ევროპის მკლავებში „მომწყვდეულები“
2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინასა და მოლდოვას და იმავეს გაკეთების მზადყოფნა გამოხატა საქართველოს მიმართ, როცა საქართველოს გაწევრების განაცხადთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებულ დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები შესრულდება.
რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფმა სადეზინფორმაციო საშუალებებმა და მათმა რუპორებმა ჭეშმარიტად ისტორიული მომენტი დაიჭირეს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ტყუილების გასავრცელებლად. პროკრემლისტური სადეზინფორმაციო ეკოსისტემის თავდაპირველი რეაქცია თავშეკავებული ჩანდა, მაგრამ სწრაფად დაიწყეს იმ პროკრემლისტური ნარატივების პერიფრაზირება, რომლებსაც წარსულში აღმოსავლეთ პარტნიორობის დისკრედიტაციისთვის იყენებდნენ. მალევე ნიაღვარივით წამოვიდა განცხადებები იმის შესახებ, რომ თითქოს ევროკავშირი მეზობელ ქვეყნებს იმონებს, უკრაინასა და მოლდოვას პოლიტიკურ ინსტრუმენტებად იყენებს და კანდიდატების მოტყუების მიზნით ცრუ დაპირებებს გასცემს. ყველაზე თვალშისაცემ დეზინფორმაციულ ნარატივებში ასევე თავისი ადგილი დაიკავა ევროკავშირში შესვლის პროცესის დელეგიტიმიზაციის მცდელობამ: აცხადებენ, რომ თითქოს საბჭოს გადაწყვეტილება დესტრუქციული და ნაჩქარევია და თავიანთი განცხადების “სისწორის დასამტკიცებლად“ ამ გადაწყვეტილებას ადარებენ დროს, რომელიც ევროკავშირს სხვა ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დასჭირდა.
ყველაზე ფანტასტიკური დეზინფორმაციული განცხადებები ასევე მოიცავდა ტყუილებს, რომ თითქოს მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე შეერთების სანაცვლოდ და უსაფუძვლო განცხადებებს, რომ თითქოს რუმინეთი თავისი ტერიტორიის შემადგენლობაში მოლდოვის შეყვანას ცდილობს ევროკავშირში მისი გაწევრების მეშვეობით.
კრემლის პროპაგანდისტებისა და ინფორმაციით მანიპულატორებისთვის ევროკავშირის პარტნიორებზე თავდასხმები ახალი ხილი არაა. წლების განმავლობაში EUvsDisinfo-მ უამრავი ნიმუში შეკრიბა. დეზინფორმაციის პერიფრაზირებაც ხშირად გამოყენებული მეთოდია. ბოლოსდაბოლოს, თუ ტყუილს საკმარისად ხშირად გაიმეორებთ, ხალხმა შეიძლება მართლა დაიჯეროს. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ეს პროკრემლისტური სადეზინფორმაციო საშუალებების საყვარელი მიდგომაა, რომელიც ევროკავშირში გაწევრების გზაზე დაბრკოლებების შექმნას ისახავს მიზნად უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ კრემლისთვის ეს რთულად შესასრულებელი ეკვილიბრისტიკაა. ერთი მხრივ, მკაცრი და შეშფოთებული უნდა ჩანდნენ ევროპული საბჭოს მიერ ახლახან მიღებული გადაწყვეტილებებით და ამტკიცონ, რომ ეს „ევროკავშირის შიდა საქმეა“ და რუსეთს არავითარ საფრთხეს არ უქმნის. მეორე მხრივ კი, პროკრემლისტურმა სადეზინფორმაციო მანქანამ, რომელიც დაუცველობისა და შიშების ბოროტად გამოყენებით იკვებება, „დასავლური ექსპანსიონიზმის“ დაგმობა უნდა გააგრძელოს და რუსეთისთვის ალყის შემორტყმის საფრთხეზე ისაუბროს. საკუთარი თავის მუდმივად მსხვერპლად წარმოჩენა მნიშვნელოვანი კომპონენტია კრემლის დროშების ქვეშ ხალხის შესაკრებად. ეს შეხედულება მკაფიოდ ჩამოაყალიბა ბატონმა ლავროვმა, როცა განაცხადა, რომ „ევროკავშირი და ნატო კოალიციას ქმნიან რუსეთის წინააღმდეგ“ და მათი ძალისხმევა შეადარა მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირზე ნაცისტების თავდასხმას.
ტოტალური დაუსჯელობა სამხედრო დანაშაულების ფონზე
მოწინააღმდეგეებისთვის „ნაცისტის“ იარლიყის მიწებება ერთ-ერთი განმსაზღვრელი ელემენტი გახდა პროკრემლისტურ დეზინფორმაციაში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელ და აგრესიულ ომთანაა დაკავშირებული. იგი მხარს უბამს მზარდად აგრესიულ რიტორიკას, რომელიც ხშირად სიძულვილის ენის სახეს იღებს და მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიის უდანაშაულო მსხვერპლთა დეჰუმანიზაციასა და გაშავებას. სიკვდილისა და ტყუილების კრემლისეული წრე თითქმის დაუსჯელად აგრძელებს ფუნქციონირებას, რომ გაამართლოს ის, რისი გამართლებაც შეუძლებელია.

