პროკრემლისტური მედია უკრაინის გარშემო დაძაბულობას ამწვავებს

უკრაინის საზღვრებთან მიმდინარე აგრესიული ესკალაციის შესაჩერებლად დიპლომატიური მცდელობები არ წყდება, პროკრემლისტური მედია კი აგრძელებს დაძაბულობის გამწვავებას წამქეზებლური და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებით. ძირითადად, ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი გათვლილია შიდა რუსულ აუდიტორიაზე, რომელსაც ყოველდღე უმეორებენ, რომ დასავლეთი, ნატო და აშშ რუსეთს ემუქრებიან.

დამოუკიდებელი ორგანიზაციის, „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ რუსების უმეტესობა (დაახლოებით რესპონდენტების ნახევარი) აშშ-სა და ნატოს ადანაშაულებს მიმდინარე ესკალაციაში და მხოლოდ დაახლოებით 4 პროცენტი ფიქრობს, რომ ეს რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ყირიმის ანექსიისა და დონბასში შეიარაღებული აგრესიის დაწყების შემდეგ თითქმის რვა წელი გავიდა, მაგრამ რუსეთში ჯერ კიდევ მარგინალურ შეხედულებად ითვლება იმის აღიარება, რომ კრემლი მართლა ემუქრება უკრაინას.

ასეთი დამოკიდებულება რუსული სახელისუფლებო მედიის მუშაობის შედეგია: წლების განმავლობაში ნერგავდნენ მითს „ალყაში მოქცეული“ რუსეთის შესახებ, აღვივებდნენ შიშს („ლევადას“ თანახმად, რუსების 56 პროცენტს მსოფლიო ომის ეშინია) და მილიონობით რუსს დამახინჯებულად აწვდიდნენ უკრაინის, ევროკავშირისა და ნატოს ღირებულებებს, ისტორიასა და პოლიტიკას.

მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ამოყირავება

უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის თავმოყრის ფონზე ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა ახლო მოქმედების და თავდაცვით შეიარაღებას აწვდის უკრაინას. პროკრემლისტური მედიისთვის ეს ფაქტი საკმარისი აღმოჩნდა იმის სათქმელად, რომ თითქოს ნატო უბიძგებს უკრაინას კონფლიქტისკენ. აღნიშნული დეზინფორმაციის რამდენიმე ვარიანტი გავრცელდა წარსულში და დღემდე ვრცელდება რუსეთში, უკრაინის ხელისუფლების კონტროლიდან გასულ რეგიონებში, საქართველოში და სხვაგან.

ამავდროულად, სანქციებს, რომლებიც რუსეთს 2014 წელს დააკისრეს მას შემდეგ, რაც ყირიმის ნახევარკუნძულის არალეგალური ანექსია მოახდინა და უკრაინაში დესტაბილიზაცია გამოიწვია, წარმოაჩენენ, როგორც „რუსეთის წინააღმდეგ“ მიმართულ არალეგიტიმურ საშუალებას.

ეს რამდენიმე ნიმუში გვიჩვენებს, როგორ ამახინჯებს რუსეთის სახელისუფლებო მედია მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, ცდილობს კრემლისთვის დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის მოხსნას და შიდა აუდიტორიას მუდმივ შიშში (და მაშასადამე, კონტროლქვეშ) ამყოფებს.

ნარატივების მომზადება რეაგირებისთვის

კრემლი დეზინფორმაციას და საინფორმაციო მანიპულაციას პოლიტიკური და რაც უფრო მნიშვნელოვანია, სამხედრო მანევრებისთვის სივრცის შესაქმნელად იყენებს.

იმისთვის, რომ კრემლს სამხედრო აგრესიის ვარიანტი ღია დაუტოვონ, სადეზინფორმაციო საშუალებები პროკრემლისტ ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან ერთად ნერგავენ ნარატივებს, რომლებიც დონბასის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული გარდაუვალი სისასტიკის შესახებ მოგვითხრობს.

ეს მოიცავს დაუსაბუთებელ განცხადებებს იმის შესახებ, რომ უკრაინის არმია მუშაობდა „პროვოკაციებზე“, მათ შორის, საშიში ქიმიური პროდუქციის მწარმოებელი ქარხნების აფეთქებაზე და ნერვულ-პარალიტიკური აგენტის ბოტულოტოქსინის გამოყენებაზე. აშშ-იც დაადანაშაულეს დონბასზე „სხვისი დროშის ქვეშ“ ქიმიური იარაღით თავდასხმის მომზადებაში, რაც თითქოს სასმელი წყლის მოწამვლას გულისხმობდა.

