რუსული საინფორმაციო მანიპულაციის ძალისხმევა სუბსაჰარულ აფრიკაში
სუბსაჰარულ აფრიკაში, მზარდი ტექნოლოგიური პროგრესისა და ინტერნეტის ყოვლისმომცველობის ეპოქაში, რუსულმა ცრუ ნარატივებმა წალეკა საინფორმაციო ველი. ამგვარ ნარატივს, ჯანდაცვისა თუ უსაფრთხოების შესახებ, ავრცელებს უამრავი ვირტუალური აქტორი, რომლებიც რუსეთის ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) მძლავრი ძალისხმევის ნაწილია.
რუსეთმა, ბოლო ხუთ წელიწადში, განავითარა დეზინფორმაციული ეკოსისტემა, რომელშიც გაყალბებული და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ხშირად ჩრდილავს დამოუკიდებელ და სარწმუნო ჟურნალისტიკას აფრიკის მრავალ ქვეყანაში. დასავლეთის წინააღმდეგ ინფორმაციით მანიპულაციის გამოყენების სივრცის მიღმა ეს მზაკვრული საქმიანობა ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოების შესახებ შეშფოთების საფუძველს უქმნის.
სანამ რუსეთი და მისი ინფორმაციის მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) ინდუსტრია ამტკიცებს, რომ კრემლი განსაცდელში მყოფი ხალხების უსაფრთხოებისა და სამხედრო დახმარების ერთადერთი გარანტია, სინამდვილე მკვეთრად განსხვავებულ სურათს ხატავს — უსაფრთხოება და სტაბილურობა რეალურად სუსტდება. აღნიშნული არამარტო ხაზს უსვამს რუსეთის უუნარობას, შეასრულოს აღებული ვალდებულებები, არამედ ნათლად გვაჩვენებს მათი შესრულების გულწრფელი განზრახვის არარსებობას. მიუხედავად ამისა, რუსეთი აპირებს თავისი მავნე საქმიანობის კონტინენტზე კიდევ მეტად გაფართოებას.
რა ამოძრავებს რუსეთის FIMI-ს აფრიკაში?
რუსეთის სამიზნე სუბსაჰარულ ქვეყნებს საერთო ბევრი აქვთ: ბუნებრივი რესურსების აურაცხელი რეზერვები, მყიფე პოლიტიკური ინსტიტუტები, უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევები და კოლონიალისტური ისტორიის დანატოვართან ბრძოლა.
რუსეთის მიერ აფრიკის ქვეყნებში FIMI-ს გამოყენების მოტივაცია მრავალშრიანია.
უპირველესად, კრემლი ცდილობს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის გაფართოებას, რისთვისაც სარფიან ბიზნეს-გარიგებებს, ბუნებრივ რესურსებზე წვდომასა და პოლიტიკური ალიანსების კულტივირებას იყენებს. ადგილობრივი საინფორმაციო გარემოს მანიპულაციის გზით რუსეთი ცდილობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, სასურველი პოლიტიკური კანდიდატების შეგულიანებას და მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი მთავრობების დესტაბილიზაციას.
ამას გარდა, რუსეთის FIMI წარმოადგენს ფართო სტრატეგიის ცენტრალურ ნაწილს, რომელიც მიმართულია დასავლეთისა და სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნების ურთიერთობებში ბზარის გაჩენა. ეს მოიცავს განხეთქილების დათესვას, არსებული უკმაყოფილების გაძლიერებას და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის ძირის გამოთხრას. ამგვარი ტაქტიკა სრულად შეესაბამება რუსეთის მთავარ მიზანს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ ნორმებს და მოახდინოს თავისი გავლენის გლობალურად კონსოლიდაცია.
დამატებით, FIMI გამოიყენება ფაქტების მისაჩქმალად და დასაფარად იმ ხუნტების შესახებ, რომლებიც ძალაუფლებაში უკანონო და სამხედრო ძალით მოვიდნენ და რომლებიც აგრძელებენ მოსახლეობის გაღარიბებას და დამცირებას ვაგნერის ჯგუფის დახმარებით. ამ ყველაფრის შედეგია უფრო დაყოფილი, მყიფე და ნაკლებად დაცული აფრიკული საზოგადოებები, რომლებშიც დამოუკიდებელი მედიისთვის განკუთვნილი სივრცე უფრო და უფრო მცირდება.
როგორ მოქმედებს რუსული FIMI სუბსაჰარულ აფრიკაში?
კრემლმა შესაძლებლობების უდიდესი არსენალი გამოიყენა თავისი ამბიციების რეალიზებისთვის, მათ შორის:
- თავისი ფლაგმანი მედია-საშუალებების ადგილობრივი ვერსიების დაფუძნება – მაგალითად, Sputnik Afrique, RT Afrique და Afrique Média. ეს უკანასკნელი ახალი ამბების ყველაზე გავლენიანი ფრანგულენოვანი წყაროა რეგიონში, რომელიც ემსახურება პრო-კრემლისტური და პრო-ვაგნერული დეზინფორმაციის გავრცელებას. ამას გარდა, რუსეთი აფინანსებს ადგილობრივ რადიოსადგურებს — მაგალითად, Radio MaliBa FM მალიში — და გაზეთებს — მაგალითად, Ndjoni Sango ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში — რომლებიც მხოლოდ ცალმხრივად წარმოადგენენ პრო-კრემლისტურ პერსპექტივას.
- პანაფრიკანული მოძრაობების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება, რათა მაქსიმალურად გაზარდოს ადგილობრივი აუდიტორიების მოცვა რუსული ნარატივებით. ამის ამჟამინდელი მაგალითია ნატალი იამბი, ასევე, ცნობილი, როგორც „ქალბატონი სოჭიდან“, ან კემი სება — ორივე დაესწრო რუსულ-აფრიკულ ბოლო სამიტს, რომელიც 2023 წლის ივლისში სანქტ-პეტერბურგში გაიმართა. ანტიდასავლური რიტორიკის გავრცელება თუ ვაგნერის ჯგუფის დაქირავებული ჯარისკაცების პოპულარიზაცია — ამგვარი რუპორები მუდმივად ამართლებენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ.
- შეცდომაში შემყვანი კონტენტის სოციალურ ქსელებში გავრცელების გაძლიერება ყალბი ანგარიშებისა და ქსელების მეშვეობით აფრიკის, რეგიონულ თუ ეროვნულ დონეზე. Facebook ყველაზე აქტიურად გამოიყენება საინფორმაციო ველის ემოციური და ყალბი კონტენტით დასაბინძურებლად.
- პოლარიზაციის გამომწვევი კონტენტის ფართოდ გავრცელება მოვლენების, კერძოდ კი მალიში, ბურკინა-ფასოში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სენეგალსა და ნიგერში მიმდინარე პროტესტის შესახებ აღქმების დამახინჯების მიზნით. მაგალითად, დასავლური დროშების დაწვა ან რუსეთისა და ვაგნერის ჯგუფის დროშების პოპულარიზაცია.
- შეცდომაში შემყვანი ვიდეოების, ანიმაციების, კინოფილმების და საომარი კადრების შექმნა და გავრცელება, რაც მიზნად ისახავს ცრუ ნარატივის ფართოდ გავრცელებას იმის შესახებ, რომ ვაგნერთან თანამშრომლობა აფრიკის უსაფრთხოების დაცვის ერთადერთი გამოსავალია და დასავლეთისთვის ჩირქის მოცხებას.