რატომ წარმოაჩენს პუტინი თავს ნეონაციზმის წინააღმდეგ მებრძოლად?

თავის დაცვის ეს მეთოდი ბევრი ჩვენგანისთვის ბავშვობიდან არის ცნობილი. თუ ვინმე ცუდ სიტყვას დაგიძახებთ, შეგიძლიათ, უპასუხოთ „ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის“ ან „უარესი ხარ“. ანუ, შეგიძლიათ, სხვას დააბრალოთ იგივე, რასაც თქვენ გაბრალებენ. ამ რიტორიკულ ხერხს ეწოდება პროექცია — სხვებზე საკუთარი დესტრუქციული მოქმედებების გადაბრალების გზა.

24 თებერვალს თავის გამოსვლაში პუტინმა უკრაინაში შეჭრა (ანუ, „სპეციალური ოპერაცია“) გამოაცხადა და ტყუილების გუდას მოხსნა თავი. მისი თქმით, „შეზღუდული სამხედრო ოპერაციის“ მიზანია „დონბასის დაცვისა“ და „რუსეთის თავდაცვის“ უზრუნველყოფა, მაგრამ უკრაინა არავის არასდროს დამუქრებია, მით უმეტეს, რუსეთს. პუტინის აზრით, „ოპერაცია“ არ გულისხმობს „ოკუპაციას“, მაგრამ უკრაინაში მყოფი რუსი ჯარისკაცები სწორედ რომ ოკუპაციას ახდენენ ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში. რუსეთის პრეზიდენტმა „ახალი მთავრობის არჩევნების ჩატარების“ შესახებ გამოაცხადა. თუმცა, ნებისმიერი სამართლიანი არჩევნები ხელისუფლებაში დააბრუნებს ხალხის უმრავლესობას, რომელიც რუსეთის მიმართ მტრულად არის განწყობილი ბევრი მიზეზის გამო. მთავარი მიზეზი მაინც ისაა, რომ პუტინის შეჭრის შედეგად ჩამოაგდეს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ხმათა 73%-ზე მეტი მიიღო 2019 წელს.

16 მარტს პუტინი გამოვიდა გრძელი სიტყვით, რომელიც სიტყვიერ თავდასხმებსა და თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს შეიცავდა: თითქოს კიევში „ნეონაცისტები“ ამზადებენ თავდასხმას ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისა და ციმბირის წყლულის გამოყენებით და მათ ასევე, მალე ექნებათ ბირთვული იარაღი დონბასისა და რუსეთის წინააღმდეგ. რასაკვირველია, არცერთი ეს ბრალდება არ ყოფილა გამყარებული მტკიცებულებებით, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა ყველაზე უტიფარი დეზინფორმაციული ტროპების შემთხვევაში.

ნაცისტების აკვიატება…

სხვების ფონზე ერთი განცხადება განსაკუთრებით გამოირჩეოდა როგორც 24 თებერვალს, ისე 16 მარტს. პუტინმა პირობა დადო, რომ გამარჯვების შემდეგ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინის „დენაციფიკაციას“ ჩაატარებდნენ. ეს განცხადებები გულისხმობდა, რომ თითქოს ამჟამინდელი მთავრობა მთლიანად ან ნაწილობრივ ნაცისტურია, მაგრამ რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, მას სათავეში უდგას ებრაელი პრეზიდენტი, რომელმაც სამი ბიძა დაკარგა ჰოლოკოსტის დროს.

კრემლი პირველად არ იყენებს ტერმინს „ნაცისტი“ უკრაინის ხელისუფლების მისამართით. ეს არც ორმოცდამეათე შემთხვევაა. წლების განმავლობაში რუსი ჩინოვნიკები და სამთავრობო მედიასაშუალებები აღნიშნულ ტერმინს უკრაინისა და მისი მთავრობის დემონიზებისა და გაშავებისთვის იყენებდნენ. ბოლო რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში რუსული მედიასაშუალებები უკრაინას ადანაშაულებდნენ ფაშიზმში და აცხადებდნენ, რომ უკრაინაში არსებული „სახელმწიფო ტერორი“ შეიძლება შევადაროთ ნაცისტურ ოკუპაციას. მათი მტკიცებით, თითქოს „ფაშისტურმა ძალებმა“ მოაწყვეს 2014 წლის მაიდნის რევოლუცია.

