ნატოში წლის საუკეთესო გაყიდვების სპეციალისტი საკუთარმა ეფექტურობამ გააკვირვა

გუშინ დილით ნატოში გაწევრებაზე ერთდროულად ფინეთმა და შვედეთმა შეიტანა ოფიციალური განაცხადი. ისტორიული სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე ქვეყნებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზე პირდაპირ რეაქციას წარმოადგენდა. ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს თქმით, „განაცხადის შეტანა გამოიწვია წინა წლის დეკემბერში დაწყებული მოვლენების ჯაჭვმა, როცა მოსკოვმა სხვა საკითხებთან ერთად მოითხოვა, რომ ნატოს ახალი წევრები არ მიეღო“. პრეზიდენტმა ნიინისტემ რუსებს „სარკეში ჩახედვა“ ურჩია ფინეთის გადაწყვეტილების მიზეზების საპოვნელად.

ნატოზე თავდასხმა კრემლის დიდი ხნის საყვარელი საქმიანობაა და EUvsDisinfo-ს მიერ შეგროვებულ თითქმის 1500 შემთხვევაში ფიგურირებს. ამიტომ, ეს ახალი ამბავი პროკრემლისტურ სადეზინფორმაციო ეკოსისტემას შეუმჩნეველი არ დარჩენია, რამდენიმე უახლესი ტროპის მიხედვით, „ფინეთსა და შვედეთს ნატოში მიათრევენ რუსეთის წინააღმდეგ ომის გასაჩაღებლად“, „ნატო დაშლის პირასაა და ფინეთსა და შვედეთს სარგებელს არ მოუტანს“ და „ნატოს შეიარაღება გამოფიტავს ბიუჯეტს, რაც კეთილდღეობის შემცირებას გამოიწვევს“.

ამას მოჰყვა ტონის ცვლილება სიტყვაში, რომელიც პუტინმა კუხოს სამიტზე წარმოთქვა 16 მაისს. პუტინის თქმით, ახლა რუსეთს არ აქვს პრობლემა ფინეთთან და შვედეთთან, რადგან ნატოში მათი გაწევრება საფრთხეს არ შეუქმნის რუსეთს, მაგრამ მოსკოვი შეეწინააღმდეგება ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებას რუსეთის სიახლოვეს. მთავარი დეზინფორმაციული ნარატივები ახლა მეტწილად თანხვედრაშია პუტინის კომენტარებთან. პუტინი მიხვდა, რომ ხელს ვერ შეუშლის ფინეთსა და შვედეთს წევრობის განაცხადის გაკეთებაში. მისი პოლიტიკა, რომელიც ნატოს გაფართოების, ანუ „ექსპანსიის“ თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად, კრახით დასრულდა. ახლა პუტინი ცდილობს მარცხის შეფუთვას და ამისთვის კრემლისტურ ჟარგონს იყენებს ხალხის მოსატყუებლად. სულ ბოლოს რუსეთმა ასეთი მოთხოვნა 2021 წლის დეკემბერში გააჟღერა აშშ-ისა და ნატოსთვის წარდგენილი ორი ხელშეკრულების ტექსტში.

სხვა კომენტარები ფოკუსირებულია გადაწყვეტილებების კრიტიკაზე, რასაც თან ახლავს იარაღის უსაზმნო ჟღარუნი და აპელირება პრინციპზე „თვალი თვალისა წილ“, რომლის მიხედვითაც, რუსეთი იძულებული გახდება საკუთარი ინტერესები დაიცვას და ძალის პოზიცია დაიჭიროს დასავლეთის მიმართულებით.

კონკურსში მონაწილეობის გარეშე მოვიგეთ „ევროვიზია“. რაც არ უნდა იყოს, ეს მორალურად გადაგვარებული ღონისძიებაა

სხვა ახალი ამბები: 14 მაისს მთელი მსოფლიოდან მილიონობით ადამიანი შეიკრიბა, რომ დამტკბარიყო „ევროვიზიით“ — მსოფლიოში ყველაზე დიდი ცოცხალი მუსიკის შოუთი. უკრაინამ დიდი სხვაობით მოიგო კონკურსი, სადაც მას წარმოადგენდა Kalush Orchestra სიმღერით „სტეფანია“. სიმღერამ ბევრი ადამიანის გული დაიპყრო. მთლიანობაში, „ევროვიზია“ მუსიკის, მრავალფეროვნებისა და სოლიდარობის ფერადი და ხალისიანი ზეიმია. სამწუხაროდ, არა ყველასთვის. გრინჩის მსგავსად, რომელმაც შობა მოიპარა, კრემლმა ცადა შოუსგან სიამოვნების მიღებაში ხელის შეშლა, რადგან წელს რუსეთს აკრძალული ჰქონდა კონკურსში მონაწილეობა.

