კრემლის უსაფრთხოების მოთხოვნები ყველა ჩვენგანისთვის უსაფრთხოების წართმევას ნიშნავს
რუსეთის უკანასკნელი ულტიმატუმები ნათლად გვიჩვენებს კრემლის კორიდორებში მომატებულ პარანოიას და ნიადაგს ამზადებს მზარდი დაძაბულობისთვის.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 დეკემბერს მოამზადა ორი დოკუმენტი მომატყუებელი სათაურებით: „ხელშეკრულება უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე“ და „შეთანხმება რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების თაობაზე“. ეს დოკუმენტები ულტიმატუმის სახით წარმოადგინეს და ფართოდ გააშუქეს პროკრემლისტურ გამოცემებში. მათში მოცემულია შეცდომაში შემყვანი და მავნებელი ნარატივები, რომლებიც მიზნად არ ისახავს იმ დაძაბულობის შემცირებას, რომელიც თვითონ კრემლმა შექმნა. რას გვთავაზობენ: პისტოლეტის ლულაში გარჭობილ ზეთისხილის რტოს.
კრემლმა კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა თავისი საყვარელი დეზინფორმაციული ნარატივებით მომზადებული ფაფა, ოღონდ ამჯერად მიზნად რამდენიმე პოლიტიკური მიზნის მიღწევას ისახავს. ულტიმატუმებში წარმოდგენილი ნარატივები: რუსეთი შეერთებული შტატების თანასწორი ზესახელმწიფოა; რუსეთი მტრული ძალებით, კერძოდ, ნატოთი გარშემორტყმული ციხესიმაგრეა; ნატოს გაფართოების წინა რაუნდები ძველი დაპირებების ღალატი იყო; რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს უკრაინა დასავლეთის მიერ ბალტიის და შავ ზღვებში ჩატარებულ წვრთნებთან ერთად.
ასეთი დეზინფორმაციის გამოაშკარავების უამრავი მაგალითია თავმოყრილი ჩვენს მონაცემთა ბაზაში, რომელიც უფასოდაა ხელმისაწვდომი:
- რუსეთის აღმატებულობა,
- რუსეთი, როგორც გარშემორტყმული ციხესიმაგრე,
- ნატოს გაფართოება, როგორც ღალატი
- უკრაინა, როგორც აგრესორი.
რუსულ ულტიმატუმებში მოცემულ დეზინფორმაციულ ნარატივებში გამოსჭვივის კრემლის იმპერიალისტური ხედვა თავის სამეზობლოზე. ეს ნარატივები გვიმტკიცებს, რომ კრემლის აზრით, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები, მათ შორის, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა და ალიანსის წევრები სუვერენული ქვეყნები არ არიან და თავისუფლად არ შეუძლიათ საკუთარი ბედის გადაწყვეტა კრემლის ჩარევის გარეშე. ამგვარად, რა გასაკვირია, რომ ულტიმატუმებმა დიდი ენთუზიაზმი ვერ გამოიწვიეს დასავლელ ლიდერებში.
კრემლი ცდილობს, წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთს ზეთისხილის რტო უჭირავს და თავის მიერვე შექმნილი კრიზისის განმუხტვას ცდილობს ულტიმატუმით, რომელიც ცრუ დიპლომატიური ფორმითაა შეფუთული და მასზე დათანხმება არცერთ მხარეს არ შეუძლია. ადრესატების მიერ ულტიმატუმის პირობების გარდაუვალი უარყოფა კრემლის გათვლის ნაწილი შეიძლება იყოს.
დიდი ალბათობით, დასავლეთის მიერ კრემლის ხრიკის უარყოფას პროკრემლისტური მედიასაშუალებები შიდა აუდიტორიისთვის ისე წარმოაჩენენ, თითქოს დასავლურ ქვეყნებს პრინციპში კრიზისიდან გამოსავლის პოვნა არ სურთ, ყველაფერს გააკეთებენ რუსეთის გავლენის სფეროდან უკრაინის მოსაწყვეტად და ნატოს ორბიტაში მოსაქცევად, მათ შორის, დონბასში მცხოვრებთა ჩათვლით, რომლებსაც რუსული პასპორტები აქვთ. ეს შეიძლება აღმოჩნდეს casus belli — მექანიზმი, რომელიც „რუსეთს აიძულებს, იმოქმედოს საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად“ და „სტაბილურობის“ შესანარჩუნებლად. შემაშფოთებელ შეტყობინებებს ავრცელებენ პროკრემლისტურად განწყობილი კომენტატორები, მათ შორის, სულ ახლახან გვამცნეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო აგრესია „სწრაფი და უმტკივნეულო“ იქნება.
კრემლის ზარები ხმამაღლა რეკს, მაგრამ როგორც ჩანს, არა მშვიდობისთვის დედამიწაზე, როგორც ჩვეულებრივ წელიწადის ამ დროს შეეფერება.