„ნაცისტები არიან აღმოსავლეთით, ნაცისტები არიან დასავლეთით, ნაცისტები არიან ყველგან“

2017 წელს ჩვენ შევისწავლეთ ხშირი ბრალდებები იმის შესახებ, თუ ვინ არის ნაცისტი კრემლის თანახმად. იმ დროს უკვე მათი რაოდენობა დიდი იყო. რუსეთის სამთავრობო მედია და პროკრემლისტური საინფორმაციო საშუალებები დიდი ხნის განმავლობაში ნაცისტად ან ნაცისტების მხარდამჭერად რაცხავდნენ ყველას, ვისაც რუსეთის ან რუსულენოვანი სამყაროს გამაერთიანებელი პროექტის, ანუ „რუსკი მირის“ მტრად მიიჩნევდნენ: კერძოდ, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს. იტალიამაც კი ვერ აიცილა თავიდან ნაცისტებთან დაკავშირებული ტერმინოლოგია, როგორიცაა, მაგალითად, „გესტაპო“. შეგვიძლია, არ გავჩერდეთ და მოვიყვანოთ ერთი,.. ორი,.. სამი,.. მაგალითი. ჩვენს მონაცემთა ბაზაში თავს იყრის 800-ზე მეტი ნიმუში, რომლებიც შეიცავს საკვანძო სიტყვას „ნაცისტი“.

რა შეიცვალა ახლა?

ორი რამ: „ნაცისტები“ სამთავრობო საინფორმაციო საშუალებების წამყვანი თემა გახდა. თუ ადრე ბრალდებებს აყენებდნენ კონკრეტული ქვეყნების, მაგალითად, უკრაინის, ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის წინააღმდეგ, ახლა ეს ყველაფერი საყოველთაო აკვიატებულ აზრად გადაიქცა. RT-ს თანახმად, პრინციპში, მთელი ევროპა [ევროკავშირი] ნაცისტებს ჰგავს. მეორეც, ახლა ეს სიტყვა დომინირებს პუტინის ლექსიკონში, რომელშიც თავს იყრის სხვა შეურაცხმყოფელი ტერმინებიც, როგორიცაა „ნაციონალისტი ნარკომანები“, „მარიონეტები“ და ა.შ. ბოლო თვეებში საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს უკრაინის შესახებ თითქმის არაფერი უთქვამს „ნაცისტების“ ხსენების გარეშე.

4 მარტს, როცა რუსეთის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი დრაკონულ კანონებს, რომლებიც სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ მედიას ზღუდავს, „დებატები“ სავსე იყო „ნაცისტების“ ხსენებით. თითქოსდა მთელი დასავლეთი „ნაცისტურია“ კიევის მხარდაჭერის გამო. ამ მიზეზით, 48 ქვეყანა რუსეთისადმი „არამეგობრულ“ ქვეყნად გამოაცხადეს.

მოტივები

ასეთი ჟარგონის გამოყენების მიზანი არ შეიძლება იყოს უკრაინის შიგნიდან დაყოფა ან საგარეო მტრების გადმოყვანა პუტინის მხარეს. ასეთი სიტყვიერი თავდასხმის შემთხვევაში (რომლის რიტორიკული ეკვივალენტი შეიძლება იყოს ხალხმრავალ ქუჩაში გაშიშვლება) ოპონენტის ბუნებრივი რეაქციაა აგრესორის წინააღმდეგ რიგების შეკვრა და მისგან ზიზღით თავის არიდება.