მომდევნო დღეს, როცა ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი გვიან ღამით დასრულებული შოუთი გამოწვეული ემოციების ქვეშ იყო, „რია ნოვოსტიმ“ ორი სტატია გამოაქვეყნა „ევროვიზიაზე“ რეაქციის გამოსახატად. საინფორმაციო საშუალება პირველ სტატიაში ამტკიცებდა, რომ თითქოს გერმანელების აღშფოთება გამოიწვია უკრაინის გამარჯვებამ, ხოლო მეორეში ბრიტანული აუდიტორიის შესახებ გაიმეორეს იგივე თუთიყუშივით. არა უშავს, ხალხი ყოველთვის დავობდა გემოვნების შესახებ. ჟურნალისტიკის მინიმალური პროფესიული ან ეთიკური სტანდარტების მქონე საინფორმაციო საშუალებაში ასეთი სათაურის ნახვისას ადამიანი ალბათ იფიქრებს, რომ დასკვნის გაკეთებამდე კვლევა ჩაატარეს. როგორც ყოველთვის, კრემლისთვის ეს მორიგი ხრიკია. კერძოდ, ორივე ამბავი ეყრდნობოდა რამდენიმე ონლაინკომენტარს, რომლებიც „შპიგელისა“ და „დეილი მეილის“ კომენტარების სექციაში დატოვეს ანონიმურმა პირებმა.

ჩვენ ალბათ არ გავაშუქებდით ამ ინციდენტს, ის რომ კანონზომიერების ნაწილი არ ყოფილიყო. საზოგადოებრივი აზრის წარმოსაჩენად ანონიმურ ონლაინკომენტარებს კრემლის სადეზინფორმაციო ეკოსისტემა ადრეც იყენებდა. სინამდვილეში, ეს კრემლის ტაქტიკური საშუალებების, მეთოდებისა და პროცედურების ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იარაღია. 2021 წელს კარდიფის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა კვლევა სწორედ ამ თემაზე. საინტერესოა, რომ მასში ფიგურირებდა როგორც „დეილი მეილი“, ისე „შპიგელი“.

ცხადია, რუსეთს რაღაცით უნდა გაემართლებინა კონკურსში არყოფნა. „ცარგრადმა“ — კარგად ცნობილმა პროკრემლისტურმა საინფორმაციო საშუალებამ, რომელსაც პუტინთან ახლო კავშირში მყოფი ოლიგარქი კონსტანტინ მალოფეევი ფლობს — გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა მოიგო „ევროვიზია“, რადგან მასში მონაწილეობის მიღებაც კი უკვე წაგება იქნებოდა.

ამგვარად, სიმღერის კონკურსი „ევროვიზია“, თავის მხრივ, ერთგვარი პრიზმაა, რომელიც რუსული დეზინფორმაციისა და საინფორმაციო მანიპულაციის მიმდინარე მდგომარეობას ასახავს, ხოლო რუსეთის არყოფნა თვითიზოლაციას ასხამს ქება-დიდებას. წინა წელს ტაჯიკური წარმოშობის გაბედულმა პოპ-მომღერალმა მანიჟამ, გამოიწვია პანიკა რუს ნაციონალისტებში. „დასავლეთის გახრწნის“ ნიშანი. წელს კონკურსის გარეთ დარჩენას წარმოაჩენენ გამარჯვებად. როგორც, მაგალითად, გამარჯვების დღე, 9 მაისი აღნიშნეს გამარჯვების გარეშე და დასავლეთთან გაჭიანურებული კონფლიქტისკენ მოწოდების ფონზე.

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    %s

      გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

      ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      [recaptcha]

        Subscribe to the Disinfo Review

        Your weekly update on pro-Kremlin disinformation

        Data Protection Information *

        The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.

        🎵 Playlist