აღსანიშნავია, რომ პროკრემლისტურ მედიას ქიმიური იარაღის შესახებ ფაქტების დამახინჯების დიდი ისტორია აქვს, მათ შორისაა, სირიის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღით განხორციელებული თავდასხმების უარყოფა და ქიმიური იარაღის მარაგების შექმნის დაბრალება აშშ-ისთვის.

იმისათვის, რომ შიდა რუსულმა აუდიტორიამ ასეთი დეზინფორმაციული ნარატივები დაიჯეროს, პროკრემლისტური მედია უკრაინას „ნაცისტურ“ და არაჰუმანურ ქვეყნად წარმოაჩენს უკვე მრავალი წელია. ადრე ასეთ ნარატივებს თან ახლდა ნეოიმპერიალისტური განცხადებები, რომ უკრაინელები და რუსები „ერთი ხალხია“, მათ შორის, თვითონ კრემლიდანაც კი. ახლა უკვე ნიღაბი მოიხსნეს: RT Russia უარს ამბობს „ერთი ხალხის“ ნარატივზე და ამტკიცებს, რომ „უკრაინელებს რუსების სისხლი სწყურიათ“, ხოლო რუსეთი ვალდებულია, ლუგანსკელი ძმები და მოქალაქეები გადაარჩინოს „მტრებისგან“.

დამოუკიდებელი მედიის მოსპობა

კრემლი რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემატურად ანადგურებდა დამოუკიდებელ მედიას და შექმნა მდგომარეობა, რომელშიც დეზინფორმაცია თავისუფლად შეიძლება იქნეს გამოყენებული აგრესიული სამხედრო კამპანიისა და მტრული ოპერაციების მხარდასაჭერად საზღვარგარეთ.

ახლახან კრემლმა დამატებითი ნაბიჯები გადადგა ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის მოსასპობად. რუსეთის ხელისუფლებამ აკრძალა საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებელი Deutsche Welle და დახურა მისი ოფისი მოსკოვში.

რუსეთის სახელისუფლებო მედიამ დრო არ დაკარგა და მალევე გამოაცხადა, რომ Deutsche Welle ნატოს პროპაგანდის წყაროს წარმოადგენდა, რასაც მოყვა უფრო ფართო ძალისხმევა: გაავლეს მცდარი პარალელები და ერთმანეთს შეადარეს კარგი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო მედიასაშუალება, Deutsche Welle და RT DE.

რუსეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიის მედიამარეგულირებელმა რუსულ სახელისუფლებო მაუწყებელს, RT DE-ს გერმანიაში მაუწყებლობა აუკრძალა შესაბამისი ლიცენზიის არქონის გამო. ამისგან განსხვავებით, Deutsche Welle-ს რუსეთში მუშაობისთვის აუცილებელი ყველა ლიცენზია და დოკუმენტი ჰქონდა.

Deutsche Welle-ს აკრძალვამდე რუსეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთი განკარგულება გამოსცა და რამდენიმე მედიასაშუალებას ადრე გამოქვეყნებული სიუჟეტების წაშლა მოსთხოვა. ეს სიუჟეტები ალექსეი ნავალნის გუნდის მიერ ჩატარებულ ანტიკორუფციულ გამოძიებებს ეხება. 2021 წლის დეკემბერში რუსული სასამართლოს გადაწყვეტილებით, OVD-Info-ს ვებსაიტზე წვდომა შეიზღუდა. OVD-Info დამოუკიდებელი მედიასაშუალება და ადამიანის უფლებათა დაცვის პროექტია. ეს რამდენიმე უახლესი ნიმუში ნათლად გვიჩვენებს რუსეთში მედიის თავისუფლებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების სისტემატურ შეზღუდვას.

მსგავსი დეზინფორმაციის შემთხვევები

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    %s

      გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

      ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      [recaptcha]

        Subscribe to the Disinfo Review

        Your weekly update on pro-Kremlin disinformation

        Data Protection Information *

        The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.

        🎵 Playlist