მაგრამ, არა. პუტინის მიერ ნაციზმის აკვიატებას უფრო გაცნობიერებული შიდა პოლიტიკური მიზნები აქვს. ზემოთ აღნიშნული ბავშვური თავდაცვის მეთოდის მსგავსად, პუტინის მიერ ნაცისტების მუდმივი ხსენება მისი რეჟიმის სისუსტეებისგან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად. ის ასევე ცდილობს რუსეთის შიდა აუდიტორიის გაერთიანებას ულმობელი, ეშმაკისეული და წარმოსახვითი გარე მტრის წინააღმდეგ. დაბოლოს, მისი მიზანია ხელოვნური საფრთხობელას წინააღმდეგ ბრძოლისთვის შიდა აუდიტორიის მობილიზება ან როგორც მინიმუმ, მოგონილი ბოროთმოქმედის წინააღმდეგ მისი პროტეტის ჩახშობა.

თანამედროვე რუსული სახელმწიფოს იდეოლოგიური საფუძველი და მთავარი საიდენტიფიკაციო მარკერია 1945 წელს ნაციზმზე მოპოვებული გამარჯვება. პუტინის მმართველობის პერიოდში სამხედრო პარადები კიდევ უფრო პომპეზური გახდა. „უკვდავი პოლკის“ მსგავსი სამოქალაქო ინიციატივების მიზანი თავიდან იყო ოჯახის წევრების მიერ 1941-45 წლებში დაღუპული წინაპრების ხსოვნისთვის პატივის მიგება. მოგვიანებით ეს ინიციატივები გადაიქცა უნივერსალურ სამთავრობო შოუებად, რომელთა მიზანია სწორი პატრიოტული გრძნობების გაღვივება ახალგაზრდა თაობაში. საღამოს პროგრამების დაწყებამდე რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია ახლა ხშირად უშვებს ვიდეოებს, რომლებშიც წარმოდგენილია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები: ლენინგრადის ალყის, მოსკოვის დაცვისა და მსგავსი ისტორიული მოვლენების მონაწილეები.

არა ომი, არამედ „დენაციფიკაცია“

პუტინის მიერ უკრაინის „დენაციფიკაციის“ სურვილს ერთი საგარეო მიზანიც შეიძლება ჰქონდეს: ყველა უკრაინელი ნაციონალისტის გაშავება ნაცისტებად მათი წარმოჩენის გზით. კრემლისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ის, რომ შეჭრის შედეგად წარმოუდგენლად გაძლიერდა უკრაინელების ეროვნული ღირსების გრძნობა და სიმტკიცე.

თუ კრემლი თავის ისტორიაში ყველაზე უსახურ გამარჯვებას მიაღწევს უკრაინაში, „დენაციფიკაციის“ პროცესი კიდევ უფრო უსახური იქნება. განა „დენაციფიკაცია“ სჭირდება მას, ვისაც ეამაყება, რომ უკრაინელია? წარმოდგენაც კი ძნელია.

„დენაციფიკაცია“ ორუელიანური ევფემიზმია, რომელიც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების და დამოუკიდებელი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლების დახოცვას ნიშნავს.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქებში უკრაინელი მერების დაპატიმრება და მოტაცება მკაფიოდ გვიჩვენებს, როგორი სტალინისტური მეთოდებით ამყარებენ მარიონეტულ რეჟიმებს. ეჭვები გაგიქრებათ, თუ შეხედავთ, როგორ ეპყრობა პუტინი თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, მაგალითად, ალექსეი ნავალნის. ასევე, შეგიძლიათ, გაეცნოთ პუტინის გამოსვლას, რომელიც 16 მაისს გავრცელდა პატრიოტული განწყობის ასამაღლებლად. „დენაციფიკაციის“ გარდა, პუტინმა ისაუბრა შიდა ოპოზიციაზე და მას უწოდა „რუსეთის მოღალატეები, დასავლეთის მე-5 კოლონა და ბინძური მწერები, რომლებიც უნდა განადგურდნენ“.