27 ივნისს მსოფლიომ შეიტყო რუსეთის დამპყრობელი ჯარების მიერ უკრაინაში ჩადენილი კიდევ ერთი სიმხეცის შესახებ. კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრს მოხვდა რაკეტა, რის შედეგად დაიღუპა მინიმუმ 18 ადამიანი, ხოლო რამდენიმე ათეული ადამიანი შენობის ნანგრევებში დაიკარგა. პროკრემლისტურმა სადეზინფორმაციო მანქანამ გამოიყენა ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ტაქტიკა, რომელსაც არაერთხელ წავაწყდით: მაგალითად, მარიუპოლში სამშობიარო სახლის დაბომბვისას და რუსეთის მიერ ბუჩაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების მიჩქმალვისას. ჯერ იყო დუმილი და უარყოფა, რომ თითქოს თავდასხმა არ განხორციელებულა. შემდეგ გაისმა ხმამაღალი განცხადებები უკრაინული პროვოკაციის თაობაზე, რაც ძალიან ჰგავდა ბუჩის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ ტყუილებს. მას შემდეგ, რაც მტკიცებულებები შეგროვდა და ბრალეულობის უარყოფა შეუძლებელი გახდა, მსხვერპლთა დადანაშაულების დრო დადგა: თითქოს რუსეთმა დარტყმა განახორციელა დასავლეთის საიდუმლო საწყობზე, სადაც იარაღი და საბრძოლო მასალა ინახებოდა. ყურადღების კიდევ უფრო ეფექტურად გადასატანად რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფმა სადეზინფორმაციო საშუალებებმა მათი საყვარელი კონტრბრალდების (ე.წ. „ვოთებაუთიზმის“) ტაქტიკა გამოიყენეს და ტყუილებით სავსე განცხადებები გაავრცელეს იმის შესახებ, რომ თითქოს ნატო ლუგანსკში ბაზების განთავსებას გეგმავს.
კრემლის არცერთი განცხადება არ ეყრდნობა რეალობას და არაა გამყარებული ფაქტებით, მაგრამ მათ მიერ გამოწვეული ადამიანური ტანჯვა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა სავსებით რეალურია. ტყუილები, მანიპულაცია და დეზინფორმაცია გზას უხსნის ბოროტმოქმედებებს და ამიტომ, აუცილებელია მათი გამოაშკარავება და არაორაზროვნად დაგმობა. EUvsDisinfo უკვე თავს უყრის რუსული სადეზინფორმაციო კამპანიების 14 000 ნიმუშს. ჩვენ გავაგრძელებთ საცავების განახლებას, სანამ ეს საფრთხე არსებობს.
ამ კვირაში EUvsDisinfo-ს რადარზე ასევე მოხვდა:
- უსაფუძვლო განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია მუდმივად ვრცელდება პროკრემლისტურ სადეზინფორმაციო ეკოსისტემაში, მათ შორის მაღალი დონის რუსი „დიპლომატების“ მიერ. არა, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები არაფერ შუაშია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული გაუმართლებელი და აგრესიული ომის გამო გაღრმავდა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიზისი.
- პროკრემლისტური საშუალებები აგრძელებენ ლიეტუვისთვის ცრუ ბრალდებების წაყენებას კალინინგრადში საქონლის ტრანზიტზე დაწესებული შეზღუდვის გამო. არა, ლიეტუვა არ ხელყოფს რუსეთის სუვერენიტეტს და არც კალინინგრადის „ბლოკადა“ არსებობს. ლიეტუვა უბრალოდ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს ასრულებს.
- როგორც მოსალოდნელი იყო, მადრიდში გამართული ნატოს სამიტი პროკრემლისტური სადეზინფორმაციო საშუალებების სამიზნე გახდა და ისევ გაგვახსენეს ძველი რეპერტუარი: „რუსეთისთვის ალყის შემორტყმა“ და „დასავლური ექსპანსიონიზმი“. სინამდვილეში, ნატოს ღია კარის პოლიტიკა რუსეთს საფრთხეს არ უქმნის და არა, ალიანსი რუსეთისთვის ალყის შემორტყმას არ ცდილობს;
- შეთქმულების თეორიების არომატით გაჯერებული დეზინფორმაციის მოყვარულთათვის პროკრემლისტურმა სადეზინფორმაციო ეკოსისტემამ გაავრცელა ნარატივი უკრაინის გაყოფის მიზნით თითქოსდა გერმანიასა და რუსეთს შორის გამართული საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ. არა, საიდუმლო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და გერმანულ-უკრაინული ურთიერთობები არ გაფუჭებულა.