერების ღირსების შელახვას.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, 2021 სასოწარკვეთილების წელი არ ყოფილა. ყოველთვის მოიძებნება ის, რისი იმედიც შეიძლება გვქონდეს. როგორც პაველ ანდრეევმა, რუსეთში ჯერ კიდევ მოქმედი დამოუკიდებელი მედიაგამოცემის, 7×7-ის თანამესაკუთრემ გვითხრა ინტერვიუში მიმდინარე წლის დასაწყისში, დადებითი ცვლილების ნიშნები ყოველდღიურად ჩნდება.
წელი დაიწყო პოლიტიკური ნიშნით ალექსეი ნავალნის დაპატიმრებით, შემდეგ კი ნავალნის ქალიშვილმა ევროპარლამენტში მამის სახელით მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის. (მისი შთამბეჭდავი გამოსვლის ნახვა შესაძლებელია აქ).

„თავისუფალი, დამოუკიდებელი და ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკა ემსახურება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან, ტყუილებისა და ომის პროპაგანდისგან დაცვას“ – ნორვეგიის ნობელის კომიტეტი
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია წელს მიენიჭა დიმიტრი მურატოვს, დამოუკიდებელი რუსული გაზეთის, „ნოვაია გაზეტას“ ერთ-ერთ დამფუძნებელსა და რედაქტორს და ასევე, ფილიპინელ ჟურნალისტს, მარია რესას. ძლიერი გზავნილია, რომ „თავისუფალი, დამოუკიდებელი და ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკა ემსახურება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან, ტყუილებისა და ომის პროპაგანდისგან დაცვას“. მომავალ წელს ამ გზავნილმა შეიძლება გაგვაერთიანოს.
18 დეკემბერს ჩეხი სახელმწიფო მოღვაწის, ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების მე-10 წლისთავი აღნიშნეს ევროპაში. 2021 წელი იწურება და EUvsDisinfo მის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ ციტატას გიტოვებთ:

„ჭეშმარიტებამ და სიყვარულმა უნდა სძლიოს ტყუილსა და სიძულვილს“ – ვაცლავ ჰაველი
და ეს ასეც იქნება.
ბედნიერ 2022 წელს გისურვებთ ყველას!