ხელოვნური ნაცისტური სახელმწიფო

წლების განმავლობაში პუტინი არ მალავდა თავის შეხედულებას იმის შესახებ, რომ უკრაინა თითქოს ხელოვნური სახელმწიფოა და რუსეთს ეკუთვნის — იხილეთ მისი გრძელი სტატია, რომელიც 2021 წლის ივლისში გამოქვეყნდა. პუტინი დაჟინებით ამტკიცებს, რომ მისი ნააზრევი სწორია და უკრაინის ხელისუფლება ნაცისტურია. ეს ჰგავს სკოლის ხულიგნების ლოგიკას, რომლის მიხედვით სუსტი ბავშვი რატომღაც ცემას იმსახურებს. პუტინის წარმოდგენებს აზრი მხოლოდ მისი ჭეშმარიტების ფარგლებში აქვს. ისტორიის ეს ვერსია იდეოლოგიურად აღწერა კრემლისტმა ფილოსოფოსმა ალექსანდრ დუგინმა, რომლისაც მხოლოდ მას და რუს ნაციონალისტებს სჯერათ.

ამას არაფერი აქვს საერთო ფაქტებთან. ულტრამემარჯვენე ჯგუფები ძალიან მცირე რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი 2014 წლის მაიდნის აქციებზე და მიზერული შედეგები მიიღეს იმავე წელს უკრაინაში ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში. 2019 წლის საარჩევნო ციკლის დროს ულტრამემარჯვენეებმა კიდევ უფრო სერიოზული მარცხი განიცადეს: მათ საერთოდ დაკარგეს წარმომადგენლობა პარლამენტში.

როცა დიქტატორი ცდილობს ისეთი გეოპოლიტიკური იდეალების მიღწევას, როგორიცაა რუსული სუვერენიტეტის გავრცელება თითქოსდა ისტორიულად რუსულ ტერიტორიებზე, იდეალსა და რეალობას შორის არსებულმა სიცარიელემ კატასტროფამდე შეიძლება მიგვიყვანოს. დღეს უკვე ადვილი დასანახია შედეგები: რუსეთის მიერ სამოქალაქო სამიზნეების დაბომბვა უკრაინაში.

პიროვნების კულტი…

სანამ პუტინი სხვებს ადანაშაულებს ნაციზმში, მისი პიროვნების კულტი ძლიერდება რუსეთში.

18 მარტს 8 წელი შესრულდა ყირიმის უკანონო ანექსიიდან. მოსკოვში გამართულმა ზეიმმა კულმინაციას წელს მიაღწია. პუტინი სიტყვით გამოვიდა „ლუჟნიკის“ სტადიონზე, სადაც ხალხით სავსე ტრიბუნების წინ იდგა და გვერდს უმშვენებდა ლოზუნგი „მსოფლიო ნაციზმის გარეშე“. ის კვლავ ცინიკურად ამართლებდა ომს და უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად იყენებდა ორ ყველაზე გავრცელებულ სიტყვას: გენოციდსა და ნაციზმს.

კონცერტში მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 100 000 ადამიანი, რომელთაგან ბევრს ხელში ეჭირა ტრანსპარანტები და ლოზუნგები: „პრეზიდენტისთვის“, „რუსეთისთვის“, „ყირიმისთვის“, „დონბასისთვის“. რასაკვირველია, სიტყვაში „ზა“ (რუს. „За“ ქართულ ენაში შეესაბამება თანდებულს: -თვის) პირველი ასო ლათინური „Z“-თი ჰქონდათ ჩანაცვლებული ომისთვის ხოტბის შესხმის მიზნით.

ადვილი შესამჩნევია პიროვნების კულტი, რომელიც ყველასთვის კარგადაა ცნობილი წინა ომებიდან.

მსგავსი დეზინფორმაციის შემთხვევები

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    %s

      გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

      ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      [recaptcha]

        Subscribe to the Disinfo Review

        Your weekly update on pro-Kremlin disinformation

        Data Protection Information *

        The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.

        🎵 Playlist